
აღწერა. აცეტონემია Acetonemia, მაღალპროდუქტიული ფურების და მაკე ცხვრების ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ნივთიერების ცვლის ღრმა მოშლით, აციდოზით, სისხლსა და ქსოვილებში კეტონის სხეულების დაგროვებით და ამოსუნთქულ ჰაერთან, შარდთან და რძესთან აცეტონის გამოყოფა. აცეტონემია, განსაკუთრებით, ახალგაზრდა (4-9 წლის) ფურებში, ხბოს მოგებიდან პირველი 20-40 დღის შემდეგ ვლინდება, ზოგჯერ გვიან ვადებში და იშვიათად 5-15 დღით ადრე მოგებამდე. გავრცელების პიკი ლაქტაციის პირველი 2 კვირა გახლავთ. აცეტონემია ჩნდება სპორადულად ან მასობრივად ბაგური შენახვის პერიოდში და არასაკმარისი მოციონის დროს და ხშირად იწვევს საუკეთესო მეწველი ფურების ნაადრევ გამოწუნებას ან დაღუპვას. აცეტონემია, ყველა ასაკის ცხოველს შეიძლება დაემართოს და არც გენეტიკური წინასწარგანწყობა არ ახასიათებს მას.
ეტიოლოგია. დაავადებას ხელს უწყობს: ცილებითა და ცხიმებით მდიდარი საკვების უხვი რაოდენობა და ნაკლები რაოდენობა ადვილად მოსანელებელი, ნახშირწყლებით მდიდარი საკვებისა, ხანგრძლივი ბაგური შენახვა, არასაკმარისი მოციონი, ღვიძლის დაავადებები და საჭლის მონელების აშლილობა.
სიმპტომები. ცხოველი ეყრდნობა უკანა ნაწილს, თავი ჩამოგდებული აქვს და თვალები ნახევრად დახუჭული, ამოსუნთქულ ჰაერს აცეტონის მწვავე სუნი აქვს, საჭმლის მონელების ფუნქცია ირღვევა, მადა ქვეითდება, ზოგჯერ კი გაუკუღმართებულია (ჭამენ დაბინძურებულ ქვეშსაფენს, ლოკავენ კედლებს და სხვა), ყაბზობა, რომელიც ზოგჯერ იცვლება ფაღარათით. ფეკალური მასას აქვს მყრალი სუნი. რძის სეკრეცია მკვეთრად მცირდება, რძე ქაფდება, აქს მწარე გემო და აცეტონის სუნი. რძე საკვებად უვარგისია. სიმძიმის მიხედვით მიმდინარეობა შეიძლება იყოს მსუბუქი (ცხოველი ჯანსაღდებიან 5-10 დღეში) და მძიმე ( გრძელდება 2-3 თვეს), მთავრდება ლეტალური გამოსავლით ან ავადმყოფი ფურების გამოწუნებით.
დიაგნოზი. ეფუძნება კლინიკურ ნიშნებს, ანამნეზის მონაცემებს, რისკ ფაქტორებსა (ლაქტაციის პერიოდის დასაწყისში) და კეტონური სხეულების არსებობას ამოსუნთქულ ჰაერში, შარდში, სისხლსა და რძეში, სპეციალური ლაბორატორიული გამოკლევა (ყველაზე ხელსაყრელი ტესტი ამდროს გახლავთ აცეტოაცეტატისა და აცეტონის აღმოჩენა რძესა და შარდში).
დიფერენციალური დიაგნოზი. საჭიროა გამოითიშოს: წინაკუჭების ატონია, პუერპერალური ჰემოგლობინემია, სამშობიარო პარეზი, ლოკვა, ოსტეომალაცია, თავის ტვინის ანემია.
მკურნალობა. აცეტონემიის მკურნალობა მიზნად ისახავს სისხლში შაქრის დარეგულირებას და შრატში კეტონური სხეულების შემცირებას. ეფექტურია: Bolus IV -ს 500მლ 50 %იანი დექსტროზის ხსნარი, პროპილენ გლიკოლი პერორალურად 250-400გ. დღეში ერთხელ, ინსულინის პრეპარატი 150-200 მგ, დღეში, აუცილებელია ცხოველს პარალელურად მიეცეს გლუკოზა ან გლუკოკორტიკოიდები.
პროფილაქტიკა. აუცილებელია დაბალანსებული ნორმირებული კვება და მოციონი/მოძრაობა.
შემდგენელი: ანა ბოკუჩავა
ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
-
ბოსტნეულის თესლის გაღივება - მნიშვნელობა და წესები 17.01.2019 4313 ნახვა
-
ვაზის მავნებლები – ყურძნის ჭია 04.07.2019 6487 ნახვა
-
კომბოსტოს ჭურჭლოვანი ბაქტერიოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები 18.01.2019 2337 ნახვა