ომბალო – მოვლა-მოყვანის აგროწესები
15 / 11 / 2018

ბოტანიკური აღწერილობა და დანიშნულება. ომბალო (ლათ. Mentha pulegium) ტუჩოსანთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლიანი მცენარეა. მისი სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები. საქართველოში იგი ველურად ბევრგანაა გავრცელებული.

ომბალოს ღერო ორწახნაგოვანია, აღმამდგომი ან მიწაზე გართხმული. ღეროზე ფოთლები ერთმანეთის პირისპირაა განლაგებული.

ფოთოლი მარტივია, მომრგვალო ან მოგრძო-ოვალური, ფერად მუქი-მწვანეა. მას ახასიათებს სასიამოვნო არომატი.

ყვავილი შესაძლებელია იყოს მოვარდისფრო-მოიისფრო, ან თეთრი ფერის.

ომბალო ფართოდ გამოიყენება საკვებ პროდუქტების საკაზმ-სანელებლად, კვების ინდუსტრიაში, კოსმეტიკაში, ფიტოთერაპიასა და არომათერაპიაში.

მოვლა-მოყვანის აგროწესები

ნიადაგის შერჩევა-მომზადება. ომბალოსათვის იდელურია კარგად განათებული, ფხვიერი სტრუქტურის ტენით უზრუნველყოფილი შავმიწა ნიადაგები.

ომბალოს წარმოებისათვის განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან ადრე გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს.

გაზაფხულზევე ხდება მზრალის დარგვისწინა დამუშავება. დარგვამდე ტარდება 2 კულტივაცია 8-10 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. თუ ნიადაგი მძიმეა, მზრალი უნდა გადაიხნას 15-16 სმ სიღრმეზე და დაიფარცხოს 2-3 ჯერ და გაკეთდეს ბაძოები.

ომბალო მრავლდება ვეგეტატიურად – ბუჩქის დაყოფით, ეს ხდება 3-5 ფოთლის ფაზაში და ასევე თესლის თესვით.

თესლით თესვა შესაძლებელია როგორც პირდაპირ ღია გრუნტში, ასევე შეიძლება ჩითილის გამოყვანა და შემდგომ მისი გადარგვა ღია გრუნტში.

როგორც თესვას, ასევე ბუჩქების დაყოფას და დარგვას აწარმოებენ გაზაფხულზე (აპრილ-მაისში) და აგვისტოში.

ომბალოს შემდგომი მოვლა ძირითადად გულისხმობს საჭიროების მიხედვით ნიადაგის გაფხვიერებას და მორწყვას. ასევე, მწვანე მასის რაოდენობის გაზრდის მიზნით რეკომენდებულია გასხვლა ადრე გაზაფხულზე, რის შედეგადაც ომბალო უკეთ დაიბუჩქება.

ომბალოს პლანტაციის განახლება საჭიროა ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ.

მოსავლის აღება-შენახვა

ომბლოს მოსავალს დარგვის პირველივე წლიდანვე იღებენ. მოსავლის აღება წარმოების ყვავილობის დაწყების წინ. სწორედ ამ პერიოდში შეიცავს ომბალოს ფოთლები ყველაზე დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს. აღებულ ფოთლებს შლიან ჩრდილში და აშრობენ. ომბალოს ფოთლები ასევე გამოიყენება ნედლი სახითაც.

მსგავსი სიახლეები