ფრინველის ასკარიდიოზი - სიმპტომები, მკურნალობა, პროფილაქტიკა
15 / 01 / 2019

გამომწვევი. ასკარიდიოზის (Ascaridiosis) დაავადების გამომწვევია მოყვითალო-მოთეთრო ფერის მსხვილი (3-12 სმ-ის სიგრძის), მრგვალი ჭია -  ნემატოდა, Askaridia galli-ს ოჯახიდან. გავრცელებულია ყველგან. ავადდება შინაური ფრინველი: ქათამი, იხვი, ბატი, ინდაური და სხვა 2-10 თვის ასაკში. პარაზიტობს და აზიანებს წვრილ ნაწლავებში, ზოგჯერ იწვევს სანათურის დაცობას და ძლიერ ინტოქსიკაციას.

ეტიოლოგია. ასკარიდას კვერცხი გარემოში ხვდება დაავადებული ფრინველის ფეკალთან ერთად. ახლადგამოყოფილი კვერცხი არ არის საშიში, ინვაზიურობას წარმოადგენს გამოჩეკილი ლავრები. მათი გამოჩეკვისთვის საჭიროა ტემპერატირა 13-40 გრადუსამდე და ნესტიანი გარემო. ასკარიდას კვერცხებზე დამღუპველად მოქმედებს მზის პირდაპირი სხივები. დაბალ ტემპერატურაზე კვერცხის სიცოცხლისუნარიანობა ნარჩუნდება. ფრინველი ავადდება ინვაზიური კვერცხის გადაყლაპვით საკვებთან, წყალთან და წვიმის ჭიებთან (რეზერვუარული მასპინძელი) ერთად. კვერცხი ინვაზიურ სტადიას აღწევს 7-14 დღეში. ასკარიდების სასიცოცხლო ციკლი 1 წლამდე გრძელდება. ზრდასრული ფრინველი - ინვაზიის მტარებელია. დაავდების გავრცელებას ხელს უწყობს: ფრინველის შენახვის სანიტრული ნორმების დარღვევა.

დაავადების სიმპტომები. დაავადებას ახასიათებს: გამოფიტულობა, ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენა, ანემიურობა, უმოძრაობა მობუზულობა, ჩამოყრილი ფრთები, დიარეა, ნისკარტიდან სქელი ლორწოს გამოყოფა.

დიაგნოზი.  ადგენენ კლინიკური ნიშნებისა და ჰელმინთოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე, ეპიზოოტოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით.

მკურნალობა. პიპერაზინი საკვებთან ერთად, დოზა: ქათამს 0.5;  წიწილას 0.3 (ორი დღის განმავლობაში); ტეტრამიზოლი 0,04 გ/კგ (ორი დღის განმავლობაში) და სხვა. ინდივიდუალური დამუშავებისათვის გამოიყენება ოთხქლორიანი ნახშირბადი.

პროფილაქტიკა. დეჰელმინთიზაცია. ფრინველის გალიებში შენახვა. წიწილების იზოლირებული გამოზრდა.

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

 

მსგავსი სიახლეები