ჩაი - პლანტაციის გაშენება, სხვლა-ფორმირება, ნიადაგის განოყიერება
15 / 01 / 2019

ნიადაგის მომზადება. პლანტაციების გასაშენებლად გამოყოფილ ფართობზე აწარმოებენ ნიადაგის ზედაპირის მოშანდაკებას, ნიადაგის 25-30 სმ. სიღრმეზე პირველად დამუშავებას და წინამორბედი კულტურა-მელიორანტების თესვას. 2-3 წლის შემდეგ იგივე ნიადაგს ხნავენ 45-50სმ. სიღრმეზე. ფერდობ ადგილებზე ნიადაგის Hამორეცხვის წინააღმდეგ აწყობენ წყალამრიდ ტერასებს და ქარსაფარ
ზოლებს. წინასწარ ჩატარებული ქიმიური ანალიზების შედეგების შესაბამისად შეაქვთ მინერალური და ორგანული სასუქები.

პლანტაციის გაშენება. ჩაის გაშენება შესაძლებელია თესლითა და სელექციური ჯიშებისა და კლონების ვეგეტატიური წესით გამრავლებული ნერგებით. ვაკე და დაქანებულ ფერდობებზე ჩაის გაშენება ხდება ზოლებრივი შპალერული წესით. შპალერებს შორის დაცილება სამექანიზაციო ფართობებზე 1,75:2,05მ-ით, ფერდობებზე რიგთაშორის მანძილი 1,5:1,25მ, მწკრივებში ბუდნებს შორის მანძილი 35-40სმ-ია. 1ჰა-ზე საჭიროა 150-200 კგ. თესლი, ნერგებით გაშენების შემთხვევაში კი 13-14 ათასი. ჩაის აშენებენ შემოდგომაზე (ოქტომბერი-ნოემბერი) და გაზაფხულზე (მარტი-აპრილი). პლანტაციების მოვლა მოიცავს გამარგვლას, რიგთაშორისების გაფხვიერებას, მეჩხერიანობის ლიკვიდაციას, ტენით რეგულირებას, საკვები ელემენტებით უზრუნველყოფას, მექანიკური დაზიანებისაგან პლანტაციების შემოღობვას.

ტენით უზრუნველყოფა. ნიადაგის და ჰაერის ტენის ნაკლებობა აჩერებს ზრდის პროცესებს, აუხეშებს ყლორტებს, წარმოქმნის ყრუ დუყებს. ჩაი ყოველთვიურად მოითხოვს 100 მმ. ნალექს. მისი ნორმალური ზრდა განვითარებისათვის აუცილებელია სავეგეტაციო პერიოდში ნიადაგის ტენიანობის 75-85%-ის ფარგლებში შენარჩუნება.

ნიადაგის განოყიერებაახალგაშენებულ პლანტაციაში კარგ შედეგს იძლევა პარკოსანი სიდერატების თესვა რიგთაშორისებში, ნიადაგში ჩაკეთებით. გარდა ამისა, აუცილებელია ორგანული სასუქის შეტანა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ 80-100 ტონა 1 ჰა-ზე.

რაც შეეხება მინერალურ სასუქებს, მათი ზუსტი დოზების განსაზღვრა საჭიროა მოხდეს ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე. საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა პლანტაციაში შეტანილი იქნას 150-200 კგ. აზოტი, 100-150 კგ. ფოსფორი და 100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები). აქედან აზოტის შეტანა საჭიროა წილადობრივად  – მთლიანი შესატანი დოზის 60% მარტი-აპრილის პერიოდში და 40% ივნისი-ივლისის განმავლობაში. ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანა კი უნდა განხორციელდეს ნიადაგის საშემოდგომო-საზამთრო დამუშავებისას.

გასხვლა. პლანტაციის გაშენებიდან მე-2-3 წელს იწყებენ ჩაის მცენარის გასხვლა-ფორმირებას. თესლით გაშენებულ პლანტაციაში პირველ გასხვლას ატარებენ ფესვის ყელიდან 10-15სმ. სიმაღლეზე, მეორე წელს — 30-35 სმ. სიმაღლეზე. ვეგეტაციურად გამრავლებული ნერგებით გაშენებულ პლანტაციაში პირველი გასხვლა ტარდება 20-22 სმ. სიმაღლეზე, მეორე გასხვლა
— 40-45 სმ. სიმაღლეზე. სრულ ასაკოვან პლანტაციებში ყოველწლიურად ტარდება შპალერული გასხვლა. ხანდაზმული ბუჩქებისათვის აუცილებელია მძიმე, ნახევრადმძიმე და ფესვის ყელზე ბუჩქების გასხვლა-გაახალგაზრდავება.

მოსავლის აღება-შენახვა

  • ფოთლის კრეფა აპრილ-მაისში, 5-6-ფოთლიან ყლორტებზე წარმოებს, იკრიფება 3-4 ფოთლიანი ნაზი დუყი.
  • ივნისში დუყების კრეფა 4 და 5-ფოთლიან ნორმალურ ყლორტებზე წარმოებს, იკრიფება 3-4 ფოთლიანი ნაზი დუყი.
  • ივლისიდან სეზონის ბოლომდე 3-4-ფოთლიან ნორმალურ და „ყრუ ყლორტებზე“ იკრიფება 3-4 ფოთლიანი დუყები.
  • სეზონის განმავლობაში შესაძლებელია კრეფა ჩატარდეს 12-14-ჯერ.
  • კრეფა წარმოებს ხელით და მექანიკური წესის გამოყენებით.
  • სასურველია, რომ მოკრეფილი ნედლეული ინახებოდეს კარგად განიავებულ შენობაში, მოკრეფიდან 3-5 საათში კი მოხდეს მისი გადამუშავება.
მსგავსი სიახლეები