ღორის თურქული - სიმპტომები, მკურნალობა, პროფილაქტიკა
15 / 01 / 2019

თურქული (Aphtae Epizooticae) წვრილჩლიქიანი შინაური და გარეული ცხოველების მაღალკონტაგიოზური მწვავედ მიმდინარე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება დასწყისში მაღალი ტემპერატურით, პირის და ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე, გვირგვინას კანზე, ცურზე ბუშტუკების (აფტების), წყლურების და ეროზიების განვითარებით. ავადდებიან ნებისმიერ ასაკში, წლის ყველა დროში ყველაზე უფრო ხშირად - მსხვილი რქოსანი პირუტყვი, ღორი; ნაკლებად - წვრილი რქოსანი პირუტყვი; იშვიათად - კამეჩი და ძაღლი. მოზარდში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ავადდება ადამიანიც.

ეტიოლოგია. აღსანიშნავია რომ თურქულით ავადდება ადამიანიც. გამომწვევია რნმ-ის შემცველი Pikcornaviridae-ს ოჯახის  ვირუსი. ინფექციის წყაროა - ავადმყოფი და დაავადება მოხდილი ცხოველი. ვირუსი მოიპოვება სისხლში, ბუშტუკების შენაცავსა და კედლებში, ნერწყვში, შარდში, რძეში და გამოიყოფა გარემოში. მათი ორგანიზმიდან ვირუსის გამოყოფა ხდება 150 და მეტი დღის მანძილზე. ამთვისებელ ორგანიზმში ვირუსი ხვდება ძირითადად პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან  (საკვები, წყალი), სასუნთქი გზებიდან, ჩლიქებშორის არიდან, ცურის დვრილიდან. დაავადება მიმდინარეობს ეპიზოოტიის და პანზოოტის სახით. ვირუსი ხასიათდება მაღალი გამძლეობით გარემოში, დუღილის ტემპერატურაზე სწრაფად უვნებელდება.

დაავადების სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდია 24 საათიდან 6-7 დღემდე. დაავადება ვლინდება ტემპერატურის აწევით და მონაწველის მკვეთრი შემცირებით. ცხოველს უვითარდება უმადობა, არიან მოდუნებული, პირის ღრუდან გრძელ ძაფებად გადმოკიდული აქვთ წებოვანი ნერწყვი. კანის უბალნო ადგილზე, პირისა და ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ცურსა და ჩლიქთაშორის ნაპრალზე დიდი რაოდენობით წარმოიშობა ბუშტუკები, რომლებიც  შემდეგ სკდება და წარმოიშობა წითელი ფერის ეროზიები.

დიაგნოზი. დაავადების დიაგნოზს ადგენენ ეპიზოოტოლოგიური მონაცემებისა, კლინიკური ნიშნების და ლაბორატორიული გამოკლევის საფუძველზე.

დიფერენციალური დიაგნოზი. უნდა გამოითიშოს: სტომატიტი; ყვავილი; ჭირი; მრპ ვირუსული რინოტრაქეიტი და დიარეა, ავთვისებიანი კატარული ცხელება; ცვხვრის ჩლიქის სიდამპლე.

მკურნალობა. გამოიყენება თურქულის საწინააღმდეგო იმუნოლაქტონი, რეკონვალესცენტების ციტრირებული სისხლი, ჰიპერიმუნური შრატი და სვა. პირის ღრუს გამორეცხვა დღეში ორჯერ ფიზიოლოგიური ხსნარით, მუხის ქერქის 1% ნახარშით, ფურაცილინის 1:5000 განზავებული ხსნარით, იოზეფის 10% ხსნარით. ჩლიქთაშუა სივრცე და ჩლიქის გვირგვინა კანზე დაზიანებულ არეს ამუშავებენ კრეოლინის თბილი ხსნარით და არყის ხის კუპრით. ცურზე აფტებს მორეცხავენ მუხის ქერქის ნახარშის 1% ხსნარით და წაუსვავენ ბორის მჟავიან ვაზელინს.

პოფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები. პროფილაქტიკის მიზნით ატარებენ აცრებს, იმუნიტეტი გრძელდება 4-6 თვე. თურქულის გაჩენის შემთხვევასი ცხადდება კარანტინი, იკრძალება ხორცისა და არაპასტერიზებული/ აუდუხებული რძის გატანა. ყოველდღიურად კეთდება დეზინფექცია 2% გაცხელებული ნატრიუმის ტუტის, 1% ფორმალინის, ქლორიანი კირის, 10% ცხელი ნაცართუთქის ხსნარებით.

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები