ღორის აფრიკული ჭირი - სიმპტომები, მკურნალობა, პროფილაქტიკა
15 / 01 / 2019

ძლიერ კონტაგიოზური მწვავედ მიმდინარე სისტემური ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ციებ-ცხელებით, შინაგან ორგანოებში მრავლობითი ჰემორაგიით, კანის ციანოზით და მაღალი ლეტალობით. ავადდება ყველა ასაკის შინაური და გარეული ღორი. აღინიშნება წლის ყველა დროს, მაგრამ უფრო ფართოდ იგი რეგისტრირდება ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში. ავადობა და ლეტალობა 98-100%. საქართველოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2007 წლის მაისში და მოედო მთელს ქვეყანას.

ეტიოლოგია. აღმძვრელი - დნმ-ის შემცველი Jridoviridae-s ოჯახის arbovirus-iა, რომელიც გროვდება დასნებოვნებული ცხოველის ყველა ქსოვილში, სეკრეტში და ექსკრეტში, მაქსიმალური კონცენტრაციით კი - სისხლში. ვირუსი გამძლეა გარემო არეში. კუნთოვან ქსოვილში და ძვლის ტვინში შენარჩუნდება 188 დღე, ლეშში 90 დღეზე მეტი, ნიადაგში ზაფხულში _ 112 დღემდე და 190 დღე ზამთარში, ტბის წყალში - 175 დღემდე. ვირუსი 600C ინაქტივირდება 30 წუთის შემდეგ. 5%-იანი ქლორამინის, 1-2% აქტიური ქლორის შემცველი ხსნარები ვირუსს კლავს 4 საათში. ინფექციის აღმძვრელის წყაროა ავადმყოფი და დაავადებამოხდილი ცხოველი. ცალკეულ ცხოველში ვირუსმატარებლობა გრძელდება 2 წლამდე. ცხოველის დასნებოვნება ხდება ალიმენტური, აეროგენული გზით, დაზიანებული კანით და დასნებოვნებული ტკიპის კბენით.

დაავადების სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდის 2-დან 22 დღემდე. არჩევენ ზემწვავე, მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკულ მიმდინარეობას და ლატენტურ ფორმას.

კლინიკური ნიშნებიდან მხედველობაში მიიღება: მუდმივი ციებ-ცხელება (40,5-42,5°C) 3-6 დღის განმავლობაში, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე 37-25°C-მდე ქვეითდება; მოდუნება, ჰემოდინამიკის დარღვევა, ყურების, მუცლის კანის გალურჯება, დიარეა (ზოგჯერ სისხლიანი), პირისა და ცხვირის ღრუდან სისხლიანი გამონადენი. კანზე აღინიშნება ერითემა, ლაქები, განსაკუთრებით ყურის, დინგის, ყბისქვეშა მიდამოს, გულმკერდის, კიდურების, მუცლის ვენტრალურ კედელზე და კუდის არეში. ცხოველი კვდება 2-6 დღეში.

დიაგნოზი. დაავადების დიაგნოზი ისმება ეპიზოოტიური მონაცემების, კლინიკური ნიშნების, პათოლოგო-ანატომიური ცვლილებების და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე.

დიფერენციული დიაგნოზი. ღორის კლასიკური ჭირი, წითელი ქარი, პასტერელოზი და სალმონელოზი.

მკურნალობა. არ არის დამუშავებული და აკრძალულია.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები. მთავარი ამოცანაა _ ქვეყანაში აფრიკული ჭირის აღმძვრელის შეტანის თავიდან აცილება. დიაგნოზის დადგენისას ცხადდება და წესდება კარანტინი. ეპიზოოტიურ კერაში მყოფი ყველა ღორი ისპობა უსისხლო მეთოდით. დაკლული და მკვდარი ღორის ლეში, ნაკელი, საკვების ანარჩენი, ტარა, ნაკლებღირებული ინვენტარი, ხის იატაკი, საკვებური და სხვა იწვება ადგილზე. იკრძალება იმპორტ/ექსპორტი ღორის ხორცისა და სხვა პროდუქტის.

სანიტარული ღონისძიებები. ტარდება სადგომის და სხვა ადგილების 3-ჯერადი დეზინფექცია: ფორმალინის ხსნარი 1,5% _ ფორმალდეჰიდის შემცველობით, 1,5%-იანი _ პარაფორმის ხსნარი (დამზადებული 0,5%-იანი მწვავე ნატრიუმის ხსნარზე), 5%-იან ქლორამინის ხსნარი, 1,5%-იანი ნატრიუმის ჰიპოქლორიდის ხსნარი და სხვა.

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები