ხორბლის მოსავლის აღება-შენახვის წესები
15 / 01 / 2019

მოსავლის აღება სეზონური საქმეა და მისი გაჭიანურება ყოვლად დაუშვებელია. ამას შეიძლება მოჰყვეს მნიშვნელოვანი და ზოგჯერ გამოუსწორებელი ზარალიც. ამ სამუშაოების ძირითადი ამოცანაა ბიოლოგიური მოსავლის რაც შეიძლება სრულად აღება და დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ წინასწარ გულმოდგინედ იქნება დადგენილი მარცვლის მოსავლის აღების დრო მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში.

ხორბლის აღების დაგვიანება იწვევს არა მარტო მოსავლის შემცირებას, არამედ მარცვლის ხარისხის გაუარესებასაც. მოსავლის აღების დაგვიანებისას დანაკარგები ძირითადად მექანიკური ხასიათისაა (მარცვლის ცვენადობა). გარდა ასეთი დანაკარგებისა, ადგილი აქვს ფიზიოლოგიური ხასიათის დანაკარგებსაც, რაც დაკავშირებულია მარცვალში დაგროვილი მშრალი ნივთიერებების შემცირებასთან. ამავე დროს, მარცვალში მშრალი ნივთიერებების დაკარგვა ხდება საკვები ნივთიერებების მარცვლიდან ჩალასა და ფესვებში გადინების გზით, რაც ხდება მარცვლის სიმწიფის ადრეულ პერიოდში.
გამოკვლევებით და პრაქტიკით დადასტურებულია, რომ აღება უნდა ჩატარდეს იმ ვადებში, როცა ფორმირებულია ყველაზე მაღალი მოსავალი. ეს პერიოდი ემთხვევა მარცვლის სანთლისებური სიმწიფის ფაზის და სრული სიმწიფის ფაზის დასაწყის. ამ ვადებიდან ყოველმხრივი გადახრა, რა მიზეზითაც არ უნდა მოხდეს ეს, აუცილებლად იწვევს მოსავლის გარკვეული ნაწილის დანაკარგს და მარცვლის ხარისხის გაუარესებას.

მნიშვნელოვანია ხორბლის მოსავლის აღების დაწყების ვადის განსაზღვრა. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ მარცვლის მომწიფების არაერთდროულობა. ერთსა და იმავე მცენარეზე მარცვალი ჯერ მთავარ ღეროზე მწიფდება, ხოლო შემდეგ გვერდით ნაბარტყებზე.

თავთავში პირველად მწიფდება მის შუა ნაწილში განვითარებული მარცვლები, თავთუნში კი ჯერ მწიფდება ქვედა მარცვლები, ხოლო შემდეგ – ზედა.

ხორბლის მოსავლის აღება იწყება მარცვლის სანთლისებური სიმწიფის ბოლო პერიოდში. უფრო მოგვიანებით აღებას თან ახლავს დანაკარგები. ზოგიერთ ჯიშებზე დანაკარგი 30-35%-საც აღწევს. მოსავლის აღების პეროიდში მარცლის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 16-17%, წინააღმდეგ შემთხვევასი კომბაინით გამოლეწვა გაძნელდება და მარცვლის დანაკარგი გაიზრდება.

მცენარის მოჭრის სიმაღლე დამოკიდებულია ყანის მდგომარეობაზე. მშრალ ადგილებში მცენარე იჭრება 15-20 სმ სიმაღლეზე.

გამოლეწილი მარცვალი გადაიტანება კალოზე – ღია ფარდულის ქვეშ, სადაც ხდება მარცვლის საბოლოო გაშრობა ისე, რომ მარცვლის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 13-14%-ს. მარცვალი გაიწმინდება სათანადო მანქანით და დახარისხდება.

მსგავსი სიახლეები