ზამთრის მზომელა - აღწერილობა და ბრძოლის ღონისძიებები
17 / 01 / 2019

გავრცელება და აგებულება. ზამთრის მზომელა ლათ. (Operophthera brumata L.) საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

მავნებლის ზრდასრული მატლის სიგრძე დაახლოებით 2 სმ-ს შეადგენს. იგი მწვანე ფერისაა, გვერდებზე სამი თეთრი ზოლი გასდევს, ზურგზე კი ერთი მუქი ფერის ხაზი.
მამალი პეპელას სხეულის სიგრძე გაშლილი ფრთებით 20-30 მმ-მდეა. აქვს მოკლე ძაფისებრი ულვაშები. მუქი-მოყვითალო ფერის წინა ფრთებზე ახასიათებს მუქი ფერის ტალღისებრი განივი ხაზები. უკანა ფრთები უფრო ღია ფერისაა.

დედალი პეპელას ფრთები ნახევრადაა განვითარებული. მისი უკანა ფრთები მურა-ნაცრისფერია, გასდევს ორი განივი ზოლი. წინა ფრთები უფრო მურა ფერისაა, ახასიათებს ორი მუქი განივი ზოლი. მამალი პეპლისაგან განსხვავებით, დედლის ულვაშები უფრო გრძელია. ფეხები კარგადაა განვითარებული.

ბიოლოგია და დამოკიდებულება გარემო ფაქტორებთან. მავნებელი იზამთრებს კვერცხის ფაზაში. გამოზამთრება მიმდინარეობს აპრილის დამდეგიდან მის შუა რიცხვებამდე. ამ პერიოდში ხდება მატლების გამოჩეკა, რომლებიც ახლადგაშლილი ფოთლებით იკვებებიან. მატლები ზრდა-განვითარებას ასრულებენ ივნისში, აბლაბუდის ძაფით ეშვებიან მიწაზე და იჭუპრებენ. ჭუპრის ფაზის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 თვეს შეადგენს. ჭუპრებიდან პეპლების გამოსვლა სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. კოპულაციის შემდეგ, რომელიც ხეების ღეროებსა და ტოტებზე მიმდინარეობს, პეპელა იწყებს კვერცხის დებას. კვერცხი იდება ხის ვარჯში, კვირტებთან ახლოს, როგორც ჯგუფურად, ასევე ერთეულების სახით. მავნებლის კვერცხის პროდუქცია 600-მდე ერთეულს შეადგენს.

ზამთრის მზომელას წელიწადში ერთი თაობა ახასიათებს.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. მავნებელი აზიანებს ხეხილის ბაღების კვირტებსა და ფოთლებს. კვირტები ნადგურდება და ხეები შიშვლდება.

მზაღო ლობჟანიძე 

სრული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი

მსგავსი სიახლეები