ფეიჰოა - პლანტაციის მოვლის აგროწესები
17 / 01 / 2019

ნიადაგის დამუშავება. ფეიჰოას პლანტაციაში რიგში მცენარეებს შორის ამუშავებენ ხელით, ხოლო რიგთაშორისებში კი ტარდება კულტივაცია.

პლანტაციის გაშენების მეორე წელს უნდა ჩატარდეს დაღუპული, ან მექანიკურად ძლიერ დაზიანებული მცენარეების ახლით შეცვლა იგივე ჯიშებით.

დარგვის მე-2-3 წელს მცენარის ირგვლივ 8-10 სმ. სიღრმეზე უნდა შემოიბაროს. აუცილებელია ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანა. მათი ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

გაშენების შემდეგ, პირველი 5 წლის განმავლობაში პლანტაციებში ითესება შემოდგომა-ზამთრის ან ზაფხულის სიდერატები, თესვა წარმოებს მცენარის შტამბიდან 60-70 სმ-ის დაშორებით. სასურველია სიდერატების ნიადაგში ჩახვნა-ჩაკეთება რაც აუმჯობესებს მცენარეთა კვების რეჟიმს.

მორწყვა. ფეიჰოა ვერ იტანს ზაფხულის გახანგძლივებულ ნალექებსა და მაღალ შეფარდებით ტენიანობას, განსაკუთრებით ყვავილობის პროცესში. იგი საკმაოდ გვალვაგამძლე მცენარეა, მაგრამ იმ რაიონებში სადაც ნალექები 300მმ. ნაკლებია, აუცილებელია მორწყვა, საშუალოდ 3-4-ჯერ სეზონის განმავლობაში. მორწყვის ნორმა 1 ჰა-ზე არის 400-500 კუბ./მ.

ვარჯის მოვლამცენარის ტოტები ძალზე მტვრევადია. ამიტომ მცირეოდენი მექანიკური დაწოლა იწვევს ახალგაზრდა ღერო-ტოტების დაზიანებას. დაზიანება კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება დიდთოვლიანობის შემთხვევებში. ამისათვის 6-7 წლის ასაკამდე საჭიროა ახალგაზრდა ნარგაობის ვარჯის შეკვრა 3-4 ადგილას რბილი სახვევით. ზრდასრულ პლანტაციებში დიდთოვლიანობის შემთხვევაში აუცილებელია ნარგაობის თოვლისაგან დაბერტყვა.

ნიადაგის განოყიერება. ფეიჰოას პლანტაციაში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით. საორიენტაციო გამოკვების სქემა ასეთია: მსხმოიარე ნარგაობაში ორგანული სასუქებიდან შეაქვთ ნაკელი და ტორფკომპოსტი 20-40კგ/ხე. ასევე შეიტანება ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების ნარევი.

მინერალური სასუქების შეტანის საორიენტაციო დოზებია:

1-დან 3 წლამდე ასაკის პლანტაციაში:

  • აზოტი N: 130 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
  • ფოსფორი P: 600 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
  • კალიუმი K: 50 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).

 4-5 წლის პლანტაციაში:

  • აზოტი N: 260 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
  • ფოსფორი P: 600 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
  • კალიუმი K: 100 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).

6-10 წლის პლანტაციაში:

  • აზოტი N: 450 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
  • ფოსფორი P: 1000 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
  • კალიუმი K: 200 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).

 სრულმსხმოიარე პლანტაციაში:

  • აზოტი N: 250 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
  • ფოსფორი P: 1250 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
  • კალიუმი K: 300 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).

შეტანის ვადები. აზოტიანი სასუქები შეაქვთ ორ ვადაში: მთლიანი რაოდენობის 60% გაზაფხულზე გადაბარვისთანავე, ხოლო დარჩენილი 40% კი ყვავილობის შემდეგ, არაუგვიანეს 10-15 ივლისისა.

მოსავლის აღება-შენახვა. ფეიჰოას პლანტაცია მსხმოიარობაში შედის გაშენების მეოთხე-მეხუთე წელს. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში და მომწფებისთანავე იწყებს ჩამოცვენას, ამიტომ ნაყოფის შეგროვება პერიოდულად ხდება. მოკრეფილი და შეგროვებული ნაყოფები ხარისხდება. წვრილი ნაყოფები გამოიყენება გადამუშავებისათვის, რომელიც გამოიყენება როგორც ნედლი ასევე დაკონსერვებული სახით, მისგან ამზადებენ უმაღლესი ხარისხის მურაბას, ჯემს, ჟელეს, მარმელადს, უალკოჰოლო სასმელებს და ლიქიორებს. შედარებით მსხვილი მსხვილი ზომის ნაყოფებს ი აწყობენ 10-12 კგ. ზომის ყუთებში და აგზავნიან სარეალიზაციოდ.

ფეიჰოას ნაყოფი ვერ ეგუება ხანგრძლივ შენახვას. მოკრეფილ ნაყოფს შეიძლება  შეინახოს გრილ სარდაფებში 1-2°C ტემპერატურის პირობებში. სასურველია ნაყოფი შევინახოთ სამაცივრო მოწყობილებებში ფეიჰოას  შენახვის რეკომენდირებული პირობებია 0°C ტემპერატურა და 90 – 95% ფარდობითი ტენიანობა. შენახვის წინ სათანადოდ დამუშავებული ფეიჰოას  ნაყოფი შეიძლება შენახულ იქნას  4 კვირის განმავლობაში

მსგავსი სიახლეები