დეკორატიული კომბოსტო - თესვა, ჩითილის გამოყვანა, მოვლა
17 / 01 / 2019

უპირველესად ყოვლისა, აღსანიშნავია რომ მაღალი დეკორატიული ღირებულებებიდან და არახელსაყრელი პირობებისადმი გამძლეობიდან გამომდინარე მსოფლიოში საკმაოდ მაღალია მოთხოვნა კომბოსტოს აღნიშნულ სახეობაზე. შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს მისი სელექცია და სხვადასხვა ფერის ჯიშების/ჰიბრიდების მიღება. იგი ასევე გამოიყენება როგორც ადამიანის, ისე საქონლის საკვებად. ზოგგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვები კულტურაა. არსებობს ფოთლოვანი კომბოსტოს მრავალი ფორმა და ჯიში.

დეკორატიულ კომბოსტოს იყენებენ სხვადასხვა ყვავილების ბაღების გასაფორმებლად. ღია გრუნტის გარდა  გავრცელებულია მისი წარმოება და რეალიზაცია საყვავილე ქოთნებით.

ბოტანიკური აღწერილობა. დეკორატიული კომბოსტო (ლათ. Brassica acephala) ორწლიანი მცენარეა, კომბოსტოსებრთა ოჯახიდან. იგი იზრდება ერთ მეტრამდე აქვს მთავარღერძიანი ფესვთა სისტემა და მოკლე ღერო. მისი ფოთლები თეთრთავიანი კომბოსტოსგან განსხვავებით არ ჯგუფდება ღეროს (ე.წ. მურკის) გარშემო, ვითარდებიან როზეტისებრად და  აქვთ დიდი ყვავილის ფორმა. ქვედა ფოთლებს აქვთ ყუნწები, ხოლო ზედა ფოთლები კი მჯდომარეა. ფოთლის შეფერილობა სხვადასხვაა – იგი შესაძლებელია იყოს როგორც მოწითალო, იისფერი, ვარდისფერი, ასევე ფერადიც. ასევე აღსანიშნავია რომ ფოთლის შეფერილობა დროთა განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს. მცენარე ზაფხულის ბოლოს აღწევს განვითარების იმ სტადიაზე, როდესაც ხდება მისი დეკორატიული ღირებულებების სრული წარმოჩენა.

ოპტიმალური წინამორბედი კულტურები: მრავალწლიანი ბალახები, კარტოფილი, კიტრი, თავთავიანი, პარკოსანი კულტურები.

გადარგვის ადგილის და ნიადაგის შერჩევა. დეკორატიული კომბოსტოს გადარგვა უმჯობესია კარგად განათებულ, მზიან ადგილებში. მცენარე გამოირჩევა საკმაოდ დიდი გამძლეობით ცივი კლიმატისა და ყინვებისადმი. მცენარის ჩითილსაც კი შეუძლია დაუზიანებლად გადაიტანოს -5°C-მდე ტემპერატურის დაცემას. აქედან გამომდინარე იგი არ ზიანდება შემოდგომისა და გაზაფხულისათვის დამახასიათებელი ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობით. საინტერესოა რომ მცირეოდენი ყინვები პირიქით, დადებით ეფექტს იძლევა და აძლიერებს მცენარის ფოთლების ფერების სიმკვეთრეს. დეკორატიული კომბოსტო ხარობს დაჩრდილულ ადგილებშიც, თუმცა ასეთ შემთხვევაში კლებულობს მცენარის ზომები და შეფერილობის სიმკვეთრე. მისთვის ყველაზე ხელსაყრელია ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, ქვიშნარი და მცირედ თიხნარი ნიადაგები.

ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია დეკორატიული კომბოსტოსათვის არის 7,0-7,5-ის ფარგლებში.

ნიადაგის დამუშავება, მორწყვა და განოყიერება. დეკორატიული კომბოსტოსათვის განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს.

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა.

ამავე დროს აღსანიშნავია რომ მცენარეს ძირითადად დეკორატიული დანიშნულებით ამრავლებენ და შესაბამისად, იგი ნაკლებად იწარმოება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში.

მცენარე კარგად რეაგირებს მორწყვაზე და მინერალური/ორგანული სასუქებით ნიადაგის განოყიერებაზე. კარგ შედეგს იძლევა ზაფხულის დასაწყისში აზოტშემცველი სასუქების შეტანა წილადობრივად, დამატებითი გამოკვების სახით. შეტანა ხდება 4-5-ჯერ, 10-დღიანი ინტერვალებით. გვალვების შემთხვევაში აუცილებელია მორწყვა. ფოთლების გაფერადება იწყება ზაფხულის ბოლო პერიოდიდან.

როგორც ორგანული, ასევე მინერალური სასუქების ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

ჩითილების გამოყვანის და სათესლე მასალის მიღების წესები. როგორც წესი, დეკორატიული კომბოსტო მრავლდება ჩითილების საშუალებით. მარტის ბოლოს, წინასწარ დასველებულ სათესლე მასალას თესავენ სხვადასხვა ქოთნებსა და კასეტებში. ჩათესვის სიღრმეა 1 სმ. სასურველია თუ ჩათესვა მოხდება ტორფნეშომპალიან ქოთნებში. დათესვითანავე აუცილებელია მორწყვა. ხოლო შემდგომ პერიოდში კი საჭიროა ნიადაგი ინამებოდეს წყლით, მანამ, სანამ არ მივიღებთ 5 სმ. სიგრძემდე აღმონაცენს. შემდეგ მორწყვა უნდა იწარმოებოდეს ქოთანში არსებული ნიადაგის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამავე პერიოდში კარგ შედეგს იძლევა ჩითილის გამოკვება კომპლექსური მინერალური სასუქებით. ჩითილების ზრდა-განვითარებისათვის ჰაერის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 15°C. ასევე აუცილებელია კარგი განათების უზრუნველყოფა.

გადასარგავად გამოსადეგია არანაკლებ 35-40 დღის ჩითილები. ანუ ჩითილის გადარგვის პერიოდი დგება აღმოცენებიდან 35-40 დღის შემდეგ.

დეკორატიული კომბოსტოს გამრავლება შესაძლებელია ასევე პირდაპირ ღია გრუნტში თესვითაც. ამ შემთხვევაში იგი უნდა დაითესოს აპრილის ბოლოს და შესაძლოა საჭირო გახდეს ადგილზე მინი-სათბურების მოწყობა.

აღსანიშნავია რომ დეკორატიული კომბოსტოს ჩითილის მეთოდით წარმოება უფრო საიმედო მეთოდია, ვიდრე პირდაპირ ღია გრუნტში თესვა.

როგორც უკვე აღინიშნა, დეკორატიული კომბოსტო ორწლიანი მცენარეა. შესაბამისად, პირველ წელს იგი განივითარებს ფერად ფოთლებს, ხოლო მეორე წელს კი ყვავილობს და იძლევა თესლს. აქედან გამომდინარე, საკუთარი სათესლე მასალის წარმოების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა შემოდგომის ბოლოს მცენარე ფესვებიანად მოითხაროს, ფესვებზე შემოხვეული იქნას პოლიეთილენის პარკი და ამ სახით ჩამოიკიდოს ბნელ, კარგად განიავებად სათავსოში. ჩამოკიდებულ კომბოსტოს მიწისზედა ნაწილი უნდა მოექცეს ქვედა მხარეს. ანუ უნდა ჩამოიკიდოს პარკში შეხვეული ფესვებით მაღლა. მცენარე ამ მდგომარეობაში უნდა ინახებოდეს გაზაფხულამდე. შემდეგ კი გაზაფხულის დადგომისთანავე საჭიროა მისი გადარგვა ღია გრუნტში, სადაც იგი გააგრძელებს ვეგეტაციას. ზაფხულის პერიოდში მცენარე დაიწყებს ყვავილობას და შემოდგომით მოხდება თესლის მომწიფება. თესლი მწიფდება პარკებში (ჭოტებში) და აღსანიშნავია რომ იგი ჭოტში ინახება 5 წლის განმავლობაში. თესლი სხვადასხვა დროს მწიფდება, ამიტომ მომწიფების მიხედვით ის რამდენჯერმე უნდა ავიღოთ შერჩევით, წინააღმდეგ შემთხვევაში თესლი ჩაიბნევა და დაიკარგება. თესლის აღება უნდა დავიწყოთ მაშინ, როცა საყვავილე ღეროზე ჭოტები (პარკები) მასობრივად ჩამწიფდება. პირველად ვჭრით მომწიფებული ყვავილედების ღეროებს და ასე თანდათანობით დანარჩენს. მოჭრილი ღეროები კარგად უნდა შევკრათ და ფარდულში ჩამოვკიდოთ ან კალოზე გავშალოთ გასაშრობად.

მსგავსი სიახლეები