ვაშლის ჟანგა – სიმპტომები და პროფილაქტიკა
17 / 01 / 2019

გამომწვევი სოკო – Gymnosporangium juniperinum (L.) Mart.

ჟანგას გამომწვევი უმთავრესად იზამთრებს ღვიას ჩამოცვენილ წიწვებსა ტოტებში და დაავადებულ მცენარეულ ნარჩენებში. გაზაფხულზე კი მისი გავრცელება ხდება ქარის, მწერებისა და ფრინველების საშუალებით.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 17-21°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 85%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. დაავადება აზიანებს ვაშლის ტოტებს, ფოთლებს და ნაყოფებს. დაავადებულ ორგანოებზე ჩნდება ქვედა მხარეს ძაფისებრი გამონაზარდების მქონე ჟანგისფერი ლაქები. დაავადებული ფოთლები ნაადრევად ცვივა ხოლო ტოტებზე კი იშლება მერქანი და ჩნდება კიბოსებრი წარმონაქმნები. ნაყოფი შედარებით იშვიათად ავადდება. დაზიანების შემთხვევაში ნაყოფზე ჩნდება მონარინჯისფრო, ოდნავ ამოზნექილი ლაქები. ძლიერ დაზიანებული ნაყოფი წყვეტს ზრდას, განიცდის დეფორმაციას და ცვივა.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ღვიას, როგორც დაავადების გამომწვევი სოკოს პატრონ-მცენარის მოცილება ნაკვეთებიდან.
  • ნიადაგის და მცენარეთა მოვლითი ღონისძიებების (სარეველებისაგან გაწმენდა, გასხვლა) დროული და ხარისხიანი განხორციელება.
  • კულტურის დაავადებული ტოტების და ყლორტების მოცილება გაზაფხულის პერიოდშივე, რათა არ მოხდეს დაავადების შემდგომი გავრცელება.

ქიმიური კონტროლი. ჟანგას გავრცელების წინააღმდეგ, კულტურის ვეგეტაციის განსაზღვრულ ეტაპებზე, წამლობისათვის შესაძლოა გამოყენებული იქნას 1%-იანი ბორდოს ხსნარი. ასევე სპილენძის ჰიდროქსიდის, მეთირამი+ სპილენძის ჰიდროქსიდის კომბინაციის შემცველი და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.

მსგავსი სიახლეები