ნუშის ბაღის მოვლის აგროწესები
17 / 01 / 2019

ნიადაგის დამუშავება. ნუშის ბაღში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება. თავდაპირველად, ახალგაზრდა ხეხილის ბაღში ე.წ. „შავი ანეული“ არის ნიადაგის მოვლის ყველაზე რეკომენდირებული წესი. ამ დროს შემოდგომაზე ბაღში შეაქვთ ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების რეკომენდირებული ნორმები და ხდება ბაღის მოხვნა. ვეგეტაციის პერიოდში კი ჩატარდება 4-5-ჯერადი კულტივაცია. ასეთ მდგომარეობაში ნიადაგი შესაძლებელია იყოს 6-8 წლის მანძილზე, შემდეგ კი აუცილებელია ბაღში ნიადაგის ხანმოკლე დაკორდება, მრავალწლიანი ბალახებით. ამ მიზნისათვის საუკეთესო ვარიანტია სიდერატების (მწვანე სასუქი) თესვა. სიდერატებად გამოიყენება ბარდა, ხანჭკოლა, ცულისპირა, ცერცვი, სოია. მათი თესვა ხდება შემოდგომაზე, ჩახვნა კი გაზაფხულზე ყვავილებისა და პარკების ფორმირებისას.

თუ ნუშის ბაღის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა ნუში, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა თხილის ახალი ბაღის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები.

სხვლა-ფორმირების მეთოდები. არსებობს ნუშის გასხვლის სხვადასხვა მეთოდები. ძირითადად გამოიყენება ჯამისებური, ინტენსიურ ბაღებში - ცენტრალურ ლიდერული ან შპინდელი. 

ჯამისებრი წესით გასხვლისას ვარჯს ეძლევა ჯამის მსგავსი ფორმა, რაც უზრუნველყოფს მზის სინათლის ოპტიმალურ გავრცელებას მთელ მცენარეზე. ცენტრალურ-ლიდერული წესით გასხვლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ასეთ დროს კვეცავენ და ამოკლებენ გვერდით ტოტებს, რათა მეტად განვითარდეს ცენტრალური (ანუ ლიდერი) ტოტი თუმცა იგი ზედმეტად რომ არ გაიზარდოს, მასაც ამოკლებენ 1/3-ით. ყოველ მომდევნო გასხვლისას ტოვებენ ისეთ ახლად წარმოქმნილ გვერდით ტოტებს, რომლებიც მავთულის გასწვრივ ვითარდებიან და საბოლოო ჯამში მცენარე კონუსურ ფორმას იღებს.

შპინდელის ფორმით სხვლის დროს კი დაუტოტავი ნერგი იკვეცება 70-80 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო დატოტვილი ზედა ტოტიდან 30-40 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო ვეგეტაციის პერიოდში (ზაფხულში) ამოიჭრება ლიდერის კონკურენტი ტოტები, ხოლო ქვედა ტოტები მაგრდება მავთულზე. მეორე წელს, თუ მცენარეს ძლიერი ზრდა შეუნარჩუნდება, ლიდერი არ იჭრება, მოიჭრება მხოლოდ კონკურენტი და ქვედა ტოტები მაგრდება მავთულზე. ასეთნაირად გრძელდება 4-5 წლის განმავლობაში. შემდეგში ხდება მობერებული ვერტიკალურად მოზარდი, ჩახშირებული და ნაკლებად პროდუქტიული ტოტების გამოხშირვა.

ნუშის გასხვლის მეთოდის შერჩევისას, ასევე მხედველობაშია მისაღები ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ქარისაგან დაცულობის თვალსაზრისით.            

ნიადაგის განოყიერება. ნუშის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.

ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:

  • აზოტი N-2,8-3,4%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • ფოსფორი P-0,13-0,20%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • კალიუმი K- 1,3-1,8%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • მაგნიუმი Mg-0,30-0,70%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • კალციუმი Ca-1,6-2,6%/მშრალ ნივთიერებაზე.

საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა ნუშის ბაღში შეტანილი იქნას 80-100 კგ. აზოტი, 80-100 კგ. ფოსფორი და 80-100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები). გარდა ამისა, ორგანული სასუქების სახით 3-4 წელიწადში ერთხელ საჭიროა 20-30 ტ. კომპოსტის შეტანა შემოდგომაზე, ან ადრე გაზაფხულზე.

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდებია:

  • აზოტი— ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შეტანა ხდება კვირტების დაბერვის პერიოდში. ხოლო მეორე შეტანა კი მოსავლის აღების შემდეგ.
  • ფოსფორი P — ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.
  • კალიუმი— ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.

მორწყვა. ნუში გვალვაგამძლე მცენარეა. თუმცა, ცხელი ამინდების შემთხვევაში იგი საჭიროებს მორწყვას. კულტურა ტენისადმი ყველაზე მომთხოვნია  ნაყოფების დამსხვილების და სიმწიფის ეტაპებზე. მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე.

მორწყვა წვეთოვანი სისტემით. ერთი მორწყვის ნორმა: 50-70 კუბ./მ 1 ჰა-ზე. მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 16-20-ჯერ.

მორწყვა მოღვარვით, ან კვლებში მიშვებით. ერთი მორწყვის ნორმა: 400-500 კუბ./მ 1 ჰა-ზე. მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 5-6-ჯერ.

მოსავლის აღება/შენახვა. ნუშის მოსავლის აღება ხდება ჯიშების მიხედვით, ნაყოფისათვის დამახასიათებელი ფერის, ზომის და გემოს მიღწევის შემდეგ.

შენახვის ოპტიმალური ტენიანობა: 60-65%.
შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა: 0-5°С.
შენახვის ვადა მოცემულ პირობებში: 10-12 თვე.

მსგავსი სიახლეები