მსხალი – ბაღის გაშენების აგროწესები
17 / 01 / 2019

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა. მსხლის ბაღის გასაშენებლად საჭიროა შერჩეული იქნას ქარებისაგან დაცული ადგილი. ან, მსგავსი პირობის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა მოხდეს სპეციალური ქარსაცავი ზოლების გაშენება (კულტურის გაშენებამდე 4-5 წლით ადრე). ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ სამხრეთის ფერდობები უფრო თბილია და ამიტომ ბაღის გაშენება რეკომენდებულია სამხრეთის ან სამხრეთ-დასავლეთის მხარეს არსებულ ფერდობებზე. ამავე დროს, ნიადაგი უნდა იყოს სტრუქტურული, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კარგი ჰაერაციის და წყალგამტარი. დიდი მნიშვნელობა აქვს გრუნტის წყლების დგომის დონეს. იგი არ უნდა იყოს 1 მეტრზე მაღლა. სხვა შემთხვევაში აუცილებელია სადრენაჟო სისტემის მოწყობა.

როგორც უკვე აღინიშნა, მსხალი კარგად იზრდება, მსხმოიარობს და ხარისხიან ნაყოფს იძლევა შავმიწა და წაბლა კარგი სტრუქტურის მქონე ნიადაგებზე, რომელთაც გააჩნიათ წყლის და საკვები ელემენტების კარგი შეკავების უნარი. ასევე მსხალი კარგად ხარობს ყავისფერ, მუქ და რუხი ტყის ნიადაგებზე. ქვიშიან ნიადაგებზე მსხალი ცუდად ხარობს მსხლის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 6.0-დან 7.5-მდეა.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი pH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

ნიადაგის დამუშავება. საბაღედ  გამოყოფილი  ნაკვეთის კულტირება უნდა ჩატარდეს წინამორბედი  კულტურების (ტყე, ბუჩქნარი, საძოვარი, სათოხნი კულტურები) და უშუალოდ კონკრეტული არეალისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით. ამ მხრივ, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სამი უმთავრესი მეთოდიდან ერთ-ერთი.

ეს მეთოდებია:

  • მთლიანი მეთოდი - გულისხმობს  მთელი ფართობის  ღრმა   საპლანტაჟო  მოხვნას სასუქების ერთდროული  ჩაკეთებით.
  • ზოლებრივი მეთოდი - პლანტაჟი და სასუქების შეტანა ხორციელდება  მომავალი რიგების  ადგილებზე.
  • ადგილობრივი მეთოდი - იხვნება ჩვეულებრივი გუთნით, ხოლო ნერგები ირგვება ღრმა  ორმოებში დაპლანტაჟებულ ფენებში უმჯობესდება აერაცია,  წყლის  რეჟიმი, ძლიერდება ნიადაგის მიკრობიოლოგიური აქტივობა.

უმთავრესად, პრაქტიკაში მსხლის გასაშენებელი ნიადაგის მომზადება მიმდინარეობს შემდეგი სახით: თავდაპირველად, საჭიროა საპლანტაჟე, ან ნახევრად საპლანტაჟე ხვნის ჩატარება საბაღე ნაკვეთზე. საპლანტაჟო ხვნა ტარდება 60-80 სმ. სიღრმეზე, ხოლო ნახევრად საპლანტაჟო ხვნა უნდა ჩატარდეს 40-60 სმ. სიღრმეზე.

იმავე წლის შემოდგომის ბოლო პერიოდში, ან მომდევნო წლის გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს საბაღე ნაკვეთის გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით და შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება. ამ სამუშაოების შემდეგ კი საჭიროა ნაკვეთის ფრეზირება როტაციული კულტივატორით. 

თუ მსხლის ბაღის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა მსხალი ან ვაშლი, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა მსხლის ახალი ბაღის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები.

დასარგავი ორმო. ნერგის დასარგავად, საჭიროა მომზადდეს ორმოები, რომელთაც ექნებათ 40 სმ. სიგანე, 30 სმ. სიგრძე და 40 სმ სიღრმე. ასევე, შესაძლებელია დარგვისათვის გაკეთდეს 25-დან 35 სმ-მდე სიღრმის ტრანშეები.

ნერგის ხარისხი. მსხლის ხარისხიანი ნერგი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვთა სისტემით და კარგად შეხორცებული ნამყენი ადგილით.

დარგვის სქემები:

  • ძლიერ საძირეებზე (პანტა, კულტურული ნათესარი) დამყნილი ნერგები –  რიგთაშორის 7-8 მეტრი, მცენარეებს შორის – 6-8 მეტრი.
  • ნახევრად ნაგალა საძირეებზე (Mა, Bა-29) — 4,0-5,0X2,5-3,0. ანუ რიგთაშორის 4,5 მეტრი, მცენარეებს შორის – 1,5-2,0 მეტრი.
  • ნაგალა საძირეზე (MС) – რიგთაშორის 3-4 მეტრი, ხოლო რიგში მცენარეებს შორის – 0,8-1,25 მეტრი. (ნაგალა საძირისათვის აუცილებელია საყრდენი სისტემა)

დარგვის წესი. დარგვისას ნერგის ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე, (ნაგალა ნერგების ნამყენი ადგილი უფრო მაღლა: 10-15 სმ. სიმაღლეზე).

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნაგალა საძირეებზე დამყნობილი მსხლის ნერგების ნამყენი ადგილი, რაც უფრო ზევით იქნება განთავსებული ნიადაგის ზედაპირიდან მცენარე ზრდაში შეიზღუდება და მალე შევა მსხმოიარობაში. დარგვამდე უნდა შეიკვეცოს ფესვები და დარჩენილ ფესვთა სისტემა, ორმოში თანაბრად უნდა გაიშალოს, მიეყაროს ფხვიერი მიწა, კარგად მოიტკეპნოს, მოირწყას და აიკვრას ჭიგოზე.

დარგვის დრო. შემოდგომა, ფოთოლცვენის დამთავრებისთანავე ყინვების დაწყებამდე ან ადრე გაზაფხული.

ნიადაგის განოყიერება დარგვისას. სასუქები შეაქვთ ორმოებში. ამ დროს ორმოს ფსკერზე იყრება აზოტის, კალიუმის და ფოსფორის შემცველი სასუქები, თითოეული მათგანი საშუალოდ 30-50 გრამის ოდენობით. ორმოში სასუქის ჩაყრის შემდეგ, აუცილებელია სასუქის 5-10 სმ. სისქის მიწით დაფარვა.

გარდა ამისა, დარგვისას ნერგისათვის შემოსაყრელ მიწას უნდა შეერიოს 10-15 კგ. გადამწვარი ნაკელი. ეს ოპერაცია (ნაკელის შეტანა) საჭიროა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლანტაჟის დროს არ იქნა ნაკელი შეტანილი. პლანტაჟის დროს კი საჭიროა 30-40 ტონა ნაკელის შეტანა ერთ ჰექტარზე.

ნიადაგის ამ სახით განოყიერების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდა ბაღში არ არის საჭირო ნაკელის და მინერალური (ფოსფორიანი და კალიუმიანი) სასუქების გამოყენება. გამოიყენება მხოლოდ აზოტიანი სასუქები ყოველწლიურად ადრე გაზაფხულზე. 

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით

მსგავსი სიახლეები