ცხვრის ბოტულიზმი - სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები
17 / 01 / 2019

ბოტულიზმი მწვავედ მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, რაც გამოიხატება სახის, ენის,ქვედა ყბის და ჩონჩხის კუნთების ტონუსის მკვეთრი შენელებით.

აღმძვრელი. აღმძვრელი არის სპორაწარმოქმნილი ანაერობი - კლოსტრიდიუმ ბოტულინუმ. აღსანიშნავია რომ ბიოლოგიური შხამებიდან ბოტულიზმის ტოქსინი ყველაზე ძლიერია, მის 1 გრამს შეუძლია დახოცოს 6- მლრდ. თაგვი.

გამძლეობა. ბოტულიზმის გამომწვევის სპორა უძლებს დუღილის ტემპერატურას 6 საათი.

ეპიზოოტოლოგიური მონაცემები. ბოტულიზმის ავადდება მრავალი სახის ცხოველი, მაგრამ შედარებით მეტი ამთვისებლობით ხასიათდება ცხენი, მასში  B ტიპის ტოქსინი იწვევს მოწამვლას, იშვიათად A და  C ტიპები. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში დაავადებას იწვევს D და  C ტიპის ტოქსინი; ცხვარი და ბეწვიანი ნადირი მგრძნობიარე არიან  C ტიპის ტოქსინის მიმართ. ლაბორატორიული ცხოველებიდან ამთვისებელია თეთრი თაგვი, ზღვის გოჭი და ბოცვერი.

ბოტულიზმის აღმძვრელი ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში. მას შეხვდებით ნიადაგში, სხვადასხვა მცენარეებზე, ხეხილზე, მწვანილზე, ცხოველისა და ფრინველის გამონაყოფებში. საკვებში ბოტულიზმის აღმძვრელი შეიძლება მოხვდეს ნიადაგიდან, ფეკალური მასიდან, მღრღნელის ლეშებით და სხვა.

სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე საათიდან 10-12 დღემდე. ხშირად დაავადება ვლინდება პირველ სამ დღეში, ტოქსიკური საკვების მიღებიდან. დაავადების მწვავე ფორმით მიმდინარეობისას პროცესი გრძელდება ერთიდან 3-4 დღემდე.  

დაავადებულ ცხოველს თავდაპირველად აღენიშნება ღეჭვის მოდუნება, ნერწყვდენა, ხშირი მთქნარება. 10-20 საათის გასვლის შემდეგ უვითარდება ენის დამბლა და იგი გამოვარდნილია პირის ღრუდან, შეიმჩნევა აგრეთვე ქვედა ყბის და ზედა ქუთუთოს დამბლა. ავადმყოფ ცხოველ თანდათან უვითარდება ჩონჩხის კუნთების სისუსტე, მოძრაობა გაძნელებულია. ბოლოს, დაავადების დამამთავრებელ პერიოდში, ცხოველი ვერ დგება, წევს, სხეულის ტემპერატურა ნორმალურია, მადა და წყურვილის გრძნობა შენარჩუნებული აქვს. სიკვდილის წინ კანის მგრძნობელობა დაქვეითებულია (ნემსი ჩხვლეტა).

დიაგნოზი. ბოტულიზმის დიაგნოზი დაისმის კლინიკური ნიშნების მიხედვით. იკვლევენ საკვებს და ადგენენ ტოქსინის ტიპს, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის შიგთავსს და სისხლს, ტოქსინის ტიპის დასადგენად.

მკურნალობა.  დაავადების მკურნალობას იწყებენ კუჭის სოდის ხსნარით გამორეცხვით, შეიძლება აგრეთვე ძლიერი სასაქმებელი საშუალებების გამოყენება. სპეციფიკური საშუალებებიდან დაავადების საწყის პერიოდში შეიძლება გამოვიყენოთ ბოტულიზმის საწინააღმდეგო ანტიტოქსიკური შრატი. პასიური იმუნიტეტი შრატის შეყვანიდან გრძელდება 6-7 დღე.                                                                                                        

იმუნიტეტი. ცხოველების იმუნიზირება შეიძლება ანატქოსინით (ანატოქსინი- ტოქსინი განეიტრალებულია ფორმალინით, მაგრამ შენარჩუნებული აქვს იმუნოლოგიური თვისებები). იმუნიზაციას უტარებენ ძაღლებს, ფორმალინიანი ანატოქსინ ვაქცინით. იმუნიტეტი ყალიბდება 21-ე დღეს და გრძელდება 12 თვე.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები.  არ უნდა დაბინძურდეს საკვები დამზადების დროს მიწის ნაწილაკებით, მღრღნელების ლეშებით, ფრინველის გამონაყოფით. ნესტიანი, გაფუჭებული, დაობებული საკვები მისი გაშრობის შემდეგაც არ უნდა აჭამონ ცხოველს. ბოტულიზმის აფეთქებისას უნდა ამოვიყენოთ ბოტულიზმის საწინააღმდეო ანტიტოქსიკური შრატი არა მარტო სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც.

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები