ცხენის ტრიქოფიტია (მკრეჭავი მუნი) - სიმპტომები და მკურნალობა
17 / 01 / 2019

ტრიქოფიტია (მკრეჭავი მუნი) ხასიათდება კანზე მკვეთრად შემოსაზღვრული აქერცლილი კერების წარმოქმნით ან კანის ფოლიკულების ანთებით. ავადდება როგორც ცხოველი, ასევე ადამიანი.

აღმძვრელი. აღმძვრელები არიან სოკო ტრიქოფიტონის გვარის.

გამძლეობა. სოკო გარემოში გამძლეა, ბალანში ინახება 5-8 წელი, რამდენიმე თვე ნაკელში და წინწუხში, ნიადაგში ძლებს 150 დღე. დუღილის ტემპერატურაზე იღუპება 3 - 5 წუთში, ცხელ ჰაერში 60 - 65 ° C  - ზე იღუპება 2 -3 საათში. სადეზინფექციო ხსნარები: კარბოლის მჟავა - 2, 5 % - იანი , ნატრიუმის ტუტე - 3% - იანი, ფორმალდეჰიდი 3% - იანი, სალიცილის მჟავა - 2% - იანი ხოცავს სოკოს ნახევარ საათში. ულტრაიისფერი სხივები მოქმედებს დამღუპველად.

ეპიზოოტოლოგიური მონაცემები. დაავადება ხშირია შემოდგომა - ზამთარში.

ინფექციის წყაროა დაავადებული ცხოველი. გადაცემის ფაქტორებია მოვლის საგნები, ქვეშსაფენები, ნაკელი, ნიადაგი და სხვა. დაავადება ასევე შესაძლოა გაავრცელონ მღრღნელებმა.

დაავადების სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 6 - 30 დღე. დაავადება ვლინდება თავის, კისრის, გვერდების, ზურგის, კიდურების კანის დაზიანებით. პროცესი მიმდინარეობს კანის ზედაპირული და ღრმა შრეების ანთებით.

ზედაპირული დაზიანების დროს კანზე ჩნდება ამობურცული ლაქები, რომელიც დაფარულია აბურძგნული ბალნით. შემდეგ ლაქები იზრდება და იფარება ქერცლით ან ფუფხით, ასეთ ადგილებში ცხოველებს ეწყებათ ქავილი. 1 -2  თვის შემდეგ ფუფხი სცილდება კანს და ბალანი თანდათანობით იწყებს ზრდას. კანის ღრმა დაზიანებისას ვლინდება მეტად გამოხატული ანთებითი პროცესი და გაგრძელებულია დროში. დაზიანების ადგილზე გამოედინება ჩირქოვანი ექსუდატი. დროთა განმავლობაში იგი შრება და წარმოიქმნება სქელი ფუფხი.

ავადმყოფი მოზარდი ჩამორჩება ზრდაში და შეხორცებაც ქვეითდება.

მკურნალობა. სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა სპეციალური საშუალებები, ვაქცინები.

ქერქის დამუშავება ხდება დამარბილებელი საშუალებებით: ცხელი თევზის ქონით, ვაზელინით, მზესუმზირის ზეთით. ეფექტური საშუალებებია ერთქლორიანი იოდი, პოვიდონ იოდის  10 % - იანი ხსნარი (იოდზეფი), მალამო იამი, 5 - 10 %  სალიცილის მალამო, სულფონი, გოგირდის ანჰიდრიდი, 5 - 10 % - იანი კარბოლის მჟავა, ფუკუზანი, იოდოფორმი.

იმუნიტეტი. ბუნებრივად დაავადების მოხდის შემთხვვაში ამთვისებელ ცხოველებს უვითარდებათ ძლიერი დაძაბულობის ხანგრძლივი იმუნიტეტი.

ხელოვნური იმუნიზაციისათვის გამოიყენება ვაქცინები, რომლებიც სპეციფიკურ საშუალებაშია დასახელებული.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები. ტრიქოფიტიის გაჩენის შემთხვევაში მეურნეობას, ფერმას აცხადებენ არაკეთილსაიმედოდ და აწესებენ შემზღუდავ ღონისძიებებს. იკრძალება პირუტყვის გადაჯგუფება, ავადმყოფ ცხოველებს აცალკევებენ და მკურნალობენ, დანარჩენ სულადობას ცრიან. სადგომებს, სადაც დაავადება გამოვლინდა, უტარებენ დეზინფექციას 1% - იანი ნატრიუმის ტუტის და 5% - იანი ფორმალინის ხსნარის ნარევით. მეურნეობაში შემოყვანილ ცხოველებს ამყოფებენ კარანტინში 30 დღის განმავლობაში.

ნაკელის გაუვნებლობა ხდება ბიოთერმული წესით. მეურნეობამ ფერმა ცხადდება კეთილსაიმედოდ და იხსნება შეზღუდვები დაავადების უკანასკნელ შემთხვევიდან 15 დღის შემდეგ. 

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

 

მსგავსი სიახლეები