იონჯა – ნიადაგის დამუშავება, თესვა, მოვლა-მოყვანა
17 / 01 / 2019

მოთხოვნა ნიადაგისადმი. იონჯა მოსავალს იძლევა სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე, მაგრამ ის უკეთესად ვითარდება და დიდხანს ინარჩუნებს სამეურნეო მნიშვნელობას ფხვიერ ნიადაგებზე, წყლის კარგი გამტარიანობის უნარის მქონე შავმიწებზე, წაბლა ნიადაგებზე, ალუვიურ, რუხ და კირით მდიდარ სხვა ტიპის ნიადაგებზე.

იონჯას წარმოებისათვის არახელსაყრელია დაჭაობებული მიწები და მჟავე რეაქციის ნიადაგები. ასეთ პირობებში საჭიროა ნიადაგის მოკირიანება. აღსანიშნავია რომ იონჯა კარგად ეგუება მლაშობ ნიადაგებს.

ნიადაგის დამუშავება. იონჯას გაზაფხულზე დასათესად განკუთვნილი ნიადაგი ნაწვერალის აჩეჩვის, ან წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ, შემოდგომაზე ოქტომბერ-ნოემბერში, 27-30 სმ სიღრმეზე მოიხვნება.
გაზაფხულზე დათესვის წინ ჩატარდება კულტივაცია 10-12სმ. სიღრმეზე თანმიყოლებული დაფარცხვით.
იონჯა ასევე შესაძლებელია დაითესოს აგვისტო-სექტემბერში. ამ შემთხვევაში საჭიროა ნიადაგი მოიხნას წინამორბედის აღებისთანავე, ხნული დაიშალოს და მოსწორდეს. ზედაპირის გასწორების მიზნით ტარდება მსუბუქი მოტკეპვნა. ეს ხელს უწყობს თანაბარი აღმონაცენის მიღებას.

რიგ შემთხვევებში იონჯის ნათესის აღმოცენება შესაძლებელია შეაფერხოს ხნულის ზედაპირზე წარმოქმნილმა ქერქმა. ამ შემთხვევაში საჭიროა ნათესის მსუბუქი გადაფარცხვა.

თესვის წესები და ნორმები. იონჯა ითესება ვიწრო მწკრივებად, ბალახის სათესი სპეციალური მანქანებით. სარწყავ პირობებში ერთ ჰა-ზე ითესება 5-6 მილონი (12-14 კგ) თესლი. ურწყავ პირობებში – 7-8 მილიონი (14-16 კგ). თესლის ჩათესვის სიღრმე 2-3 სმ-ია. უფრო ღრმად დათესვა, 4-5 სმ, დასაშვებია მხოლოდ ძლიერ მსუბუქ ნიადაგებზე.
მაღალი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე მოსავლის მისაღებად აუცილებელია თესვის ვადების დაცვა: აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ პირობებში იონჯა უნდა დაითესოს 1 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე, ურწყავებში კი – 10 მარტიდან პირველ აპრილამდე უნდა განხორციელდეს მისი დათესვა.
დასავლეთ საქართველოს სარწყავ დაბლობ ზონებში იონჯა ითესება 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე, ხოლო ურწყავ ადგილებში – 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. ასევე აუცილებელია საღი, გრანულირებული სათესლე მასალის გამოყენება.

მორწყვა. მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ყველაზე მეტად იონჯა მორწყვას საჭიროებს თესლის გაღივების, აღმოცენების, გათიბვის და გათიბვის შემდგომ პერიოდებში.

სარწყავ პირობებში იონჯა 5-6ჯერ2-ჯერ უნდა მოირწყას წლია განმავლობაში. თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 700-900 კუბ./მ.

მორწყვის წესებიდან საუკეთესოა დაწვიმებით მორწყვა. სხვა შემთხვევაში მორწყვა კვლებში მიშვებით ხდება.

ნიადაგის განოყიერება. ნიადაგში შესატანი ორგანული და მინერალური სასუქების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა განხორციელდეს ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე. საშუალოდ, ყოველი ერთი ტონა თივის მისაღებად, შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით, საჭიროა: აზოტი 36,0კგ., ფოსფორი 11,3კგ., კალიუმი  35,2 კგ. (სუფთა ნივთიერებები). მაგალითად, თუ იგეგმება ერთ ჰა-ზე საშუალოდ 15 ტონა თივის მიღება, შესაბამისად შესატანი მინერალური ნივთიერებების რაოდენობები იქნება:

  • N – აზოტი – 108,0 კგ. სუფთა ნივთიერებება.
  • P- ფოსფორი – 170,0 კგ. სუფთა ნივთიერებება.
  • K- კალიუმი – 528,0 კგ. სუფთა ნივთიერებება.

ფოსფორის და კალიუმის შეტანა უნდა განხორციელდეს მზრალად მოხვნის წინ,  ხოლო აზოტის შეტანა კი უნდა განხორციელდეს ვეგეტაციის პერიოდში, გამოკვების სახით.
მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 20 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანის შემთხვევაში კი საჭირო იქნება 8 კგ აზოტის, 120 კგ. ფოსფორის და 408 კგ კალიუმის შეტანა. (სუფთა ნივთიერებები).

მოსავლის აღება-შენახვა. პირუტყვისათვის მთავარი საკვები იონჯის ფოთოლია. მისი მაქსიმალური რაოდენობა მცენარეზე არის დაკოკრების და ყვავილობის ფაზებში. ამ პერიოდში გათიბული ბალახი სასარგებლო ნივთიერებათა მაქსიმალურ რაოდენობას შეიცავს. დაგვიანებული გათიბვისას ბევრია დანაკარგები.
პირველი გათიბვა სასურველია შესრულდეს ნიადაგის ზედაპირიდან 5-6 სმ სიმაღლეზე. განათიბი ღვარეულებად იყრება. გაშრობის შემდეგ წნეხამკრეფით იწნეხება.

მოთიბული და დაწნეხილი ბალახი უმოკლეს ვადაში გატანილი უნდა იქნას ნაკვეთიდან, რათა ხელი არ შეეშალოს ახალი წამონაზარდების განვითარებას.

იონჯას საბაზისო აგროკალენდარი

დასავლეთ საქართველო

ნიადაგის განოყიერება: აპრილი-ივნისი.

მოხვნა: აპრილი-ივნისი.

დადისკვა-კულტივაცია: აგვისტო-სექტემბერი.

დათესვა:

  • დათესვა სარწყავში: აგვისტო-სექტემბერი.
  • დათესვა ურწყავში: სექტემბერი-ოქტომბერი.

წამლობები:

  • მიმდინარე წელი: აგვისტო-სექტემბერი.
  • მომდევნო წელი: აპრილიდან სექტემბრამდე არსებულ პერიოდში

მოსავლის აღება: მაისიდან სექტემბრამდე.

აღმოსავლეთ საქართველო

ნიადაგის განოყიერება: ოქტომბერი-ნოემბერი.

მოხვნა: ოქტომბერი-ნოემბერი.

დადისკვა-კულტივაცია: მარტი-აპრილი.

დათესვა:

  • დათესვა სარწყავში: აგვისტო-სექტემბერი.
  • დათესვა ურწყავში: მარტი-აპრილი.

წამლობები:

  • მიმდინარე წელი: აგვისტო-სექტემბერი.
  • მომდევნო წელი: აპრილიდან სექტემბრამდე არსებულ პერიოდში

მოსავლის აღება: მაისიდან სექტემბრამდე.

მსგავსი სიახლეები