ხეხილის მავნებლები – მაჟაურა
17 / 01 / 2019

გავრცელება და აგებულება. მაჟაურა (ლათ. Zauzera pyrina L.) საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

მატლის სხეულის სიგრძე დაახლოებით 6 მმ-ია. მისი სხეული თეთრი ფერისაა, ოდნავ ყვითელი ელფერით და დაფარულია წვრილი ლაქებით, რომელზედაც ბეწვები აზის. თავის, მკერდისა და ანალური ფარები ბრჭყვიალა, მუქი მურა ფერისაა.

პეპელა გაშლილი ფრთებით 5-6-სმ-ია. მისი ფრთები დაფარულია მრავალრიცხოვანი ოვალური და მრგვალი მოლურჯო ფერის ლაქებით, რომლებიც წინა ფრთებზე უფრო მკაფიოდაა გამოსახული. თავი, მკერდი და მუცელი თეთრი ბეწვითაა დაფარული. მუცელი მოლურჯო-შავი ფერისაა, თეთრი რგოლით და 6 დიდი ლაქით. დედლის ულვაშების პირველი ნახევარი ფრთისებრია, მამლისა კი – ძაფისებრი.

ბიოლოგია და დამოკიდებულება გარემო ფაქტორებთან. მავნებელი ზამთარს პირველი ან მეორე წლის მატლის ფაზაში ატარებს სხვადასხვა ხვრელებსა და თავშესაფრებში. პირველი წლის მატლები ზამთრობენ ყლორტის გულში, სიგრძივ სასვლელების ნაღრღნში, მეორე წლის მატლები კი–შედარებით უფროსი ასაკის ხე-მცენარეთა გამერქნიანებულ ორგანოებში. პირველი წლის გამოზამთრებული მატლები გაზაფხულზე, ტოვებენ ძველ სასვლელებს და გადადიან მსხვილ ტოტებსა და ღეროში, სადაც ჯერ კანში ღრღნიან ხვრელს, შემდეგ კი თვით მერქანში აკეთებენ სასვლელებს. სასვლელი ხვრელები ყოველთვის სუფთაა, რადგანაც მატლები შესასვლელი ხვრელიდან გარეთ ყრიან ექსკრემენტებს. შემოდგომაზე, როდესაც საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა 100-მდე ეცემა, მატლები გადადიან ზამთრის დიაპაუზაში. ივნისში მატლები ამთავრებენ ზრდას და იქვე იჭუპრებენ. ჭუპრის განვითარების ხანგრძლივობა 14-18 დღეა. დაჭუპრება ხდება გამოსასვლელ ხვრელთან. პეპლების გამოფრენის შემდეგ ჭუპრის კანი გამოსასვლელ ხვრელში მკაფიოდ მოჩანს. პეპლის ფრენა თითქმის ორ თვეს მიმდინარეობს. ჭუპრიდან გამოფრენილი პეპელა ნაკლებ აქტიურია და როგორც წესი, მოკალათებულია გამოსასვლელი ხვრელის მიდამოებში, რის გამოც ბაღში მის გავრცელებას კერობრივი ხასიათი აქვს. მაჟაურას სქესობრივი პროდუქცია მისი მასობრივი გამრავლების წლებში 600-700 კვერცხს აღწევს. პეპელა კვერცხს დებს გაფანტულად, ერთეულების სახით ყლორტებზე, კვირტების ფუძეში და ა.შ. გამოჩეკილი მატლები კანქვეშ აკეთებენ ზედაპირულ ხვრელებს, შემდეგში კი თანდათანობით იჭრებიან გულში. ხე-მცენარეთა ტოტების დაზიანების შემდეგ მავნებლის მატლები გადადიან მათ შტამბში, ხოლო უფროსი ასაკის ხეებზე კი – მოზრდილი ტოტებში, რომლებშიც ღრღნიან უსწორმასწორო სასვლელებს და ღრმად იჭრებიან გულში. ყინვების დაწყებისას მატლები გადადიან ზამთრის დიაპაუზაში.

საქართველოს პირობებში მავნებელს ორ წელიწადში ერთი თაობა ახასიათებს.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. მაჟაურა ფართო პოლიფაგი მწერია, საქართველოში იგი ძირითადად აზიანებს ვაშლს, მსხალს, კომშს, თუთას და სხვა ხეხილოვან კულტურებს. მისი მატლების მიერ დაზიანებული ახალგაზრდა მცენარეები და მსხოიარე ხეები ხშირად ხმებიან და იღუპებიან. მავნებლის მიერ დასუსტებულ ხეებს ეტანებიან ცილაჭამიები და ხარაბუზები. მის მატლებს შეუძლიათ დააზიანონ კვირტებიც და ზოგჯერ ფოთლის ყუნწიც, რის გამოც პირველ წელს ადგილი აქვს ფოთლის ინტენსიურ ნაადრევ ცვენას.

ბრძოლის ზოგადი ღონისძიებები. მავნებლის წინააღმდეგ ეფექტურია აგროტექნიკურ და სანიტარულ-ჰიგიენურ ღონისძიებათა კომპლექსის გატარება. მატლების რიცხოვნობას არეგულირებენ ზოგიერთი პარაზიტი მწერები მხედრებიდან, ხოლო ფრინველებიდან – კოდალა, შოშია და სხვა სახეობები.

მზაღო ლობჟანიძე 

სრული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი

მსგავსი სიახლეები