კაკალი - კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
17 / 01 / 2019

კაკალი საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველა რეგიონში. იგი ქმნის მცირე კორომებს, მეტწილად კი ერთეული ხეებია. ყველაზე დიდი კორომები ალაზნის ნაპირებზეა. კაკალი მდინარისპირა ჭალებში შერეულია მუხასთან, თელასა და რცხილასთან.

ზრდასრულ ასაკში კაკლის ხის სიმაღლე 20-30 მეტრ სიმაღლეს აღწევს და პროდუქტიულობას ინარჩუნებს ასზე მეტი ხნის განმავლობაში. მარტოდმდგომ კაკალს ვარჯი ფართოდ აქვს გადაშლილი, კორომში კი ვიწროდ არის აზიდული. აქვს ლეგა, დაშაშრული ქერქი, ერთსქესიანი და ერთსახლიანი ყვავილები, კენტფრთართული, პრიალა ფოთოლი, რომელიც ეთეროვან ზეთს შეიცავს.

დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი. მცენარე ყინვაგამძლეა, იტანს მინუს 30-35°C-ს ყინვას. ფესვთა სისტემა ძლიერ განვითარებული აქვს. ყვავილობას იწყებს მარტ-აპრილში, ამიტომ გაზაფხულის წაყინვების შედეგად სანაყოფე კვირტები შეიძლება დაზიანდეს მიუხედავად მცენარის მაღალი ყინვაგამძლეობისა.

ქიმიური შემადგენლობა. კაკალი შეიცავს A1, B1, B2, E, PP და C ვიტამინებს. კაკლის ფოთლები შეიცავს: ქინონებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ B-ს, ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C), კაროტინს. კაკლის გული შეიცავს ცხიმებს (45-77%), ცილებს (8-21%), B1 ვიტამინსა და A პროვიტამინს. უმწიფარი ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით.

კაკალი სინათლის მოყვარული მცენარეა. იგი კარგად ხარობს ღრმა, ნოყიერ, თიხა-კირიან და თიხნარ ნიადაგებში. გრუნტის წყლის დონე არ უნდა იყოს 2 მეტრზე ახლოს. იგი მძლავრი ფესვთა სისტემის გამო კარგად ვითარდება ქვიან და ღორღიან ნიადაგებზეც.

ნიადაგის მჟავიანობა სასურველია იყოს pH 5,5-დან 8,0-მდე.

დამატებითი ინფორმაცია:

გავრცელების არეალი ზღვის დონიდან

1500 -1800მ

საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი

3500-3700

კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი

°-30-35°C°°

კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი

35-40°C°

 
მსგავსი სიახლეები