
ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა. კაკლის სამრეწველო ბაღის გაშენებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტერიტორიის სწორად შერჩევას, კაკალი ძირითადად გავრცელებულია ზღვის დონიდან 1200-1850 მეტრ სიმაღლეზე, ყირგიზეთში კი 2000 მეტრზეც გვხვდება. კაკალი კარგად ხარობს ღრმა, ნოყიერ, თიხა-კირიან და თიხნარ ნიადაგებში, არ უყვარს ჭარბტენიანი და ეწერი ნიადაგები. გრუნტის წყლის დონე არ უნდა იყოს 2 მეტრზე ახლოს. იგი მძლავრი ფესვთა სისტემის გამო კარგად ვითარდება ქვიან და ღორღიან ნიადაგებზეც.
წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 5,5-დან 8,0-მდეა.
იმ შემთხვევაში, თუ კაკლის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის კაკლის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.
ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი pH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.
მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.
ნიადაგის მომზადება. კაკლის ბაღის გასაშენებლად სასურველია შერჩეული იქნას ქარებისაგან დაცული ადგილი. ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ სამხრეთის ფერდობები უფრო თბილია და ამიტომ ბაღის გაშენება რეკომენდებულია სამხრეთის ან სამხრეთ-დასავლეთი მხარეს არსებულ ფერდობებზე.
კაკალი კარგად ხარობს ღრმა, ნოყიერ, თიხა-კირიან და თიხნარ ნიადაგებში, არ უყვარს ჭარბტენიანი და ეწერი ნიადაგები. გრუნტის წყლის დონე არ უნდა იყოს 2 მეტრზე ახლოს. იგი მძლავრი ფესვთა სისტემის გამო კარგად ვითარდება ქვიან და ღორღიან ნიადაგებზეც.
თავდაპირველად, საჭიროა საპლანტაჟე, ან ნახევრად საპლანტაჟე ხვნის ჩატარება საბაღე ნაკვეთზე. საპლანტაჟო ხვნა ტარდება 60-80 სმ. სიღრმეზე, ხოლო ნახევრად-საპლანტაჟო ხვნა უნდა ჩატარდეს 40-60 სმ. სიღრმეზე.
იმავე წლის შემოდგომის ბოლო პერიოდში, ან მომდევნო წლის გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს საბაღე ნაკვეთის გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით და შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება. ამ სამუშაოების შემდეგ კი საჭიროა ნაკვეთის ფრეზირება როტაციული კულტივატორით.
დასარგავი ორმოების მომზადება. ნერგის დასარგავად, საჭიროა მომზადდეს ორმოები, რომელთაც ექნებათ 40-60 სმ. სიგანე და 50-60 სმ. სიღრმე.
ნერგის ხარისხი. ნერგი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვთა სისტემით და კარგად შეხორცებული ნამყენი ადგილით.
დარგვის სქემები:
- კაკლის საძირეებზე დამყნილი ნერგები – რიგთაშორის 7-8 მეტრი, მცენარეებს შორის - 5-7 მეტრი.
- პარადოქსზე დამყნილი ნერგები —რიგთაშორის 8-10 მეტრი, მცენარეებს შორის - 5-8 მეტრი.
დარგვის დრო. გვიანი შემოდგომა დეკემბრის დასაწყისში ან გაზაფხულზე, აპრილის პირველ ნახევარში.
დარგვის წესი. დარგვისას ნერგის ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე.
ნიადაგის განოყიერება დარგვისას. სასუქები შეაქვთ ორმოებში. ამ დროს ორმოს ფსკერზე იყრება
აზოტის, კალიუმის და ფოსფორის შემცველი სასუქები, თითოეული მათგანი საშუალოდ 30-50 გრამის ოდენობით. ორმოში სასუქის ჩაყრის შემდეგ, აუცილებელია სასუქის 5-10 სმ. სისქის მიწით დაფარვა.
გარდა ამისა, დარგვისას ნერგისათვის შემოსაყრელ მიწას უნდა შეერიოს 10-15 კგ. გადამწვარი ნაკელი. ეს ოპერაცია (ნაკელის შეტანა) საჭიროა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლანტაჟის დროს არ იქნა ნაკელი შეტანილი. პლანტაჟის დროს კი საჭიროა 30-40 ტონა ნაკელის შეტანა ერთ ჰექტარზე.
ნიადაგის ამ სახით განოყიერების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდა ბაღში არ არის საჭირო ნაკელის და მინერალური (ფოსფორიანი და კალიუმიანი) სასუქების გამოყენება. გამოიყენება მხოლოდ აზოტიანი სასუქები ყოველწლიურად ადრე გაზაფხულზე.
სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.
-
ვაზის სასუქებით კვების სქემა 04.05.2019 9877 ნახვა
-
კარტოფილის ჯიშები - მარფონა 18.01.2019 3782 ნახვა
-
კაკალი - ბაღის მოვლის აგროტექნოლოგია 17.01.2019 3771 ნახვა