ბამი – აღწერილობა, მოვლა-მოყვანის აგროწესები
17 / 01 / 2019

ბოტანიკური დახასიათება. ბამი (იგივე okra, ლათ. Abelmoschus esculentus) ბალბისებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი ერთწლიანი მცენარეა.  აქვს კუთხოვანი ნაყოფები (5-7 კუთხით). ნაყოფის სიგრძე საშუალოდ 20-24 სმ-ს შეადგენს. ნაყოფის კანი დაფარულის ბუსუსებით. აღსანიშნავია რომ მოხმარების წინ ბამს ბუსუსები უნდა მოსცილდეს, რადგან ზოგიერთ ადამიანში იწვევს ალერგიას. ნაყოფი ნათელი მწვანე ფერისაა და გემოთი ჰგავს ბადრიჯანს.

ბამის სამშობლო ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ვარაუდობენ რომ შესაძლებელია მისი სამშობლო იყოს დასავლეთ აფრიკა ან ინდოეთი.

დამოკიდებულება აგროკლიმატისადმი. ბამი სითბოს მოყვარული კულტურაა და იგი მოითხოვს 18-25°C სითბოს მთელი ვეგეტაციის განმავლობაში. ხოლო ნიადაგის ოპტიმალური არე (pH) ბამისათვის არის 6.5-დან 7.0-მდე.

მოვლის წესებიჩითილის წარმოება. ბამის მოყვანა ხდება მხოლოდ ჩითილის გამოყვანის მეთოდით. ამ მხრივ აღსანიშნავია რომ ჩითილები გამოყვანილი უნდა იქნას ცალ-ცალკე ჭიქებში-ქოთნებში, რადგან ჩითილები სუსტია და საჭიროებს ფრთხილად გადარგვას. ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი საკვები ელემენტებით მდიდარი სუბსტრატის (ჩითილების მიწის) მომზადებაბამის ჩითილებისათვის სუბსტრატის მომზადების ერთ-ერთი მეთოდია ჩვეულებრივი მიწის, ტორფის და ქვიშის კომბინაცია 2:2:1-თან შეფარდებით.

თესვა და ჩითილის მოვლაბამის თესლი ნელა ღივდება. ამიტომ ქოთნებში თესვის წინ საჭიროა თესლის დასველება წყალში 24 საათის განმავლობაში.

თესლი ითესება 1,5 სმ-ის სიღრმეზე. იმ შემთხვევაში თუ სათესლე მასალა ბევრია, სასურველია თუ მოხდება ერთ ჭიქაში 2-3 ცალი თესლის ჩათესვა, რათა აღმოცენების შემდეგ მოხდეს გამოხშირვა და ჭიქაში ერთი ძლიერი მცენარის დატოვება. დათესვის შემდეგ საჭიროა მორწყვა-სუბსტრატის დასველება.

დათესვის შემდეგ ჭიქები უნდა მოთავსდეს შენობაში, სადაც ტემპერატურა 18-21°C-ის ფარგლებშია.

ბამის აღმოცენების პროცესი გაჭიანურებულია და პირველი აღმონაცენი მიიღება დათესვიდან 15-20 დღის შემდეგ. ამ პერიოდში თუ ჭიქები მოთავსებულია სათბურებში, საჭიროა მათი სისტემატური განიავება და ჩითილების მორწყვა 4-5 დღეში ერთხელ ოთახის ტემპერატურის, ნადგამი წყლით. აღმოცენებიდან 2-3 კვირის შემდეგ ჩითილები შეიძლება მოირწყას კომპლექსური სასუქების წყალხსნარით.

აღმოცენებიდან 14-15 დღის შემდეგ ახდენენ ჩითილების ღია ცის ქვეშ გატანას, რათა ისინი შეეგუონ კლიმატურ პირობებს. გარეთ გატანის ხანგრძლივობას ნელნელა ზრდიან რამდენიმე წუთიდან – 6 საათამდე. თუ თბილი ამინდებია, გადარგვის წინ, 2-3 დღე-ღამე საერთოდ გარეთ ტოვებენ.

ბამის ჩითილები გადასარგავად ვარგისია დათესვიდან საშუალოდ 45 45 დღის შემდეგ. ანუ ირგვება 45 დღის ასაკის ჩითილი.

ჩითილები ღია გრუნტში ირგვება დაახლოებით აპრილ-მაისში.

გადარგვა და გადარგვის შემდგომი მოვლა - ადგილის შერჩევა. ბამის წარმოებისათვის საჭიროა შერჩეული იქნას თბილი, განათებული და ქარებისაგან დაცული ნაკვეთი, რადგან სიცივისა და გამჭოლი ქარებისადმი ბამი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ბამის ოპტიმალური წინამორბედი კულტურებია: ყაბაყი, პატისონი, კიტრი და სხვა გოგროვნები. ასევე პარკოსანი კულტურები და ბალახები. ხოლო ცუდი წინამორბედია ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი კულტურები.

ნიადაგის მომზადება განოყიერება. ბამის წარმოებისათვის განსაზღვრული ნიადაგის დამუშავება იწყება შემოდგომით, როდესაც ხდება ნიადაგის ხვნა და განოყიერება.

ამ დროს ორგანული და მინერალური სასუქებიდან საორიენტაციოდ საჭიროა:

  • გადამწვარი ნაკელი: 4-6 კგ/მ²-ზე.
  • სუპერფოსფატი: 40-50 გრ/მ²-ზე.
  • კალიუმის სულფატი: 25-30 გრ/მ²-ზე.

გაზაფხულზე ნიადაგს ფარცხავენ და შეაქვთ  აზოტშემცველი მინერალური სასუქები. აზოტიანი სასუქები საჭიროა ორჯერადად იქნას შეტანილი: პირველი შეტანა ხდება გადარგვისას, ხოლო მეორე შეტანა კი წარმოებს ყვავილობის დასაწყისში.

აზოტშემცველი სასუქების (ამონიუმის გვარჯილის) საორიენტაციო ნორმა არის 15-20გრ/მ²-ზე თითოეულ შეტანაზე. ანუ სულ, მთელი ვეგეტაციის პერიოდის განმავლობაში საშუალოდ საჭიროა 30-40 გრ/მ²-ზე.

ჩითილების დარგვა. ბამის ჩითილების გადარგვა ხდება პირდაპირ ჭიქაში არსებული მიწიანად, წინასწარ მომზადებულ შესაბამისი ზომის ორმოებში. დარგვისთანავე აუცილებელია მორწყვა.

კვების არე. არსებობს ბამის მაღალ-მოზარდი და დაბალ-მოზარდი ჯიშები. დაბალი ჯიშების გადარგვა ხდება 30-60 სმ-ის დაცილებით ერთმანეთისაგან, ხოლო მაღალ მოზარდი ჯიშების კი 50-90 სმ-ის დაშორებით.

მორწყვა.  ბამი ტენისადმი მომთხოვნი მცენარეა და ამიტომ საჭიროა მისი ხშირად მორწყვა ვეგეტაციის დასაწყისში, მსხმოიარობის დაწყებამდე. ხოლო მსხმოიარობის დაწყების შემდეგ კი ხშირი მორწყვა რეკომენდებული არ არის და მორწყვა ამ დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, თუ ნიადაგი გამოშრება. ნაყოფების გამონასკვის პერიოდში ბამი საშუალოდ ყოველ 10-12 დღეში ერთხელ ირწყვება. აღსანიშნავია რომ არ შეიძლება ნიადაგის ზედმეტად დატენიანება/დატბორვა, რადგან ბამი შედარებით ადვილად უძლებს მცირე პრიოდიან გვალვას ვიდრე ნიადაგის ზედმეტად დატენიანებას.

ნათესის ფორმირება. როდესაც მცენარე მიაღწევს 40-60 სმ სიმაღლეს, საჭიროა მოხდეს ცენტრალური ღეროების წაჩქმეტა, რათა სტიმულირება მიეცეს ნაყოფების გამონასკვას.

ბამის ნათესებში საჭიროა ნიადაგის პერიოდული გაფხვიერება და სარეველების სისტემატური მოცილება.

მოსავლის აღება. ჩითილების გადარგვიდან 2 თვის შემდეგ ბამი იწყებს ყვავილობას. ხოლო ყვავილების გამოჩენიდან მეოთხე-მეხუთე დღეს კი უკვე იწყება ნაყოფების გამონასკვა. დანიშნულების მიხედვით, ამ ეტაპიდან უკვე შესაძლებელია ბამის მოსავლის აღება. კრეფა მიმდინარეობს რამდენჯერმე, ყოველ 2-3 დღეში ერთხელ, ან ყოველდღიურად.

მსგავსი სიახლეები