ჭარხალი - თესვა, მოვლა-მოყვანის აგროწესები
17 / 01 / 2019

ნიადაგის მომზადება. ჭარხლისათვის ნიადაგის მომზადებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. მისთვის აუცილებელია სტრუქტურიანი, ფხვიერი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგები.
ჭარხლისათვის ნადაგის მომზადება შემოდგომიდანვე, წინამორბედი კულტურის მოსავლის აღებისთანავე უნდა დაიწყოს. ამ დროს საჭიროა ნიადაგი მოიხნას 28-32 სმ სიღრმეზე.
გაზაფხულზე, გათბობისთანავე საჭიროა ნიადაგის კულტივაცია და დაფარცხვა. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია განხორციელდეს დაფრეზვა.

ნიადაგი დასათესად მზად უნდა იყოს მარტის ბოლოსათვის აპრილის დასაწყისში.

თესვა. სუფრის ჭარხალი ზუსტი სათესი მანქანით ითესება ზოლებრივად. ერთ ჰა-ზე საჭიროა 550-800 ათასი ცალი თესლი. ჩათესვის სიღრმე მძიმე ნიადაგებზე 3-4, მსუბუქ ნიადაგებზე – 4-5 სმ-ია. მცირე ფართობებზე იგი ხელითაც შეიძლება დაითესოს დაითესება მწკრივებად. ამ დროს მწკრივთა შორის 30-40 სმ-ის, ხოლო მცენარეთა შორის 5-6 სმ-ის დაშორებით. დათესვის შემდეგ ატარებენ თესვის შემდგომ მოტკეპნას. ნორმალური აღმონაცენის უზრუნველსაყოფად შეიძლება ჩატარდეს თესვისწინა ან თესვის შემდგომი მორწყვა 300-400 კუბ.მ/ჰა ნორმით.

ჩითილის წარმოება. სუფრის ჭარხალი შესაძლებელია ჩითილის გადარგვითაც იქნას მოყვანილი. ამ დროს თესლი გადარგვამდე 30-40 დღით ადრე ითესება საჩითილე კასეტებში, ან სათბურებსა და კვალსათბურებში. გადარგვა საჭიროა განხორციელდეს მაშინ, როცა ნიადაგი 8-10 სმ. სიღრმეზე 8-10°С–მდე გათბება და ჩითილებს განუვითარდებათ 3-4 ფოთოლი.

ნიადაგის განოყიერება. ჭარხლის კულტურის ნიადაგის განოყიერებისათვის საჭირო აგროქიმიკატების სახეობების და რაოდენობის დასადგენად იდეალური ვარიანტია ნიადაგის წინასწარი ლაბორატორიული კვლევა.
კულტურის ცალკეული მინერალური ნივთიერებების მიმართ ზოგადი მოთხოვნები შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

აზოტი. აზოტის შეტანის დოზები დამოკიდებულია ნიადაგის ტიპსა და წინამორბედ კულტურაზე. მცენარის კარგი ზრდა-განვითარებისთვის ერთ ჰა-ზე ძირითადად 170-240 კგ-ია რეკომენდებული (სუფთა ნივთიერება). მინიმალური დოზით შეტანა რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ჭარხალი იწარმოება პარკოსანი კულტურების შემდეგ, ხოლო დიდი დოზით შეტანა საჭიროა მაშინ, როდესაც ჭარხლის წინამორბედი კულტურა არ არის პარკოსანი.

აზოტის შესატანი რაოდენობა, როგორც წესი, ორჯერადია: პირველად – თესვამდე და მეორედ – დათესვიდან ორი კვირის შემდეგ.

ფოსფორი. ფოსფორი მნიშვნელოვანია ჯანსაღი მცენარის ფორმირებისთვის, რომელიც გაუძლებს სხვადასხვა დაავადებას. ჭარხლისთვის რეკომენდებულია 60-80 კგ სუპერფოსფატის ან სამმაგი სუპერფოსფატის ერთ ჰა-ზე შეტანა ჩათესვის მანძილიდან 3 სმ სიღრმეზე, რათა ჩითილები არ დაზიანდეს.
გოგირდი. მცენარის არსებობისთვის საჭირო კიდევ ერთი ელემენტი არის გოგირდი. წარმოდგენილია ორი ფორმით: როგორც სულფატი და როგორც გოგირდის შემადგენელი ელემენტი. მცენარეებს მისი შეთვისება შეუძლიათ მხოლოდ სულფატის ფორმით. გოგირდის შემადგენელი ელემენტი კი ნიადაგის ბაქტერიების მეშვეობით უნდა გარდაიქმნას სულფატის ფორმად ისე, რომ მცენარემ შეძლოს მისი შეთვისება. ეს პროცესი ჩქარდება, როდესაც ნიადაგში ტენიანი და ცხელი პირობებია.

გოგირდის რეკომენდებული დოზაა 18-22 კგ. ერთ ჰა-ზე დარგვის დროს. გორიგდის შემადგენელი ელემენტის ნიადაგში შეტანა აუცილებელია დარგვამდე ერთი წლით ადრე (35-45კგ ერთ ჰა-ზე).

ბორი. ჭარხლისათვის ბორი ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ჭარხლის ფესვებისთვის. მცენარე ერთ ჰა-ზე 3-6კგ ბორის დარგვამდე ნიადაგში შეტანას და 1კგ წყალში ხსნადი ბორის შესხურებას მოითხოვს, რათა ახალგაზრდა ფოთლების ქსოვილები იყოს დაცული და მოხდეს ფესვის კიბოს განვითარების პრევენცია.
ბორის დეფიციტის დროს, ფესვებზე ჩნდება ხორკლიანი შავი ლაქები, რაც ძირხვენას აძლევს მწარე გემოს. საბოლოოდ, ფესვი კარგავს შეფერილობას, უჩნდება ღრმულები ან სკდება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებს. ბორის დეფიციტს ასევე შეუძლია გამოიწვიოს კორძების გაჩენა ღეროებსა და ყუნწებზე. ბორის დეფიციტის შემთხვევაში ძირხვენები ცუდად ინახება.

ნათესის მოვლა. ვეგეტაციის პერიოდში ატარებენ მწკრივთშორისების გაფხვიერებას და სავეგეტაციო რწყვას. პირველი გაფხვიერება ტარდება აღმოცენებისთანავე ანუ 14-16 დღის შემდეგ, დათესვიდან 20-25 დღის შემდეგ ტარდება პირველი კულტივაცია და გამეჩხერება. ამ მხრივ აღსანიშნავია რომ გამეჩხერება უტარდება მხოლოდ თესლით დათესილ ჭარხალს. პირველი გამეჩხერებისას კულტურას უნდა ქონდეს 1-2 ნამდვილი ფოთოლი. გამეჩხერება უმჯობესია ჩატარდეს წვიმის, ან მორწყვის შემდეგ. გამომეჩხერებული მცენარეებით შეიძლება შეივსოს გაცდენილი ადგილები. მეორე კულტივაცია ტარდება პირველიდან 15-20 დღის შემდეგ. შემდეგ კულტივაციას აწარმოებენ საჭიროების მიხედვით.

ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა ჩატარდეს მცენარეთა დამატებითი კვება. პირველი კვება პირველი გამეჩხერების შემდეგ, მეორე – მეორე გამეჩხერების შემდეგ სასუქები შეაქვთ ნაღარებში, რომლებიც კეთდება 6-7 სმ -ის სიღრმეზე, მწკრივად 8-10 სმ-ის დაშორებით. სასუქის შეტანის შემდეგ ნაღარებს ასწორებენ.

გარდა ამისა, ვეგეტაციის პერიოდში საჭირო იქნება შესაბამისი წამლობების ჩატარება ჭარხლის მავნებელ დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ.

მორწყვა. ჭარხალს ტენით უზრუნველყოფა განსაკუთრებით სჭირდება თესლის გაღივების, ფოთლების განვითარების და ძირხვენის ფორმირების ფაზებში. მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში ჭარხალი 2-6-ჯერ, უნდა მოირწყას. თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 700-800 კუბ.მ/ჰა-ზე.

მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე მორწყვის წვეთოვანი სისტემის გამოყენებით.

მოსავლის აღება-შენახვა. სუფრის ჭარხლის მოსავლის აღება იწყება, როცა ძირხვენები ჯიშისათვის დამახასიათებელ ზომას მიაღწევს. მწვანე ფოთლებიანი ჭარხალი იკრიფება დათესვიდან 70 დღეში, ხოლო ძირხვენა (ფოთლების გარეშე) შედარებით უფრო გვიან, მაგრამ სრული დამწიფების სტადიამდე, განსაკუთრებით თუ ჭარხალი ხანგრძლივი შენახვისთვის არის განკუთვნილი.

აღება ხდება მანქანებით, ან ხელით, ყინვების დაწყებამდე, მშალ მზიან ამინდში. გაშრობის, ფოთლების მოცილების და დახარისხების შემდეგ ძირხვენები ბადურებში იყრება.

შესანახად გამოიყენება მხოლოდ მშრალი, საღი და ხარისხიანი ძირხვენები. ჭარხალი ინახება 0°С ტემპერატურის და 90% ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის პირობებში.

მსგავსი სიახლეები