ლობიოს მურა ბაქტერიული ლაქიანობა - სიმპტომები და პრევენცია
17 / 01 / 2019

გამომწვევი ბაქტერია: Xanthomonas phaseoli (E.F.Sm).

დაავადება შესაძლოა გაჩნდეს მცენარის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და მის სხვადასხვა ორგანოზე.
ბაქტერიოზის გამომწვევი ინფექცია ინახება კულტურის თესლში, რამდენიმე წლის განმავლობაში და მცენარეულ ნარჩენებში, მათ დალპობამდე. დაავადება ძირითადად ვრცელდება წვიმის წვეთებისა და ქარის საშუალებით. მცენარეში მისი შეღწევა ხდება მექანიკური დაზიანებების და ბაგეების მეშვეობით.

დაავადების სიმპტომები. აღმონაცენებზე დაავადება ჩნდება ლებან-ფოთლებზე, ბუნდოვანი, მოყვითალო ლაქების სახით, რომლებიც შემდგომ მუქდება. ხანდახან ინფექცია გადადის აღმონაცენთა ზრდის წერტილზე, რის შედეგადაც მცენარე იღუპება.

მოზრდილი მცენარეების ფოთლებზე ლაქები თავდაპირველად მცირე ზომისაა, სველი ან ზეთოვანი. შემდეგ იზრდებიან და იკავებენ ფოთლის ზედაპირის დიდ ნაწილს. ზრდასთან ერთად ლაქები მუქდება, ხმება და იფშვნება, რის შედეგადაც ფოთოლზე ჩნდება ნაპრალები.

პარკებზე ლაქები ასევე ჯერ მცირე ზომისაა, ხოლო შემდეგ იზრდებიან და იფარებიან ბაქტერიების ექსუდატით მცირე ზომის წებოვანი წვეთებით. მშრალ ექსუდატი შრება. პარკები როგორც წესი ავადდებიან მაშინ, როდესაც მიაღწევენ სრული ზომის ნახევარს. პარკების დაავადების შემთხვევაში ზიანდება თესლიც. ადრეული დაინფიცირების შემთხვევაში თესლები რჩებიან მცირე ზომის და ვერ ვითარდებიან, კარგავენ აღმოცენების უნარიანობას. იმ შემთხვევაში თუ დაინფიცირება მოხდა მოგვიანებით, ამ დროს თესლებზე ჩნდება ყავისფერი, თითქოს ლაკირებული სხვადასხვა ზომის და ფორმის ლაქები. ასეთი სათესლე მასალისაგან მიიღება დაავადებული აღმონაცენი.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • საღი სათესლე მასალის გამოყენება.
  • კულტურათა მონაცვლეობა.
  • მცენარეული ნარჩენების განადგურება.
  • თესვის ოპტიმალური ვადების დაცვა.
  • კულტურის გამოკვება მინერალური სასუქებით ყვავილობამდე.

ბაქტერიოზისადმი გამძლე ჯიშების წარმოება.

მსგავსი სიახლეები