მარწყვი - ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
17 / 01 / 2019

მარწყვი (Fregaria) მიეკუთვნება ვარდყვავილოვანთა ოჯახს. ღეროები მრავალწლიანია, 12-15 სმ სიგრძის, ყლორტები მოკლეა, წვერის კვირტი გენერატიული. შემდეგ წელს მისგან ვითარდება ყვავილსაჯდომი, რომელიც მსხმოიარობის შემდეგ ხმება. ღეროს ღერძის ზრდა ხდება ზედა გვერდითი ვეგეტაციური კვირტებიდან. გასული წლის ნაზარდზე იღვიძებს ერთიდან სამამდე კვირტი.

მარწყვი თვითგამანაყოფიერებელი მცენარეა. ჯიშების უმრავლესობას აქვს ორსქესიანი ყვავილი, თუმცა არიან ჯიშები ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილებით, რომლებიც საჭიროებენ დამამტვერიანებლებს.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. მარწყვი ტენის, სითბოსა და სინათლის მოყვარული მცენარეა. ის ყვავილობას იწყებს ვეგეტაციის დაწყებიდან 25-30 დღის შემდეგ. ყვავილობა გრძელდება 15-35 დღე. ყვავილობის დაწყებიდან სიმწიფემდე საჭიროა 25-35 დღე. ერთი ჯიშის სიმწიფე გრძელდება 15-30 დღე. სიმწიფის პერიოდისაგან დამოკიდებულებით მსხვილნაყოფა მარწყვის ყველა ჯიში იყოფა საადრეოდ, საშუალოდ და საგვიანოდ.

ქიმიური შემადგენლობა. მარწყვი მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავეებით, ნახშირწყლებითა და მინერალური ნივთიერებებით. მარწყვის ნაყოფი ანტიოქსიდანტური თვისებებითაც გამოირჩევა. შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C), ვიტამინ K-ს, ვიტამინ B6-ს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს და შაქრებს.

მსგავსი სიახლეები