მარწყვი - პლანტაციის მოვლის აგროწესები
17 / 01 / 2019

ნიადაგის მოვლა. მარწყვის პლანტაციაში სასურველია, რომ ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში  იყოს. არ უნდა განვითარდეს სარეველა ბალახები. ამ მიზნით საჭიროა პერიოდული გამარგვლა. ნიადაგის კულტივაცია არ არის სასურველი, რადგან მცენარეების არაღრმა ფესვთა სისტემა იოლად შეიძლება დაზიანდეს. ამიტომ საჭიროების შემთხვევაში მცენარეთა რიგებს შორის სარეველები უნდა გაითიბოს, ხოლო უშუალოდ ბუჩქების ქვეშ არსებული სარეველები კი ხელით უნდა გაიმარგლოს. ასევე, სარეველების გავრცელების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არის ნიადაგის მულჩირება.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება. მარწყვის პლანტაციაში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით. ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:

  • აზოტი N - 2,5-3,0%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • ფოსფორი P - 0,17-0,22%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • კალიუმი K - 1,5-1,7%მშრალ ნივთიერებაზე.
  • მაგნიუმი Mg - 0,24-0,45%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • კალციუმი Ca - 1,3 – 1,9%/მშრალ ნივთიერებაზე.

ნიადაგის განოყიერება. მარწყვის ნიადაგის განოყიერების პროგრამა განსხვავებულია ნაკვეთის ადგილმდებარეობის, ნიადაგის ფაქტურის, მოყვანის სისტემის მიხედვით. მცენარის ზრდისთვის სასარგებლოა:

  • ნაკელი.
  • გრანულირებული სასუქი.
  • თხევადი სასუქის დამატება წვეთოვანი სარწყავი სისტემით (ფერტიგაცია).
  • ფოთლებზე შესხურება.

მინერალური და ორგანული სასუქების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა მოხდეს ნიადაგის ლაბორატორიული აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე. საორიენტაციოდ კი მარწყვის პლანტაციაში ყოველწლიურად უნდა შეტანილი იქნას მინერალური და ორგანული სასუქების შემდეგი რაოდენობები:

  • პირუტყვის ნაკელი: 10-20 ტ/ჰაზე.
  • ფრინველის ნაკელი: 5-10 ტ/ჰაზე.
  • აზოტი N: 100 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება).
  • ფოსფორი P: 100-125 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება).
  • კალიუმი K: 125-150 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება). 

სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

  • პირუტყვის ნაკელი: შეიტანება სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში.
  • ფრინველის ნაკელი: შეიტანება სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში.
  • აზოტი N: შეიტანება სამჯერადად 33-33 კგ-ის ოდენობით პირველად -მაისში, მეორედ - ივნისში და მესამედ ივლისში.
  • ფოსფორი P: შეიტანება მაისის დასაწყისში.
  • კალიუმი K: შეიტანება მაისის დასაწყისში.

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით

მსგავსი სიახლეები