გამომწვევი – Cladosporium fulvum Cook.
პომიდორის კლადოსპორიოზი, ანუ მურა ლაქიანობა წარმოადგენს პომიდორის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო დაავადებას. ის აზიანებს ფოთლებს და ახდენს მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ფოტოსინთეზის პროცესზე. იშვიათად დაავადება ჩნდება ასევე ნაყოფებზე, მოკრეფის შემდეგ ან ვეგეტაციის პირობებში. დაავადება განსაკუთრებით სახიფათოა დაცულ გრუნტში. ჰაერის მომატებული ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს როგორც დაავადების გავრცელებას, ასევე ინფექციის წყაროების დაგროვებას. ამავე დროს, 80%-ზე დაბალი ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის დროს ნელდება სოკოს განვითარება, ხოლო 50-60%-ის შემთხვევაში კი იგი სრულებით არ ვითარდება. კონიდიების შექმნისათვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 22-25 ºC. ზოგადად დაავადების განვითარება შესაძლებელია მოხდეს 6-დან 34 ºC ტემპერატურის პირობებში. დღე–ღამური ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობა ხელს უწყობს დაავადებისგანვითარებას.
ვეგეტაციის პერიოდში პათოგენი დაზიანებული მცენარიდან ჯანსაღ მცენარეებზე ვრცელდება კონიდიების საშუალებით. დაავადების გამომწვევი სპორების სახით ინახება მცენარეულ ნარჩენებსა და ნიადაგში. შემდგომში ინფექცია ვრცელდება წვიმის წვეთებით, მორწყვისას და ქარის მეშვეობით.
დაავადების სიმპტომები. პირველი სიმპტომები თავს იჩენს ყვავილობისას. დაავადებისმასიური გავრცელება ხდება ნაყოფების სიმწიფის პერიოდში. მურა ლაქიანობის თავდაპირველი განვითარებისას ფოთლის ფირფიტის ზედა მხარე იფარება ქაოსურად განლაგებული მცირე ზომის მოყვითალო ფერის ლაქებით. დროთა განმავლობაში ლაქების რიცხვი მატულობს, დაიფარება ყავისფერი ხავერდოვანი ფიფქით, რომელიც წარმოადგენს კონიდიათმტარებს, მრავალუჯრედიანი კონიდიუმებით. ლაქები სწრაფად ვრცელდებიან მცენარეზე, რის შედეგადაც ხშირად მცენარე იღუპება.
დაავადების საბოლოო ეტაპზე დაზიანებული ფოთოლი ჭკნება და იღუპება. შედეგად,ხდება მოსავლიანობის მკვეთრი შემცირება (30-40% და მეტი). ფოთლების ძლიერიდაზიანებისას კი ხდება მცენარის დაღუპვა.
ბრძოლის ღონისძიებები:
- დაავადებისადმი გამძლე ჯიშების ან ჰიბრიდების წარმოება.
- დაზიანებული მცენარეების მოცილება და განადგურება;
- საწყობების დეზინფექცია და ჰაერის კარგი ცირკულაციის უზრუნველყოფა;
- სათბურებში აუცილებელია ტენიანობის შენარჩუნება 55-65%–ის ფარგლებში, ტემპერატურა კი საჭიროა დარეგულირდეს 20°C–ის დონეზე. ასევე აუცილებელია დღე–ღამური ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობის თავიდან აცილება;
- მცენარეული ნარჩენების განადგურება;
- შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
-
ჟოლოს ნაცარი - სიმპტომები და პროფილაქტიკა 17.01.2019 2537 ნახვა
-
ბამბუკი - დახასიათება, სახეობები, პლანტაციის მოვლა-გაშენების წესები 11.04.2019 7020 ნახვა
-
ჭარხლის მოსავლის აღება-შენახვის ძირითადი წესები 15.01.2019 2523 ნახვა