კიტრის ნაცარი - სიმპტომები და პრევენცია
17 / 01 / 2019

გამომწვევი სოკოები – Erysiphe cichoracearum f. cucurbitacearum, Sphaerotheca fuliginea. f. cucumis.
ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებით დაზიანებული მცენარეული ნარჩენები. ასევე აღსანიშნავია რომ დაავადების გამომწვევები პარაზიტობენ გოგროვანთა ოჯახის სხვა წარმომადგენელ მცენრეებზეც: გოგრაზე, პატისონზე, ნესვსა და საზამთროზე. დაავადების რეზერვატორები ასევე არიან სარეველები: ღიჭა, მრავალძარღვა.
დაავადების მიერ მიყენებული ზიანის მასშტაბები იზრდება მშრალი და ცხელი ამინდების პირობებში, რადგან ამ დროს მცირდება მცენარეთა ტურგორი, რის შედეგადაც პათოგენი უფრო ადვილად ხვრეტენ ეპიდერმისის უჯრედებს. დაავადების გავრცელებას ასევე ხელს უწყობს ტემპერატურის და ატმოსფერული ტენიანობის მკვეთრი ცვალებადობა. დაავადება ძლიერად პროგრესირებს იმ დროს როდესაც წვიმა არ მოდის, მაგრამ არსებობს ცვარი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 4-5 დღე.

სათბურებში არასწორი ჰაერაციის და განათების პირობებში მცირდება კულტურის გამძლეობა ნაცრისადმი.

დაავადების სიმპტომები – დაავადების გამომწვევი სოკოები ვითარდება მხოლოდ ცოცხალ მცენარეებზე. სოკო Erysiphe cichoracearum ქმნის თეთრ ნადებს მცენარის ფოთლებზე, ხოლო Sphaerotheca fuliginea – ვარდისფერს. დაავადება აზიანებს კულტურას მისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში. დაავადების სიმპტომები თავდაპირველად ჩნდება ფოთლის ფირფიტის ზედა მხარეს. ამ დროს ფოთოლზე შინიშნება ერთეული ლაქები, თეთრი ფერის ფიფქის სახით. მოგვიანებით კი ასეთივე ლაქები ჩნდება ფოთლის ქვედა მხარესაც. დაავადების ძლიერად განვითარების შემთხვევაში ლაქები ზომაში იზრდება, ერთმანეთს უერთდება და მთლიანად ფარავს ფოთლის ფირფიტას. თეთრი ნადები ასევე ვრცელდება ყუნწებსა და ღეროებზე. დაზიანებული ფოთლები ყვითლდებიან და ხმებიან. მცენარის განვითარება ფერხდება და კლებულობს პროდუქტიულობა. დაავადებულ მცენარეებზე ფორმირდება პატარა და მშრალი ნაყოფები.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • კულტურათა მონაცვლეობა.
  • მცენარეული ნარჩენების განაგურება.
  • ჩითილების გამოყვანისა და გადარგვის ოპტიმალური ვადების დაცვა.
  • დახურული გრუნტის შემთხვევაში დაავადების გავრცელების რისკების შემცირების მიზნით აუცილებელია სათბურის ირგვლივ არსებული სარეველა მცენარეების განადგურება.
  • დახურულ გრუნტში საშემოდგომო და საზამთრო-საგაზაფხულო ბრუნვებს შორის აუცილებელია არანაკლებ სამკვირიანი შუალედის დაცვა.
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

 

მსგავსი სიახლეები