დაფნა - ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
17 / 01 / 2019

დაფნა (Laurus) მცენარეთა გვარის და დაფნისებრთა ოჯახის (Lauracaes) წარმომადგენელი მრავალწლიანი ხე, ან ბუჩქოვანი მცენარეა. დაფნას ხმარობენ სუნელ-სანელებლად, საკონდიტრო და საკონსერვო მრეწველობასა და კულინარიაში. მისი ნაყოფის ზეთი სამკურნალოა, ხოლო მერქანი გამძლე და დრეკადია (აკეთებენ ძვირფას ავეჯს, სხვადასხვა წვრილმან ნივთებს).

მცენარის ფოთოლი მარტივია, ზომა 10-დან 20 სმ-მდე აღწევს. ფოთლის ფერი, ზომა და ფორმა გარემო ფაქტორებისა და მოვლის პირობების შესაბამისად მნიშვნელოვნად ცვალებადობს. აქვს ქოლგისებრ ყვავილედად შეკრებილი მომწვანო-ყვითელი ყვავილები, მცენარე უხვად ყვავილობს. ყვავილი სურნელოვანი და თაფლოვანია, ამიტომ გაზაფხულზე მისი დამტვერიანება უმეტესად თაფლის მოყვარული მწერების საშუალებით ხდება. აქვს მოლურჯო-შავი კურკიანი ნაყოფი. ხეზე ნაყოფები ერთეულად, ზოგჯერ ჯგუფურად არის წარმოდგენილი. ნაყოფში ერთი თესლია, რომელსაც ყავისფერი თხელი ნაჭუჭი აქვს.

ბუნებაში დაფნა იზრდება 18 მეტრამდე სიმაღლის და ცოცხლობს 300-400 წლის განმავლობაში.
დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი:

  • განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა: 25-300 C
  • ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა60-75%
  • ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა: 40-50 %
  • ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია, pH: 6,5-7,5
  • გავრცელების არეალი ზღვის დონიდან: 30-700 მეტრი.
  • საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი: 500-35000 C
  • კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი: -150 C
  • კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი: 400 C

ქიმიური შემადგენლობა. დაფნას თითქმის ყველა ორგანო შეიცავს ეთერზეთს, შედარებით მეტად გვხვდება ფოთლებსა და ახალგაზრდა ტოტებში. ეთეროვანი ზეთის რაოდენობა იცვლება წლის დროის მიხედვით, დღე-ღამის საათებში და დამოკიდებულია ფოთლის ხნოვანებაზე, სიდიდეზე, ოროგრაფიულ პირობებსა და რაც მნიშვნელოვანია, თვით მცენარის ბიოლოგიურ თავისებურებაზე-ბუნებაში არსებობს როგორც მაღალი, ისე საშუალო და დაბალზეთიანი ფორმები.

დაფნის ეთერზეთი წარმოადგენს მოყვითალო ან მომწვანო ფერის სითხეს, რომლის შემადგენლობაში შედის ცინეოლი, პინენი, გერანიოლი, ტერპინეოლი, მეთილევგენოლი, ვალერიანის და კაპრონის მჟავები და სხვ. ეთერზეთის შემცველობა დაფნის ჰაერმშრალ ფოთლებში მერყეობს 0,6-დან 0.5 პროცენტამდე, ტოტებში -0,3 -დან 0,65 პროცენტამდე.

ფოთლების გარდა, ეთეროვანი ზეთი არის აგრეთვე ახალგაზრდა ტოტებში, რომლებსაც მოსავლის აღებისას ჭრიან. დაფნის ტოტებიდან მიღებული ეთეროვანი ზეთი სრულფასოვანია და ის არაფრით ჩამოუვარდება ფოთლიდან მიღებულ ზეთს.

დაფნის ფოთოლი ძველი დროიდანვე გამოიყენებოდა როგორც სურნელ-სანელებელი: საკონსერვო მრეწველობაში, კულინარიაში. დაფნის ეთერზეთი ცინეოლითი მდიდარია ხასიათდება ბაქტერიოციდური თვისებებით და დეზინფექციის საუკეთესო საშუალებაა, ასევე მისი ნაყოფის გული მდიდარია ცხიმოვანი ზეთით რომელსაც სასიამოვნო სურნელება აქვს და იყენებენ მედიცინაში რევმატიზმის საწინაამღდეგო მალამოს დასამზადებლად. მისი ხმელი ნაყოფი გამოიყენება ლიქიორის წარმოებაში.

მსგავსი სიახლეები