
ღორის წითელი ქარი (Erysipelas Suum) მთელ მსოფლიოში გავრცელებული ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მწვავე მინდინარეობისას სეპტიცემიითა და კანის ანთებადი ერითემით, ქრონიკული მიმდინარეობისას კი -ენდოკარდიტით და ართრიტით. უპირატესად აზიანებს 3-12 თვის ასაკის ღორს გაზაფხულ-ზაფხულ-შემოდგომაზე. აგრეთვე ავადდებიან ცხვრები, ფრინველი, ზოგჯერ - მსხვილი რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ძაღლი. ავადდება ადამიანიც.
ეტიოლოგია. აღმძვრელია ბაქტერია - Erysipelathrix Insidioza, რომელიც მდგრადია გარემო ფაქტორების მიმართ და ძლებს მრავალი თვე. ხორცის დამარილება და დაშაშხვა მას ვერ კლავს. დაავადების წყაროა დაავადებული და ბაქტერიამტარებელი ღორი, რომლებიც ბაქტერიას გამოყოფენ შარდთან, ფეკალთან და კანის ქერწლთან ერთად. დაავადების აღმძვრელი ხშირად გადააქვთ მღრნელებს, სისხლისმწოველ მწერებს და ფრინველებს.
სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდია 1-9 დღე და მეტი. მიმდინარეობს ელვისებრი, მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებში. ცხოველი მოწყენილი და მოდუნებულია, ბარბაცებს, უმთავრესად წევს, საკვებს არ იღებს, სხეულის ტემპერატურა მოულოდნელად მატულობს 42°C ზევით, აღენიშნება ყაბზობა ან დიარეა, კუნთების კანკალი, უკანა კიდურების პარეზი, გულის უკმარისობა, სუნთქვა გაძნელებულია, ზოგჯერ ადგილი აქვს ღებინებას, კონიუქტივიტს. ყურებზე, კიდურების შიგნითა ზედაპირსა და მუცელზე გამოხატულია კანი ციანოზი, ჩნდება ლაქები დასაწყისში მოვარდისფრო, შემდეგ კი მუქი წითელი ფერის. ავადმყოფობა გრძელდება 2-4 დღეს. მკურნალობა დროზე თუ არ ჩატარდება, ცხოველი იღუპება.
დიაგნოზი. დაავადების დიაგნოზს ადგენენ ეპიზოოტოლოგიური მონაცემებისა, დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების და ლაბორატორიული გამოკლევის საფუძველზე.
დიფერენციალური დიაგნოზი. ტარდება ჭირთან, პასტერელოზთან, ჯილეხთან, სალმონელოზთან, ლისტერიოზთან, მზის და სითბოს დაკვრასთან.
მკურნალობის წესი. ეფექტურ სამკურნალო საშუალებად ითვლება ჰიპერიმუნური შრატი (კუნთებში ან კანქვეშ 1,5 მლ/კგ) და პენიცილინის რიგის ანტიბიოტიკები (ოქსტრა, ოქსტრანოლგი).
დაავადების პროფილაქტიკა. პროფილაქტიკის მიზნით გოჭი იცრება 2-2,5 თვის ასაკში, იყენებენ ღორის წითელი ქარის ვაქცინას და კომბინირებულ ვაქცინას (ერიპესტინი).
შემდგენელი: ანა ბოკუჩავა
ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
-
ფერმერთა ისტორიები – მეფრინველეობის ფერმა ახმეტაში 24.05.2019 4077 ნახვა
-
ლეღვის ჯიშები - არაბული 18.01.2019 2526 ნახვა
-
ხურმის ჯიშები - ფუიუ 15.01.2019 2722 ნახვა