ღომი (Setaria italica) - აგროტექნიკა, მოვლა-მოყვანის წესები
17 / 01 / 2019

ნიადაგის მომზადება. ღომის წარმოებისათვის ნიადაგის მომზადების წესი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: შემოდგომის პერიოდში – ნაწვერალის აჩეჩვა, მზრალად ხვნა, 23-25 სმ-ის სიღრმეზე. ხოლო გაზაფხულზე კი ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა.

ნიადაგის ძირითადი განოყიერება. ღომისათვის საჭირო საკვები მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგისათვის აგროქიმიური ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებით.

ღომის კულტურის განოყიერებისათვის საჭირო სასუქების საორიენტაციო დოზების დადგენის მიზნით კი შესაძლებელია ვიხელმძღვანელოთ შემდეგი სქემით:

ყოველი ერთი ტონა მოსავლის (ნედლი მარცვლის წონის) მისარებად ღომს ნიადაგიდან გამოაქვს:

  • აზოტი (N) – 12,8 კგ. (სუფთა ნივთიერება).
  • ფოსფორი (P2O5) – 4,4 კგ. (სუფთა ნივთიერება).
  • კალიუმი (K) – 8,4 კგ. (სუფთა ნივთიერება).
  • მაგნიუმი (MgO) – 2,0 კგ. (სუფთა ნივთიერება).
  • კალციუმი (Ca) 4,0 კგ. (სუფთა ნივთიერება).

ღომის კულტურაში ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად კულტურის მიერ გამოტანილი მინერალური ელემენტების რაოდენობების და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით, დგინდება ღომის კულტურაში ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად საჭირო შესატანი მინერალური ელემენტების რაოდენობები.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად საჭიროა ნიადაგში შეტანილი იქნას მინერალური ელემენტების შემდეგი საორიენტაციო რაოდენობები:

  • აზოტი (N) – 16,0 კგ. (სუფთა ნივთიერება).
  • ფოსფორი (P2O5) – 12,4-12,5 კგ. (სუფთა ნივთიერება).
  • კალიუმი (K) – 11,3-13,1 კგ. (სუფთა ნივთიერება).
  • მაგნიუმი (MgO) – 2,5 კგ. (სუფთა ნივთიერება).
  • კალციუმი (Ca) 4,8 კგ. (სუფთა ნივთიერება).

გასათვალისწინებელია რომ აღნიშნული რაოდენობები მოცემულია მხოლოდ ერთი ტონა მოსავლის მისაღებად და იგი უნდა გამრავლდეს იმდენ ტონაზე, რამდენიც დაგეგმილი გვაქვს რომ მივიღოთ.

თესვა. ღომი სხვა პურეულ კულტურებთან შედარებით გვიან ითესება. თესვა იწყება აპრილის მეორე ნახევრიდან და უნდა დასრულდეს მაისის ბოლომდე. მაგრამ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: თუ თესვის ვადამ გადაიწია მაისის ბოლომდე და ამ პერიოდში ნიადაგი გამომშრალია, ასეთ პირობებში დათესვის შემთხვევაში შესაძლოა აღმოცენების გაჭიანურება და მოსავლიანობის შემცირება. აქედან გამომდინარე ღომის თესვის ვადის მაისის თვეში გადაწევა შედარებით გამართლებულია დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც მეტი ტენიანობაა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კი ღომის თესვა უმჯობესია დაიწყოს აპრილის მეორე ნახევრიდან და დასრულდეს აპრილის ბოლომდე.

კვების არეები. ღომი ითესება სამარცვლედ, ფართო მწკრივებად, მწკრივებს შორის დაშორება შეადგენს 45 სმ-ს. ასევე უფრო ეფექტური შესაძლოა აღმოჩნდეს მწკრივთა შორის მანძილების შემცირება და სამაგიეროდ მწკრივში მცენარეთა შორის დაცილების კონტროლი, ანუ ღომის დათესვა მწკრივთაშორის 30 სმ-ის, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 10 სმ-ის დაშორებით. შესაძლებელია ასევე ღომის ზოლებრივი წესით თესვა – ამ დროს ზოლში მწკრივებს შორის საჭიროა 10 სმ-ის დაცილება, ხოლო ზოლებს შორის კი მანძილი უნდა იყოს 45 სმ. ზოგგან იყენებენ ღომის კვადრატულ-ბუდობრივ თესვასაც 45X45 სმ-ზე.

ღომის დასათესად შესაძლებელია გამოყენებული იქნას ჩვეულებრივი ხორბლის სათესი მანქანები.

თესვის ნორმა. ღმის თესვის ნორმა დამოკიდებულია თესვის წესსა და კვების არეზე. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ერთ ჰა-ზე საჭიროა საშუალოდ 4-დან 15 კგ-მდე თესლი. ასევე გასათვალისწინებელია რომ შედარებით მშრალ ადგილებში თესვის ნორმა უფრო ნაკლებია საჭირო, ვიდრე ტენით უზრუნველყოფილ ნაკვეთებში.

თესლის ჩათესვის სიღრმე. ღომის თესლის ჩათესვის სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის მექანიკურ შემადგენლობაზე და ტენით უზრუნველყოფის საკითხებზე. ანუ ურწყავ და მსუბუქი შემადგენლობის (ფხვიერ) ნიადაგებზე ღომი შედარებით ღრმად ითესება, დაახლოებით 4-5 სმ-ის სიღრმეზე. ხოლო ტენით უზრუნველყოფილ და მძიმე ნიადაგებში კი ღომი საჭიროა უფრო ზერელედ დაითესოს – 2-3 სმ-ის სიღრმეზე.

დათესვის შემდეგ სასურველია ნათესის მოტკეპვნა საბეკნელით – ეს უზრუნველყოფს თანაბარ აღმონაცენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ღომის კულტურისათვის.

ნათესის მოვლა. აღმოცენების შემდეგ, როდესაც მცენარე განივითარებს 2-3 ფოთოლს, საჭიროა ჩატარდეს პირველი თოხნა და ამასთან ერთად უნდა მოხდეს ნათესის შემეჩხერება, მწკრივებში მცენარეთა შორის დაგეგმილი მანძილების დატოვებით. გასათვალისწინებელია რომ პირველი თოხნა უნდა ჩატარდეს შეძლებისდაგვარად ფრთხილად, მცირე (მაქსიმუმ 4-5 სმ-ის) სიღრმეზე, რადგან ამ დროს ღომის აღმონაცენის გამორჩევა სარეველებისაგან რთულია და საჭიროა ყურადღება, რათა არ დაზიანდეს მცენარე.

ნათესის შემდეგი თოხვნები და სარეველებისაგან გასუფთავება გრძელდება მანამ, სანამ ღომის მცენარე არ განივითარებს თაველს („თავთავს“). ამ პერიოდის მანძილზე, უშუალოდ კონკრეტულ ნაკვეთში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ღომს შეიძლება დასჭირდეს საშუალოდ 2-3-ჯერ გათოხნა.

იმ შემთხვევაში თუ ვეგეტაციის პერიოდში დაგეგმილია დამატებითი გამოკვების სახით სასუქების შეტანა, აუცილებელია რომ სასუქის შეტანა მოხდეს უშუალოდ თოხნის ოპერაციების წინ.

მოსავლის აღება. ღომს იღებენ უშუალოდ კომბაინებით. ამ მცენარის დადებითი მხარე ის არის რომ მისი თაველის მარცვალი დაახლოებით ერთდროულად შემოდის, რაც აადვილებს მოსავლის აღების ვადის სწრო დადგენას.

სიმწიფის მაჩვენებლები. ღომის შემოსვლას იწყებს ყვავილობის დამთავრებიდან 30-40 დღის შემდეგ. მოსავლის აღების პერიოდში ღომის ჩალა და თვით თაველიც წყლის საკმაო რაოდენობას შეიცავს, რის გამოც რთულდება მისი გამოლეწვა. ამიტომ კარგ შედეგს იძლევა მოსავლის ორ ფაზად აღება:

  1. მოჭრა სამკელების საშუალებით და ღვარეულებათ დატოვება
  2. ღვარეულების შეშრობის შემდეგ მათი აღება კომბაინით და გალეწვა

კომბაინიდან გამოლეწილი მარცვალი აგრეთვე ტენიანია და საჭიროა იგი სათანადოდ განიავდეს, შეშრეს და შემდეგ იქნას შენახული.

სათესლე მიზნებისთვის ღომის სათესლე მასალის ასაღებად, საქართველოში გავრცელებული წესი იყო ჯერ კიდევ მინდორში კარგად განვითარებული ძლიერი მცენარეების შერჩევა და უშუალოდ მათი თესლის აღება. ამ დროს ასეთ ძლიერად განვითარებულ, საღ მცენარეებს აჭრიდნენ თაველებს , აშრობდნენ კალოზე და შემდეგ გამოლეწავდნენ.

მსგავსი სიახლეები