ღორის დაავადებები - აუესკის დაავადება (ცრუ ცოფი)
17 / 01 / 2019

აუესკის დაავადება (ცრუ ცოფი ) გადამდები დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია სპეციფიკური ვირუსით. ავადდება ყველა სახის ცხოველი, მიმდინარეობა მწვავეა და ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით. დაავადების მიმართ ნაკლებ ამთვისებელია ადამიანი.

აღმძვრელი. დნმ შემცვლელი ვირუსია, მისი აღმოჩენა შეიძლება თავისა და ზურგის ტვინში, ფილტვებში, ელენთაში, ღვიძლში, კუნთებში, ლიმფურ კვანძებში, კანში.

ეპიზოოტოლოგიური მონაცემები. ინფექციის ძირითადი წყარო დაავადებული ცხოველები არიან, რომლებიც გამოყოფენ ვირუსს ცხვირის ღრუდან ლორწოსთან ერთად, კონიუნქტივალური სეკრეტით, შარდით, რძით, საშოდან გამონადენით. ცხვირის ღრუს ლორწოში ვირუსის აღმოჩენა ხდება ინკუბაციურ პერიოდში. 

ხანგრძლივი ვირუსმატარებელობა (187 დღე) და გამოყოფა გარემოში შეინიშნება დაავადება მოხდილ ღორებში.

დასენიანება ბუნებრივ პირობებსი ხდება უმთავრესად ალიმენტური გზით (ვირუსით დაბინძურებული საკვები, წყალი).

მეღორეობის ფერმებში დაავადება სწრაფად ვრცელდება და მნიშვნელოვანია დანაკარგები. აუესკის დაავადებას არ ახასიათებს სეზონურობა, მაგრამ შემოდგომა-ზამთარში შემთხვევები მეტია, რასაც უკავშირებენ მღრღნელების მიგრაციას შენობაში. ცივ ნესტიან ამინდში დაავადება მიმდინარეობს განსაკუთრებით მძიმედ.

დაავადების სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2  დღიდან 20 დღემდე; ის დამოკიდებულია ვირუსის ვირულენტობაზე შეჭრის ადგილზე, ცხოველის მდგომარეობაზე.

10  დღიდან 3 თვემდე ასაკის გოჭებში, დაავადების პირველი ნიშნებია ცხელება ( ტემპერატურა იწევს 41-42°),  დათრგუნული მდგომარეობა, ლორწოვანი გამონადენი ცხვირის ღრუდან, შემდეგ აღენიშნებათ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება - მოუსვენრობა, წრიული მოძრაობა, პირღებინება, მძინარობა.

მოზრდილ ღორში დაავადება მიმდინარეობს გაცილებით მსუბუქად და ხშირად შეუმჩნეველი რჩება. მსხვილფეხა რქიან პირუტყვში აღინინება ტემპერატურის მომატება 41-42°-მდე , უმადობა, მოდუნება, ცოხნის შეწყვეტა, ნესტოების, ტუჩების, თვალების მიდამოში, ზოგჯერ სხვა ადგილებში ძლიერი ქავილი. აღგზნება მატულობს, ცხოველი დაზიანებულ ადგილს კბილებით გლეჯს, ვითარდება საღეჭი და კისრის კუნთების კრუნჩხვები, ნერწყვდენა და სხვა ნერვული მოვლენები.

დიაგნოზი. წინასწარი დიაგნოზი დაისმის ეპიზოოტოლოგიური და კლინიკური ნიშნების საფუძველზე.  პათოლოგიურ - ანატომიური სურათი გამოკვეთილი არ არის. აუცილებელია დიაგნოზი დადასტურდეს ბიოლოგიური სინჯით.

დიფერენციული დიაგნოზი. აუცილებელია გამოითიშოს ცოფი. მხედველობაშია მისაღები ის, რომ აუესკის დაავადების დროს ცხოველებს აგრესიულობა არ ახასიათებთ.

მკურნალობა. მკურნალობის სპეციპიკური საშუალებებლი არ არსებობს. გართულების თავიდან ასაცილებლად იყენებენ ანტიბიოტიკებს.

იმუნიტეტი.  ბუნებრივ პირობებში დაავადების მოხდის შემდეგ ცხოველები ხანგრძლივი დროით იძენენ მდგრად იმუნიტეტს.

პროფილაქტიკა. დაავადების გაჩენის შემთხვევაში ცხადდება კარანტინი. იკრძალება ცხოველების შემოყვანა და გაყვანა, ღორების გადაადგილება, წყვეტენ დაგრილებას და სხვა. ატარებენ მიმდინარე დეზინფექციას, დერატიზაციას. ასევე სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აღკვეთენ დაავადების შემდგომ გავრცელებას.

ნაკელი და ქვეშსაფენი უვნებელდება ბიოთერმულად, წუნწუხი - ქლორიანი კირით, იძულებით დაკლული ცხოველის ტან -ხორცი უნდა მოიხარშო. ტყავს არ აძრობენ, იგი იტრუსება. ლეში ნადგურდება დაწვით.

კარანტინი იხსნება ერთ თვეში, დაავადების ბოლოს შემთხვევიდან.

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები