ხორბლის აგრობიოლოგიური დახასიათება
17 / 01 / 2019

ხორბლის გვარი Triticum L. მრავალი სახით არის წარმოდგენილი. მორფოლოგიურ-ბიოლოგიური და გენეტიკური ნიშნებით აღწერილია ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ხორბლის 22 სახეობა. მაგრამ ამათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია ორ სახეობა:

  1. რბილი ხორბალი (Triticum aestivum L.).
  2. მაგარი ხორბალი(Triticum durum Dest.).

რბილ ხორბალს აქვს მოგრძო ფორმის თავთავი, რომელიც წინა მხრიდან განიერია. თავთუნები იმდენად დაშორებით ზიან ღეროზე რომ გვერდის მხრიდან ნათლად მოსჩანს თავთაბის ღერაკის ნაწევრები. თავთავი ფხიანია ან უფხო. თავთნის კილები მოკლეა და ვერ ფარავს ყვავილის კილებს. ფხები შედარებით მოკლეა, გაფარჩხულად განწყობილი. თავთუნში 4-5 ყვავილია, საიდანაც საშუალოდ ვითარდება 2-3 ყვავილი, რომელიც მარცვალს იკეთებს.

მარცვალი ფუძეში რამდენადმე გამობერილია, წვერზე კარგად გამოსახული ბეწვების კონით. გარემო პირობების და ჯიშების მიხედვით მარცვალი განაჭერში უმეტესად ფქვილისებრი კონსისტენციისაა, გვხვდება ნახევრად-რქისებრი ან რქისებრი აგებულებებიც.
ღერო მთელ სიგრძეზე ღრუა, 5-6 მუხლთშორისით, სიგრძე მერყეობს 45 სმ-დან 2 მეტრამდე.
არსებობს ამ სახეობის როგორც საგაზაფხულო, ასევე საშემოდბომო ჯიშები. საქართველოში გავრცელებულია ძირითადად საშემოდგომო ფორმები.

მაგარ ხორბალს აქვს ფხიანი თავთავი, რომელიც მოგრძო ფორმისაა და განივ გადანაჭერზე რამდენადმე კვადრატული. თავთუნები მჭიდროდ არის გაწყობილი თავთავის ღერაკზე, რის გამოც გვერდიდან არ ჩანს მისი ნაწევრები.

მარცვალი მსხვილია, მოგრძო, განივ გადანაჭერში კუთხიანი, უმეტესად რქისებრი კონსისტენციით. მარცვლის წვერში ბეწვების კონა სუსტად გამოსახულია, კარგად ემჩნევა ჩანასახი.
ღერო რბილის ხორბლის ღეროსთან შედარებით უფრო მაღალია და უხეში, მისი ზედა მუხლთშორისი შიგნით ამოვსებულია რბილი პარენქიმით. ფოთოლი ფართოა, შებუსვილია მოკლე ბეწვებით. ფოთლის ღარი შეუბუსავია.

დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი. საშემოდგომო ხორბალი ძირითადად თბილზამთრიან რაიონებში მოყავთ. მისი თესლის გაღივება იწყება 1-2°C ტემპერატურაზე, მაგრამ აღმოცენებისა და ნორმალური განვითარებისათვის საჭიროა 12-15°C, ხორბლის ბარტყობა ნორმალურად მიმდინარეობს 8-10°C პირობებში, ხოლო 3-4°C -ზე წყვეტს ვეგეტაციას. მასზე უარყოფითად მოქმედებს დღეღამური ტემპერატურის მკვეთრი რყევა, დღისით პლიუს 5-10°C და ღამით მინუს 10°C. უთოვლო ზამთარში დამღუპველია – 16-18°C, ხოლო 20 სმ თოვლის საფარის ქვეშ – 3°C.
საშემოდგომო ხორბალი ბარტყობას იწყებს შემოდგომაზე და აგრძელებს გაზაფხულზე. ბარტყობისათვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 8-10°C, ამ პერიოდში ის კარგად უძლებს ზამთრის 25-30°C ყინვას. თოვლის საფარის ქვეშ მას შეუძლია – 40°C-ზეც არ მოიყინოს.

საგაზაფხულო ხორბალი სუსტი ყინვაგამძლეობით ხასიათდება, ამიტომ არის რომ ჩრდილოეთ რაიონებში და მთიან ზონაში ის გაზაფხულზე ითესება. იმ რაიონებში, სადაც ზამტარი შედარებით თბილია, საგაზაფხულო ხორბლის ზოგიერთი სახეები (მაგ. შავფხვა, თავთუხი და სხვ.) შეიძლება გვიან შემოდგომაზეც დაითესოს.

საგაზაფხულო ხორბლის თესლი გაღივებას იწყებს 3-4°C სითბოს პირობებში. გაზაფხულის მცირე ყინვები მისი აღმონაცენისათვის საშიში არ არის. მისი განვითარება პირველ რიგში დამოკიდებულია ტენით უზრუნველყოფაზე. იმის გამო რომ იგი გაზაფხულზე ითესება, არ აქვს საშუალება რომ გამოიყენოს შემოდგომის პერიოდი ზრდა-განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, გაზაფხულის შედარებით მცირე პერიოდი აქვს გაღივება-განვითარებისათვის. ამიტომ უვითარდება სუსტი ფესვთა სისტემა, საშემოდგომო ხორბალთან შედარებით, რის გამოც აქვს უფრო მეტი მოთხოვნილება ტენზე, ვიდრე საშემოდგომო ხორბალს.
კიდევ უფრო მეტ მოთხოვნილებას უყენებს საშემოდგომო ხორბალი ნიადაგებს. ის ვერ ეგუება საკვები ნივთიარებებით ღარიბ მჟავე ნიადაგებს. ასევე არ უყვარს მძიმე და პირშეკრული ნიადაგები. უკეთესად ეგუება ნეიტრალურ, ან ოდნავ ტუტე რეაქციის ნიადაგებს.

ქიმიური შემადგენლობა. ხორბლის მარცვალი ჯიშების მიხედვით სხვადასხვა რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, სახამებელს, უჯრედანას, ნაცარს და წებოგვარას.

ადგილი თესლბრუნვაშისაშემოდგომო ხორბლისათვის წინამორბედის ღირსება მით უფრო მაღალია, რაც უფრო ადრე ათავისუფლებს იგი მინდორს. აღმოსავლეთ საქართველოს ურწყავ პირობებში ასეთი წინამორბედებია: სამარცვლე პარკუსანი კულტურები; სასილოსე სიმინდი; სიმინდი მწვანე საკვებად; ერთწლიანი პარკოსნებისა და მარცვლოვნების (შვრიანარევი ბარდა ან ცერცველა) ნარევი საკვებად; მრავალწლიანი ბალახების კორდი და მზესუმზირა, ხოლო სარწყავებში სამარცვლე სიმინდი (მოკლე ვეგეტაციის); ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები; მრავალწლიანი ბალახების კორდი; სანაწვერალო კულტურები; სამარცვლე პარკოსანი კულტურებით (ლობიო, სოია, ბარდა) მოთესილი ანეული.
საერთოდ სასურველი წინამორბედი კულტურებია: სიმინდი, ჭარხალი, კარტოფილი, ბაღჩეული და პარკოსანი კულტურები.

მსგავსი სიახლეები