
ნიადაგის შერჩევა. დაფნის პლანტაციების გასაშენებლად უნდა შეირჩეს ვაკე ადგილები და ფერდობები 200-ის დაქანებამდე. დაფნის კულტურა ნიადაგების მიმართ ნაკლებად მომთხოვნია, მაგრამ კარგად ხარობს ნეშომპალა კარბონატულ ფხვიერ და კარგი სტრუქტურის მქონე ნიადაგებზე, თუმცა ვითარდება წითელმიწა, ყვითელმიწა და სუსტად გაეწრებულ ნიადაგებზე მოკირიანების ჩატარების შემდეგ.
დაფნა ქვეტყის მცენარეა და შედარებით კარგად იტანს ჩრდილს ამიტომაც დაფნის გაშენება შეიძლება მაღალტანიანი მერქნოვანი ჯიშების ნარგაობაში. დაჩრდილვასთან ერთად დაფნა კარგად იტანს შემჭიდროებულ დარგვასაც. წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 6.5-დან 7.5-მდეა.
იმ შემთხვევაში, თუ დაფნის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის დაფნის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.
ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი pH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.
მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.
ნიადაგის მომზადება ბაღის გასაშენებლად. გაშენებამდე საჭიროა ნიადაგის ღრმა დამუშავება – ღრმად მოხვნა, ან საჭიროების შემთხვევაში პლანტაჟი 60-70 სმ-ის ან მეტ სიღრმეზე. პლანტაჟი ტარდება დარგვამდე სულ მცირე 5-6 თვით ადრე. სხვა შემთხვევაში ტარდება საშემოდგომო ღრმა ხვნა. სასუქები შეიტანება ნიადაგის ღრმად მოხვნის ან პლანტაჟის წინ. შესატანი სასუქების ზუსტ დოზებს ადგნენენ კონკრეტული ნაკვეთის აგროქიმიური ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე.
თუ დაფნის ბაღის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა დაფნა, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა დაფნის ახალი ბაღის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები.
დარგვა-დარგვის წესი. დარგვის წინ ნიადაგს ასწორებენ – აფხვიერებენ, ნაკვეთს აგეგმავენ და იღებენ დასარგავ ორმოებს, დარგვამდე 2-3 დღით ადრე.
პლანტაციას აშენებენ შპალერულად ან ბუჩქური წესით. ნერგისათვის იღებენ ორმოებს (სიღრმე-25 სმ. სიგანე-20-25 სმ).
პლანტაციის ბუჩქური წესით გაშენებისას ნაკვეთი უნდა დაიგეგმოს 1,5X1 მ. კვების არით. შპალერული წესით გაშენებისას 8°-ზე უფრო მეტი დაქანების ფერდობებზე მწკრივებს შორის მანძილი 1 მ, ვაკე და 8°-მდე დაქანებულ ნაკვეთებზე – 2-2,5 მ. მწკრივებში მცენარეთა შორის მანძილი ორივე შემთხვევაში 50 სმ. უნდა იყოს. პლანტაციის გასაშენებლად ბუჩქური წესით 1 ჰა-ზე საჭიროა 6700 ნერგი, ხოლო შპალერული წესით დარგვისათვის კი 11500 ნერგი.
უშუალოდ დარგვისას შესატანი მინერალური და ორგანული სასუქების ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.
დაფნის ბაღის მოვლა.
ნიადაგის განოყიერება – სასუქების შეტანა. დაფნის პლანტაციაში ნიადაგის განოყიერებისათვის საჭირო მინერალური და ორგანული ნივთიერებების ზუსტი დოზების გამოანგარიშება წარმოებს ნიადაგის აგროქიმიური ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე. ამავე დროს, შესაძლებელია გამოთვლილი იქნას ზოგადი, საორიენტაციო რაოდენობები პლანტაციის ასაკის მიხედვით, რაც წამორდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილებში:
ერთიდან - ოთხ წლამდე ასაკის პლანტაციის განოყიერების საორიენტაციო სქემა:
ელემენტის დასახელება |
შესატანი რაოდენობა (გრ./კგ./ძირზე) |
შეტანის ვადა |
შენიშვნა |
აზოტი |
50 გრ./ძირზე |
ვეგეტაციის პერიოდი |
შეიტანება ყოველწლიურად |
ფოსფორი |
150 გრ./ძირზე |
გვიანი შემოდგომა |
შეიტანება ყოველწლიურად |
კალიუმი |
200 გრ./ძირზე |
გვიანი შემოდგომა |
შეტანა ხდება 2 წელიწადში ერთხელ |
ორგანული |
50-100 კგ./ძირზე |
გვიანი შემოდგომა |
შეტანა ხდება 4 წელიწადში ერთხელ |
5-დან 6 წლამდე ასაკის პლანტაციის განოყიერების საორიენტაციო სქემა
ელემენტის დასახელება |
შესატანი რაოდენობა (გრ./კგ./ძირზე) |
შეტანის ვადა |
შენიშვნა |
აზოტი |
100 გრ./ძირზე |
ვეგეტაციის პერიოდი |
შეიტანება ყოველწლიურად |
ფოსფორი |
200 გრ./ძირზე |
გვიანი შემოდგომა |
შეიტანება ყოველწლიურად |
კალიუმი |
200 გრ./ძირზე |
გვიანი შემოდგომა |
შეტანა ხდება 2 წელიწადში ერთხელ |
ორგანული |
50-100 კგ./ძირზე |
გვიანი შემოდგომა |
შეტანა ხდება 4 წელიწადში ერთხელ |
6 წელზე მეტი ასაკის პლანტაციის განოყიერების საორიენტაციო სქემა
ელემენტის დასახელება |
შესატანი რაოდენობა (გრ./კგ./ძირზე) |
შეტანის ვადა |
შენიშვნა |
აზოტი |
150-250 კგ./ძირზე |
ვეგეტაციის პერიოდი |
შეიტანება ყოველწლიურად |
ფოსფორი |
200 კგ./ძირზე |
გვიანი შემოდგომა |
შეიტანება ყოველწლიურად |
კალიუმი |
200 კგ./ძირზე |
გვიანი შემოდგომა |
შეტანა ხდება 2 წელიწადში ერთხელ |
ორგანული |
50-100 კგ./ძირზე |
გვიანი შემოდგომა |
შეტანა ხდება 4 წელიწადში ერთხელ |
ნიადაგის დამუშავება დაფნის ბაღში. ბაღში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება. ამ მიზნით ტარდება მწკრივთაშორისების 3-4-ჯერად გათოხნა ან კულტივაცია 5-7 სმ. სიღრმეზე. ნიადაგის საზამთრო გადაბარვა წარმოებს 10-12 სმ სიღრმეზე. სრულმოსავლიანი პლანტაციების გადაბარვა ხდება 4 წელიწადში ერთხელ. გადაბარვის ვადა 15 ნოემბრიდან 1 აპრილამდეა.
მორწყვა. 1-4 წლამდე მცენარეები აქტიური ვეგეტაციის პერიოდში, უშუალოდ ადგილზე არსებული სიტუაციის მიხედვით, საჭიროა საშუალოდ 5-8-ჯერ მოირწყას მშრალ რაიონებში, ხოლო ტენიან რაიონებში კი იგივე ასაკის მცენარეების მორწყვა სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში საშუალოდ 2-3-ჯერ წარმოებს. თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 400-500 მ3. მორწყვა შესაძებელია ჩატარდეს როგორც წვეთოვანი სისტემით, ასევე დაწვიმებით ან კვლებში მიშვებით.
სხვლა-ფორმირება. დაფნა შესაძლებელია გაისხლას მრავალი ფორმით, რადგან ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე იგი იძლევა ვარჯის საჭიროებისამებრ ფორმირების საშუალებას. ამავე დროს შტამბის მოვლისას აუცილებელია ღეროების მკვდარი ქერქისაგან სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება და დაზიანებული-დაავადებული ან გამხმარი ტოტების დროული მოცილება ვარჯიდან.
მოსავლის აღება-შენახვა. დაფნის პლანტაცია სრულმოსავლიანი ხდება გაშენებიდან მე-8, მე-9 წელს.
ჰაერმშრალი ფოთლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 3-5 ტონას შეადგენს.
დაფნის მწვანე მასის აღება იწყება პლანტაციის გაშენებიდან მეორე ან მესამე წელს, აუცილებლად მშრალ ამინდში 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე. მოსავლის აღების პირველ წელს ბუჩქი გადაიჭრება ბაღის მაკრატლით ფესვის ყელიდან 10-15 სმ-ის სიმაღლეზე. პირველი გადაჭრის შემდეგ მცენარე ივითარებს გვერდით ტოტებს და ფოთლის მომცემ არეს ზრდის. მომდევნო აჭრა წარმოებს ფესვის ყელიდან 20-25 სმ სიმაღლეზე. პირველი ორი აჭრის შემდეგ მოსავლის აღება ხდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. პლანტაციის ყოველწლიური ექსპლოატაცია მცენარეთა ცხოველუნარიანობის დაქვეითებას და მოსავლიანობის შემცირებას იწვევს.
ბაღის შეჭრა წარმოებს კარგად გალესილი იარაღით, სუფთად, ოდნავ ირიბად. ამისათვის იყენებენ სეკატორს, შპალერულ მაკრატელს, ბაღის ხერხს.
ნასხლავი მასალა თავსდება სათანადო ფარდულში, მშრალ და კარგად ვენტილირებულ გარემოში, დაუშვებელია ნასხლავი მასალის მზეზე შრობა. მოჭრილი ტოტები დაწყობილი უნდა იყოს ვერტიკალურად პატარ-პატარა კონებად ან გროვად, ან დაყრილი ცალკეულ ტოტებად სტელაჟებზე და ყოველ 3-4 დღეში ერთხელ სახმობად დალაგებული ტოტები უნდა შებრუნდეს, რათა შრობა იყოს თანაბარი. ხელსაყრელ პირობებში ფოთოლი 10-15 დღეში ხმება, ტენიან ამინდში კი ხმობის პროცესი 20-25 დღე გრძელდება. ხმელი, სტანდარტული ფოთოლი უნდა იყოს მწვანე ფერის, გადაღუნვის დროს არ უნდა ტყდებოდეს, ტენიანობა 12-14% მდე. ჩასაბარებელი ფოთოლი არ უნდა შეიცავდეს 0,5%-ზე მეტ მინარევს, დასაშვებია ახალგაზრდა ყლორტები 2მმ დიამეტრით არა უმეტეს 10 %-ისა ფოთლებით. ახალგაზრდა ყლორტები 4მმ. დიამეტრით არა უმეტეს 4 %-ისა და მოყვითალო-მწვანე ფოთლები 10%-მდე. გახმობის შემდეგ ტოტები უნდა დაიფოთლოს ხელით, ტოტების წვრილი ბოლოები 2-3 ფოთლით შეიძლება გადატეხილი იქნას მთლიანად. დაფოთვლის დროსვე ხდება უვარგისი ფოთლების გადარჩევა, რათა არ მოხვდეს ხარისხიან პროდუქციაში. დახარისხებული პროდუქცია თავსდება სუფთა ჰაერგამტარ ტომრებში და მზადდება სარეალიზაციოდ. დაფნის ფოთლის რეალიზება სასურველია გამზადებიდან 2-3 თვის განმავლობაში.
თანამედროვე პირობებში შესაძლებელია დაფნის ფოთლის, დასაშვებ კონდიციამდე შრობა სპეციალური ხელოვნურად შრობის მიკროტალღური ვაკუუმ -დანადგარების საშუალებით, ასევე დიდი წარმადობის კომპანიები იყენებენ ფოთლის დამკალიბრებელ-დამხარისხებელ და დასაპრეს მოწყობილობებს.
-
მაყვლის ჯიშები - ჰუაჩიტა 18.01.2019 1936 ნახვა
-
მუხუდოს მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია 15.01.2019 2824 ნახვა
-
მარწყვის წარმოების აგროტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 3612 ნახვა