ცხვრის ლისტერიოზი - სიმპტომები და მკურნალობა
17 / 01 / 2019

ლისტერიოზი. ცხოველთა ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ნერვული სისტემის დაზიანებით, სეფსისის მოვლენებით, აბორტებით და მასტიტებით.

ცხოველების დაინფიცირება ხდება ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსებიდან, კუჭნაწლავის ტრაქტიდან, დაზიანებული კანიდან.

ლისტერიოზით ავადდება ადამიანიც.

პათოგენოზი. ცხოველის დაინფიცირება ხდება ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსებით, საჭმლის მომნელებელი ტრაქტით, დაზიანებული კანით.

ცხოველის დაინფიცირება ხდება ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსებით, საჭმლის მომნელებელი ტრაქტით, დაზიანებული კანით. ლისტერიების შეჭრა ორგანიზმში იწვევს სეფსისს, ცალკეული ორგანოებისა და სისტემების დაზიანებას. ლისტერიოზის სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობა დამოკიდებულია მიკრობის ვირულენტობაზე, დამაინფიცირებელ დოზაზე, შეჭრის გზაზე, ასაკზე, ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე ( მაკეობა ) და სხვა.

დაავადების სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 7-30 დღე. დაავადება , მიმდინარეობს მწვავედ და ქვემწვავედ. მას ახასიათებს რამდენიმე კლინიკური ფორმა - ნერვული, სეპტიცემიური, შერეული, წაშლილი, უსიმპტომო, სასქესო ორგანოების დაზიანება (აბორტი, მომყოლის შეჩერება, ენდომეტრიტები და მეტრიტები), ლისტერიოზული მასტიტები.

დაავადებულ ცხვარს ხშირად უზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა. 1-2 დღეში შეინიშნება წრიული მოძრაობა, წონასწორობის დაკარგვა, კრუნჩხვები, კისრის მოგრეხვა, მხედველობის დაკარგვა.

დიაგნოზი. დაავადების დიაგნოზი დაისმის ეპიზოოტოლოგიური მონაცემების, კლინიკური სურათი, ბაქტერიული და სეროლოგიური გამოკვლევების და გაკვეთის საფუძველზე.

დიფერენციული დიაგნოზი. ლისტეროზი უნდა განვასხვავოთ ბრუცელოზისაგან, ვიბრიოზისაგან და ტრიხომონიზისაგან

მკურნალობა. სამკურნალოდ გამოიყენება ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები; ბიომიცინი, ტერამიცინი, ტეტრაციკლინი. მკურნალობა ეფექტურია დაავადების საწყის სტადიაში. ერთდროულად იყენებენ სიმპტომატურ საშუალებებს.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები. ლისტერიოზის გაჩენის შემთხვევაში ახდენენ მთელი სულადობის გამოკვლევას, ავადმყოფებს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, აგზავნიან დასაკლავად.

დანარჩენ სულადობას პროფილაქტიკური მიზნით აძლევენ ანტიბიოტიკებს - ბიომიცინს, ტერამიცინს, ტეტრაციკლინს.

სადგომს, სადაც იმყოფებოდა დაავადებული პირუტყვი, უტარდება დეზინფექცია 3%-იანი ცხელი ნატრიუმის ტუტის ხსნარით, 5 % - იანი ქსილონაფტის ემულსიით, 6 % - იანი კრეოლინის ემულსიით, 20 % - იანი ახალჩამქრალი კირით, ქლორიანი კირის ხსნარით - 2% აქტიური ქლორის შემცველობით. ნაკელს აუვნებელყოფენ ბიოთერმული წესით, სპობენ მღრღნელებს.

დაავადებული პირუტყვის თავი და დაზიანებული შინაგანი ორგანოები ნადგურდება. ტანხორცი იხარშება (ნაჭრები არ უნდა აღემატებოდეს  2 კგ) 2 საათის განმავლობაში და გამოიყენება ადგილზე.

მეურნეობა, სადაც გამოვლინდა ლისტერიოზი, ცხადდება არაკეთილსაიმედოდ. იკრძალება ცხოველების შემოყვანა და გადაყვანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიჰყავთ სასაკლაოზე, იკრძალება ტანხორცის გატანა გაუვნებლობის გარეშე, ასევე საკვები, რომელიც შეხებაში იყო ავადმყოფ ცხოველთან, მეურნეობას შეზღუდვები ეხსნება 2 თვის შემდეგ დაავადების ბოლო შემთხვევიდან და დასკვნითი დეზინფექციის ჩატარებიდან.

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები