ფორთოხალი - ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
17 / 01 / 2019

ფორთოხალი (ლათ. Citrus sinensis (L.) Osbeck) – ციტრუსის გვარის ტეგანისებრთა ოჯახის, მრავალწლიანი, მარადმწვანე, საკმაოდ დიდი ხე-მცენარეა, ძლიერ საძირეზე დამყნილი 12 მ-მდე იზრდება, სუსტ საძირეზე – ტრიფოლიატზე დამყნილი ფორთოხლის სიმაღლე 4—6 მეტრამდეა.

ფორთოხლის უდიდესი მწარმოებელია ბრაზილია (აწარმოებს მსოფლიო მოცულობის დაახლოებით 25%-ს). მეორე უდიდესი მწარმოებელია აშშ. ფორთოხალი ფართოდაა გავრცელებული ესპანეთში, იტალიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში.

ფოთოლმცვენი მცენარეებისაგან განსხვავებით ფორთოხალი ფოთლებს მორიგეობით იცვლის მთელი წლის განმავლობაში. იგი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყვავილობს, მაგრამ ტროპიკულ ქვეყნებში ფორთოხლის ზოგიერთი ჯიში წელიწადში 2-3-ჯერ ყვავილობს.

ვეგეტაციურად ნამრავლი მცენარეები (მყნობით გამრავლებული), ნათესარებთან შედარებით, ადრე იწყებენ მსხმოიარობას. მყნობით მიღებული ნერგები პირველ ნაყოფს მე-4-5 წელს იძლევიან, ხოლო სრულ მსხმოიარობაში მე-8 წელს შედიან. თესლით ნამრავლი მცენარეები მსხმოიარობას იწყებენ მე-10 წელს. ფორთოხლის ხეების სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სხვადასხვა პირობებზე – კლიმატზე, საძირეზე, აგროტექნიკასა და სხვა ფაქტორებზე, (ნორმალური აგროტექნიკური მოვლის პირობებში, სიცოცხლის ხანგრძლივობა 80-100 წლამდეა), მათი მოსავლიანობა 45 წლამდე მატულობს, ხოლო შემდეგ მცირდება, ფორთოხლის წარმოებითი მნიშვნელობა 40 წელია.

ფორთოხლის ტოტები ეკლიანია ან უეკლო. მათი სიგრძე 2 მ-ს არ აღემატება. ფოთლები -წვრილი, მუქი მწვანე, ყუნწები ვიწრო-ფრთიანი.

ნაყოფი მრგვალი ან ოვალური ფორმისაა. მისი კანი ძნელად სცილდება რბილობს.
დამოკიდებულება აგროკლიმატურ ფაქტორებთან. ფორთოხალი სითბოსმოყვარული მცენარეა, ცივ კლიმატურ პირობებში ნაყოფი ვერ ასწრებს მომწიფებას. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ფორთოხლის ვეგეტაცია იწყება, როცა ჰაერის საშ. ტემპერეტურა 10-12°C-ია, ხოლო აქტიური ზრდა 20-25°C-ზე. კრიტიკულ ტემპერატურად ითვლება + 37°C, უფრო მაღალ ტემპერატურაზე ზრდა ჩერდება. საქართველოში, ღია გრუნტის პირობებში, მას გააჩნია ორი, იშვიათად სამი ზრდის პერიოდი. პირველი პერიოდი იწყება მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში და გრძელდება ივნისის ბოლომდე, ხოლო მე-2 პერიოდი იწყება აგვისტოს დასაწყისში და გრძელდება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.
ფორთოხალი ნაკლებად მომთხოვნია ტენიანობის მიმართ. ნორმალურად ვითარდება როცა ნიადაგის ტენიანობა 75-85%-ია.

ფორთოხალი კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე, ეგუება როგორც მჟავე ისე ტუტე რეაქციის ქვიშნარ და თიხნარ ნიადაგებს, მისი გაშენება არ არის რეკომენდირებული დამლაშებულ ნიადაგებზე.

ქიმიური შემადგენლობა. ნაყოფი შეიცავს: წყალს 78-89%-ს, შაქრებს 5-14%-ს, ორგანულ მჟავებს 0,1-1,5%-ს, უჯრედისს 0,8-0,36%-ს, აზოტოვან ნივთიერებებს 0,6-0,7%-ს და გარდა ამისა, ნაყოფი მდიდარია სხვადასხვა სასარგებლო ვიტამინებით.

მსგავსი სიახლეები