ხორბალი - თესვა. აგროტექნიკა, მოვლა-მოყვანა
17 / 01 / 2019

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევანიადაგის მიმართ ხორბლის დამოკიდებულება იმაში გამოიხატება, რომ ის კარგ მოსავალს იძლევა ძირითადი საკვები ელემენტების N, P, K და მიკრო-ელემენტებით უზრუნველყოფილ ნიადაგებზე. შავმიწა, ალუვიურ, ყომრალ ყავისფერ ნიადაგებზე. ხორბლისთვის უვარგისია ჭაობიანი-ტორფიანი და დამლაშებული ნიადაგები.

ხორბლის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 6,0-დან 7,0-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ ხორბლის წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის ხორბლის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის დარგვამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი პH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფომის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით

ნიადაგის ძირითადი დამუშავებახორბლისათვის ნიადაგის დამუშავების სისტემა დამოკიდებულია ადგილობრივ პირობებზე და წინამორბედ კულტურებზე. შემოდგომაზე სათოხნი კულტურებისაგან განთავისუფლებული ნიადაგი 12-14 სმ. სიღრმეზე იხვნება თანმიყოლებული დაფარცხვით. ამ შემთხვევაში ნიადაგი კარგად მუშავდება და მზადდება ხორბლის დასათესად.

თუ ხორბალი ნაბალახარზე ითესება, ნიადაგი აგვისტოში უნდა მოიხნას 25-27 სმ-ის სიღრმეზე.
იმ შემთხვევაში თუ ხორბალი ნახორბლარზე ითესება, ნიადაგი მოსავლის აღებისთანავე იხვნება 20-22 სმ-ის სიღრმეზე.

ნიადაგის დამუშავების წინ შეიტანება ორგანულ-მინერალური სასუქების საჭირო რაოდენობა.
ხორბლის დათესვამდე ტარდება ხნულის კულტივაცია, ხოლო დათესვამდე 1-2 დღით ადრე კი უნდა ჩატარდეს გაფხვიერება 5-6 სმ-ის სიღრმეზე. ამ დროს ჩათესილ მარცვალს შეექმნება აღმოცენებისათვის უკეთესი პირობები.

მნიშვნელოვანი ფაქტორია თესვის ვადების დაცვა. საშემოდგომო ხორბალი კარგად იზამთრებს და მაღალ მოსავალს იძლევა, როცა ის დაზამთრებამდე ასწრებს განივითაროს 3-4 და მეტი ნაბარტყი. ამ დროს ხორბალს კარგად აქვს განვითარებული მწვანე მასა და ფესვთა სისტემა.

თესლის მომზადება დასათესად და თესვამაღალხარისხოვანი თესლით თესვა მაღალი მოსავლის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. დასათესად და განსაკუთრებით ინტენსიური ტექნოლოგიის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სათესლე ნაკვეთებიდან მიღებული, გასავრცელებლად დაშვებული ჯიშის ხორბლის მარცვალი, რომელიც აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს თესლის სისუფთავესა და გაღივების უნარზე. არსებული მოთხოვნების შესაბამისად თესლის 1000 მარცვლის მასა უნდა უტოლდებოდეს 40-50 გრამს, ხოლო ზრდის ძალა არანაკლები 80%-სა. კარგად ამოვსებული თესლიდან მიღებული მცენარეები უფრო ძლიერი და პროდუქტიულია. ისინი უფრო ღრმად და უკეთესად ივითარებს ბარტყობის ნასკვს და ფესვთა სისტემას.

ხორბალი ითესება ხორბლის სათესი სპეციალური მანქანებით. ვიწრო 15 სმ-იან მწკრივებად. მიმართავენ ჯვარედინ დათესვასაც

ნიადაგურ-კლიმატური პირობების მიხედვით ერთ ჰა-ზე ითესება 150-დან 220 კგ-მდე თესლი.
ჩათესვის სიღრმე მსუბუქ და ურწყავ ნიადაგებზე 7-8 სმ-ია, ტენით უზრუნველყოფილ ნიადაგებზე ხორბალი 4-5 სმ-იის სიღრმეზე ითესება. ხოლო ქარიან ადგილებში ხორბალი საჭიროა უფრო ღრმად, 8-9 სმ. სიღრმეზე დაითესოს.

თესვა იმ ვარაუდით უნდა ჩატარდეს, რომ ხორბალს ჰქონდეს სავეგეტაციო პერიოდი 45-55 დღე. ხორბლის დათესვა უნდა ემთხვეოდეს პერიოდს, როცა საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა 14-17°С-ია.
თესვის შემდეგ მაღალეფექტურია ნათესების მოტკეპვნა. ეს ხელს უწყობს ნათესის თანაბარზომიერ განვითარებას და დაიცავს მათ ქარისმიერი ეროზიისგან.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვებახორბლის ნაკვეთში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.
საორიენტაციოდ, 1ჰა-ზე 5 ტონა მოსავლის მისაღებად საჭიროა ნაკვეთში შეტანილი იქნას:

·         აზოტი N – 210 კგ. (სუფთა ნივთიერება).

·         ფოსფორი P – 115 კგ.(სუფთა ნივთიერება).

·         კალიუმი K – 192 კგ. (სუფთა ნივთიერება).

·         მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

·         აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში რამდენიმეჯერ შეტანა, გამოკვების სახით.

·         ფოსფორი P — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.

·         კალიუმი K — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.

დამატებითი ინფორმაცია. მზრალად მოხვნის წინ თუ 1 ჰა-ზე 30 ტონა გადამწვარ ნაკელს შევიტანთ, მინერალური სასუქებიდან საჭირო იქნება: აზოტი 60 კგ, ფოსფორი 40 კგ, კალიუმი 12 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე

მორწყვა. ხორბალი წყლისადმი ყველაზე მომთხოვნია თესლის გაღივების, ბარტყობის და ტანის აყრის ფაზებში. მისი მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.

ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში ხორბალი საშუალოდ 3-ჯერ უნდა მოირწყას.
მორწყვის ერთიანი, ანუ სეზონის განმავლობაში დასახარჯი წყლის საორიენტაციო რაოდენობა ერთ ჰა-ზე არის 2000-2500 კუბ./მ.

მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე დაწვიმებით.

მოსავლის აღება/შენახვა. გავრცელებული წესია მოსავლის კომბაინით აღება. ამ დროს ხორბლის ყანა კარგად უნდა იყოს შემოსული და მარცვალი სრულად მომწიფებული, რათა ის კარგად ილეწებოდეს. მოსავლის აღების მომენტისათვის მარცვლის ტენიანობა 16-17%-ზე მეტი არ უნდა იყოს. მცენარის მოჭრის სიმაღლე დამოკიდებულია ყანის მდგომარეობაზე. მშრალ ადგილებში ყანა 15-20 სმ სიმაღლეზე, ხოლო ტენიან ადგილებში უფრო მაღლა უნდა მოიჭრას. გალეწილი მარცვალი კალოზე გადაიზიდება, სადაც მოხდება მარცვლის განიავება-გასუფთავება.

მსგავსი სიახლეები