ფრინველის ტულარემია - სიმპტომები და მკურნალობა
17 / 01 / 2019

ტულარემია ბუნებრივი ინფექციური დაავადებაა, ავადდებიან მღრღნელები, სასოფლო - სამეურნეო ცხოველები და ფრინველი. ასევე ავადდება ადამიანიც.

აღმძვრელი. მიკრობი წარმოადგენს პატარა ზომის ჩხირებს ან შეიძლება ჰქონდეს კოკობაქტერიების ფორმა. მიკრობის ზომებია  - 0,3 – 0,7 მკმ.

გამძლეობა. ტულარემიის მიკრობი იღუპება პირდაპირი მზის სხივების მოქმედებით ნახევარ საათში, ხოლო განფენილი სხივებით - ერთ დღეში. ნიადაგში საკმარისი ტენიანობის პირობებში მიკრობები ძლებენ 75 დღმდე. ღია წყალსატევებში მიკრობი ძლებს 38 დღემდე. ფრინველის ორგანოებში ბაქტერია ძლებს 40 დღემდე, მარცალში - 142 დღე. მაწონში, ხაჭოში მიკრობი ძლებს 2 დღე-ღამის განმავლობაში, გაყინულ რძეში არ იღუპება 104 დღე. ხოლო ხორცში იგი ძლებს 93 დღე. დამარილებულ ტყავნედლეულში ცოცხლობს 15 დღემდე.

ეპიზოოტოლოგიური მონაცემები. უმთავრესად ავადდებიან წიწილები. დაავადება მათ ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს დასენიანებულ გარემოსთან კონტაქტის შედეგად, მიკრობის შესუნთქვის ან დაავადების გადამტანი მწერების ნაკბენით. დაავადების გამავრცელებლები არიან  ტკიპები, აგრეთვე რწყილები, ბუზანკლები, მღრღნელები და კოღოები. ტულარემიის აღმძვრელი ვირთაგვას ორგანიზმში ინახება - 65 - 117 დღე, მინდვრის თაგვის ორგანიზმში - 78 დღე, ზრდასრული ტკიპების ორგანიზმში - 710 დღე, რწყილების - 49 დღე, კოღოს ორგანიზმში - 27 დღე.

სიმპტომები. დაავადებული ფრინველი კვდება 40 – 45 დღეში. დაავადება მიმდინარეობს ლატენტურად ან სუსტად გამოხატული კლინიკური ნიშნებით.

დიაგნოზი. დაავადების დიაგნოზი დაისმის ეპიზოოტოლოგიური მონაცემების, ალერგიული, სეროლოგიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე.

მკურნალობა. სამკურნალოდ გამოიყენება სტრეპტომიცინი, ოქსიტეტრაციკლინი.

იმუნიტეტი. გამოჯანმრთელების შემთხვევაში ფრინველებს უვითარდებათ იმუნიტეტი.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები. უნდა ტარდებოდე მუდმივი კონტროლი მღრღნელების გამრავლებაზე ტულარემიის ბუნებრივი კერის ზონაში, განადგურებისათვის უნდა გამოვიყენოთ ყველა მიღებული ხერხი. საჭიროა ბრძოლა სისხლისმწოველი მწერების წინააღმდეგ.

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები