ქერი - აგრობიოლოგიური დახასიათება
17 / 01 / 2019

ზოგადი აღწერილობა. ქერი მარცვლოვანთა ოჯახის წარმომადგენელია. იგი მოკლე ვეგეტაციის მცენარეა, მისი გეოგრაფიული გავრცელების არეალი მეტად ფართოა. საქართველოში ქერის კულტურა ადის 2000-23000 მეტრამდე ზღვის დონიდან.

ქერის ფესვთა სისტემა ფუნჯანაირია, ღეროს სიგრძე აღწევს 60-დან 120 სმ-მდე. ფოთლები ნორჩ ასაკში ნათელი მწვანე ფერისაა, შემდეგ პერიოდში ხშირად ჩნდება მასზე ცვილისებრი ნაფიფქი. ფოთლის ღარისა და ფირფიტის საზღვარზე ძლიერ განვითარებულია კაუჭები.

ქერის თავთავის სტრუქტურის თავისებურება იმაშია რომ თავთავის ღერაკის ამონაკვეთზე ზის სამი თავთუნი, თავთუნში თითო ყვავილია. ყვავილის ორივე კილი უმეტეს შემთხვევაში მჭიდროდ შეზრდილია მარცვალთან და გალეწვისას არ სცილდება მას. ზოგიერთ ფორმებში ყვავილის კილები არ არის შეზრდილი მარცვალთან და მაშინ საქმე გვაქვს შიშველმარცვლიან ქერთან. ყვავილის ქვედა კილზე განვითარებულია საკმაოდ გრძელი ფხა, რომელიც მთელ სიგრძეზე დაკბილულია.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. ქერი გრძელი დღის მცენარეა ხანგრძლივი განათების პირობებში ინტენსიურად მიმდინარეობს ყვავილობა და მარცვლის დასრულება, ქერის აღმოცენება იწყებს 3-4°С სითბოს პირობებში, სითბოს მატებასთან ერთად ნახშირორჟანგის შეთვისებაც იზრდება. ქერის აღმოცენება და ბარტყობა ნორმალურად მიმდინარეობს 12-15°С სითბოს პირობებში, ქერის აღმოცენებისა და ბარტყობის ენერგიაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს ნიადაგის ტენი, ბარტყობაზე თავისებურ გავლენას ახდენს აგრეთვე თესლის ხარისხი. წვრილი თესლი სუსტ ნაბარტყებს იძლევა. მცენარის ზრდა-განვითარება დიდად არის დამოკიდებული ფესვთა სისტემის სიძლიერეზე, სითბოსა და სინათლის ნაკლებობა, ნიადაგში ტენის უკმარისობა ფესვთა სისტემის განვითარებას ძლიერ აბრკოლებს, ნიადაგის ფხვიერი სტრუქტურით მდგომარეობა, საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა და ნორმალური ტენი აძლიერებს მცენარის ფესვების განვითარებას.

ნათელი და მზიანი ამინდების დროს, 18-20°С პირობებში, მცენარე აჩქარებს თავთავის ამოტანას, ღრუბლიანი ამინდი ანელებს ამ პროცესს. დათავთავებზე თავისებურ გავლენას ახდენს ნიადაგის ნაყოფიერება და სასუქები. აზოტიანი სასუქები და ნაკელი აჩქარებს აღმოცენებას. აგრძელებს პერიოდს აღერებიდან დათავთავებამდე, ხოლო ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები რამდენიმე დღით ამოკლებენ. ყვავილობა ხელსაყრელ გარემო პირობებში ერთი კვირის განმავლობაში მთავრდება, ხოლო თბილ და მშრალ ამინდში ეს პერიოდი 2-3 დღით მცირდება.

როგორც ყვავილობა, ისე დამტვერიანება და განაყოფიერება ნორმალურად მიმდინარეობს 12-20°С სითბოს პირობებში. დაბალ ტემპერატურაზე გაჭიანურებულია ყვავილობა. ამის გამო მარცვალი გამოდის ბჟირი და მოსავალი მკვეთრად ეცემა.

მარცვლის ჩამოყალიბება-დასრულება-მომწიფება გრძელდება საშუალოდ 30 დღე და დამოკიდებულია, როგორც ჯიშზე, ისე ამინდის პირობებზე. მშრალ ამინდში მარცვლის მომწიფება 20-25 დღემდე მცირდება, ხოლო წვიმიანსა და გრილი ამინდის დროს შეიძლება 40 დღემდე გაგრძელდეს.

ადგილი თესლბრუნვაშიქერის მოსავლიანობის გაზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების მრავალ ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია კულტურათა სწორ მორიგეობას და საუკეთესო წინამორბედების შერჩევას.
აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ მიწებზე ქერის შემოდგომით დასათესად სასურველი წინამორბედებია: სამარცვლე სიმინდი (მოკლე ვეგეტაციის), სასილოსე სიმინდი, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები, მრავალწლოვანი ბალახების კორდი, სანაწვერალო კულტურები, სამარცვლე-პარკოსანი კულტურები (ლობიო, სოია, მუხუდო), მოთესილი ანეული. საგაზაფხულო ქერისათვის საუკეთესი წინამორბედია სამარცვლე პარკოსანი კულტურები. ქერის იმავე ნაკვეთზე თესვა იწვევს ფესვის სიდამპლის განვითარებას და ამიტომ არ უნდა დავუშვათ განმეორებითი თესვა.

ქიმიური შემადგენლობა. ქერი მოჰყავთ როგორც სასურსათო და საფურაჟე კულტურა, ფართო გამოყენება აქვს კვების მრეწველობაში. მისი მარცვლისგან ამზადებენ ბურღულს, მისი მარცვალი მცირე რაოდენობით შეიცავს ცილას, ამის გამო მას ფართო მოხმარება აქვს ლუდის წარმოებაში. უფრო ფართო მოხმარება აქვს ქერს პირუტყვის საკვებად. ფართოდ გამოიყენება ცხენების საკვებად, ღორების გასასუქებლად. ქერის ნამჯა კარგი უხეში საკვებია პირუტყვისათვის. ამ მხრივ ეს აღემატება ხორბლისა და ჭვავის ნამჯას. ქერის მარცვლის ქიმიური შედგენილობა აბსოლუტურად მშრალ ნივთიერებაზე ანგარიშით შემდეგია: ცილა – 12,0-14,0%, უჯრედანა – 4,7-4,79%, ცხიმი – 2,28-2,50%, ნაცარი – 2,52-2,37%, ხოლო სახამებელი კი 52,20-54,60%-ს შეადგენს. მინერალური სასუქების ყველა ფორმის გამოყენების შედეგად მეცნიერულად დამტკიცებულია რომ მარცვალში იზრდება ცილის, ცხიმის რაოდენობა და მცირდება ნაცრის, სახამებლის შემცველობა, უჯრედიანას შემცველობა ფაქტიურად უცვლელი რჩება.

მსგავსი სიახლეები