ღორის გაშეშება - სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები
17 / 01 / 2019

გაშეშება მწვავედ მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება გამოხატული რეფლექტორული აღგზნებით და სხეულის კუნთოვანი ქსოვილის კრუნჩხვითი მოვლენებით, რაც გამოწვეულია აღმძვრელის ტოქსინის ზემოქმედებით. გაშეშება ჭრილობისმიერი ინფექციაა და ავადდება ცხოველი და ადამიანი.

აღმძვრელი. გამომწვევია კლოსტრიდიუმ ტეტანი - წვრილი ზომის ჩხირია, სიგრძით 4 - 8  მკმ, სიგანით 0,4 – 0,6 მკმ.

ეპიზოოტოლოგიური მონაცემები. დაავადების გამომწვევი მიკრობი გავრცელებულია უმთავრესად ცხოველთა გამონაყოფებით დაბინძურებულ ნიადაგში. დაინფიცირება ხდება მიკრობის ჭრილობაში მოხვედრის შედეგად, განსაკუთრებით ჭრილობის ღრმა ფენებში, სადაც ჟანგბადი ვერ აღწევს. შეიძლება მიკრობი ლატენტურ (ფარულ) მდგომარეობაში აღმოჩნდეს და ჭრილობის და შეხორცების შემდეგ იჩინოს თავი პროვოცირების შედეგად (ტრამვა). დაინფიცირება შესაძლებელია ცხოველის კასტრაციის დროს.

პათოგენოზი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე დღე ან 3 კვირამდე. პირველი სიმპტომები აღინიშნება საღეჭი კუნთების კრუნჩხვებით, დაძაბული მოძრაობით, ყურის ნიჟარის გამაგრებით. ავადმყოფობის შემდგომ განვითარებას თან ახლავს მთელი სხეულის კუნთოვანი ქსოვილების დაჭიმვა, კისრის, ზურგის, გავის კუნთების გამაგრება.

დაავადებული ცხოველი დგას ფართოდ გადგმული კიდურებით, ვერ გადაადგილდება, ვინაიდან კიდურები სახსრებში არ იღუნება. ტემპერატურა ნორმალურია, მხოლოდ სიკვდილის წინ იწევს 42°C -  მდე. ამ დაავადებით ცხოველი მეტწილ შემთხვევაში იღუპება, თუ მკურნალობა არ ჩატარდა.

პათოლოგ-ანატომიური ცვლილებები. კარგადაა გამოხატული ლეშის გაშეშება. შინაგან ორგანოებში ცვლილებები არ შეიმჩნევა ან არ არის დამახასიათებელი.

დიაგნოზი. დიაგნოზი დაისმის გამოხატული კლინიკური სურათის საფუძველზე. მსგავსი დაავადებებიდან უნდა გამოითიშოს ცოფი, კუნთების მწვავე რევმატიზმი, საძოვრების ტეტანია.

მკურნალობა. უპირველესად საჭიროა ჭრილობის გულმოდგინედ დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენებით და მკვდარი ქსოვილების ამოკვეთით (5% - იანი იოდის ნაყენი, 3 – 5 % - იანი კარბოლის მჟავა)

სპეციფიკური საშუალებებიდან, დაავადების გამოვლენისთანავე გამოიყენება გაშეშების საწინააღმდეგო ჰიპერიმუნური შრატები და კრუნჩხვის მოსახსნელი პრეპარატები.

ავადმყოფი ცხოველი უნდა მოვათავსოთ მცირე განათების სადგომში, მივცეთ დიეტური საკვები, საგულე საშუალებები, სწორი ნაწლავი უნდა გავუნთავისუფლოთ შიგთავსისაგან.

იმუნიტეტი. ცხოველების იმუნიზაციისათვის გამოიყენება კონცენტრირებული ანატოქსინი. ცრიან ცხოველებს ერთჯერადად. იმუნიტეტი ყალიბდება 21 დღეში და გრძელდება 3-5 წელი.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები; უნდა დავიცვათ ცხოველები ტრამვისაგან. კასტრირების წინ ერთი თვით ადრე სასურველია აიცრას ანატოქინით.

გაშეშებით დაავადებული ცხოველი სახორცედ არ დაიკვლება. ვეტ-სანიტარული დათვალიერების დროს ტანხორცი შინაგან ორგანოებთან ერთად იგზავნება საუტილიზაციოდ.

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები