ისპანახი - თესვა, მოვლა-მოყვანის აგროწესები
18 / 01 / 2019

ნიადაგის მომზადება. ისპანახისათვის ნიადაგის მომზადება ჩვეულებრივია, ანუ ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი ნიადაგის მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე.

გაზაფხულზევე საჭიროა მზრალის დარგვისწინა დამუშავება. ამ დროს ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

ნიადაგის კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა.

თესვა. ითესება შემოდგომაზე, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ისპანახი შეიძლება რამდენიმე ვადაში დაითესოს. თესვას აწარმოებენ მობნევით. ხოლო გაზაფხულის ნაგვიანევი და შემოდგომის ნაადრევად თესვისას მწკრივად, რადგან ამ პერიოდში დათესვისას ისპანახს დასჭირდება 1-2-ჯერ მორწყვა.

ჩათესვის სიღრმე 2-3 სმ-ია. თესვის ნორმა მწკრივად თესვის დროს 30-40 კგ-ია ერთ ჰა-ზე. ხოლო მობნევით თესვისას კი 40-50 კგ/ერთ ჰა-ზე.

თესლი მწკრივში ერთმანეთისგან დაშორებულია 3-4 სმ-ით. ამიტომ არ საჭიროებს გამეჩხერებას.

მოსავლის აღება.  ისპანახი სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით გაზაფხულის ნათესი. ამიტომ მოსავლის აღება არ უნდა დაგვიანდეს, თორემ აყვავილდება  და პროდუქტი დაკარგავს ხარისხს.

ისპანახის მოსავალს იღებენ ერთჯერადად და აუცილებლად მშრალ ამინდში, რადგან ტრანსპორტირების დროს  სველი ფოთლები ჩახურდება და ლპება. მოსავლის არების დროს მცენარეს ჭრიან ძირში სალთით ან დანით, კონავენ და ისე გზავნიან დანიშნულებისამებრ. ისპანახი შეიძლება აღებულ იქნეს აგრეთვე მანქანითაც.

ისპანახი, ისე როგორც ყველა მწვანილეული და მხალეული უნდა გაიგზავნოს  შესაფერ ტარაში ჩაწყობილი. ამ მიზნით იღებენ ნახევრადმაგარ და მაგარ წვრილ ტარას-კალათებს, ღია ყუთებს, უჯრებიან ყუთებს ნახვრეტებით, მოცულობით არაუმეტეს 12  კილოგრამისა.

მსგავსი სიახლეები