კიტრის ფესვის და ღეროს სიდამპლე
18 / 01 / 2019

გამომწვევი – Phythophtora capsici, Fusarium solani f. sp. cucurbitae.

დაავადების გამომწვევები ინახება მცენარეულ ნარჩენებსა და ნიადაგში. მათი გავრცელება ხდება მორწყვისას, ნიადაგში ორგანული სასუქების შეტანისას ან მცენარეული ნარჩენების საშუალებით. დაავადება მასობრივად ვრცელდება კულტურის არასწორი მოვლის პირობებში, მისი გავრცელების მიზეზი შესაძლოა გახდეს ცივი წლით მორწყვა, სასუქების არასწორი შეტანა, ზედმეტი მორწყვა. ამ ყველაფრის შედეგად ხდება მცენარის დასუსტება, რაც ხელს უწყობს მის ფესვებზე სხვადასხვა სახეობის სოკოების დასახლებას.

დაავადების სიმპტომები. დაავადების გაჩენის ნიშანია მცენარის ჩამორჩენა ზრდაში. ნათელ და მზიან დღეებში მცენარეთა ფოთლები იწყებენ ჭკნობას და დროთა განმავლობაში მთლიანად ჭკნებიან. დაავადებული მცენარეების ფესვები იღებენ მუქ შეფერილობას. ამ დროს მთავარი ფესვი მუქი წითელი ფერისაა.
ჩითილების დაავადების შემთხვევაში მთავარ სიმპტომს წარმოადგენს მთავარი ფესვის წვეროს გახმობა და მუქი წითელი არშიის გაჩენა ფესვის გამხმარსა და საღ ნაწილებს შორის. ამ დროს მცენარის მიწისზედა ნაწილი არ გამოირჩევა საღი მცენარეებისაგან. ინფექცია შეუმჩნეველი რჩება მსხმოიარობამდე და თავს იჩენს კიტრის განვითარებისათვის არახელსაყრელი კლიმატური პირობების დადგომისას.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • კულტურათა მონაცვლეობა;
  • მცენარეული ნარჩენების განადგურება;
  • კულტურის წარმოება მაღალ კვლებზე – ზედმეტად დატენიანების თავიდან ასაცილებლად;
  • ნიადაგის მორწყვა თბილი წყლით (20-25ºC)
  • ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობის და ტემპერატურის (20-26ºC) შენარჩუნება
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება
მსგავსი სიახლეები