რეჰანი (Basil) - თესვა, გადარგვა, მოვლა-მოყვანის აგროწესები
18 / 01 / 2019

ნიადაგის მომზადება. რეჰანისათვის განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი ნიადაგის მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე.

გაზაფხულზევე საჭიროა მზრალის დარგვისწინა დამუშავება. ამ დროს ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

გამრავლება.  რეჰანის წარმოება შესაძლებელია როგორც პირდაპირ ღია გრუნტში თესვით, ასევე ჩითილების გამოყვანის მეთოდით.

ღია გრუნტში რეჰანს თესავენ გაზაფხულზე. ამ დროს რეჰანი ითესება მწკრივად ან ზოლებრივად. ჯიშების და კვების არეების მიხედვით 1 ჰა-ზე საჭიროა 2-3 კგ თესლი. დათესვის წინ, უკეთესი აღმოცენების უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებელია სათესლე მასალის დასველება 7-10 საათის განმავლობაში. ოპტიმალური ნიადაგური პირობების არსებობის შემთხვევაში რეჰანი აღმოცენებას იწყებს დათესვიდან 8-12 დღეში. ნათესი აღმოცენებისთანავე სარეველებისგან უნდა გაიწმინდოს, ნიადაგი გაფხვიერდეს და მოირწყას დროულად.

რეჰანის ჩითილის წარმოებით მოყვანის შემთხვევაში წინასწარ თესავენ სათბურებში ან კვალსათბურებში და შემდეგ გადარგავენ ჩითილებს ღია გრუნტში. გადასარგავად ვარგისი ჩითილი უნდა იყოს საშუალოდ 30-40 დღის. ჩითილების დარგვისთანავე საჭიროა მორწყვა.

განვითარების შემდგომ პერიოდში საჭიროა პერიოდული მორწყვა (ტარდება ამინდების მიხედვით, საშუალოდ 3-5 დღეში ერთხელ). გარდა ამისა, საჭიროა რამდენიმეჯერ მცენარეების ირგვლივ ნიადაგის მსუბუქი გაფხვიერება სიფრთხილის დაცვით, რათა არ დაზიანდეს კულტურის ფესვთა სისტემა.

ვეგეტაციის პერიოდში რეჰანის მწვანე მასის რაოდენობის გასაზღდელად ეფექტურ ღონისძიებად ითვლება მოყვავილე ღეროების წვერების (ყვავილებიანად) წაწყვეტა.

მოსავლის აღება. რეჰანის აღება იწყება მაშინ, როდესაც მცენარე მიაღწევს 20 სმ-ზე მეტ სიმაღლეს. იღებენ 10-15 სმ სიგრძის ყლორტების მოკრეფით. კრავენ პატარა კონებად და ისე გზავნიან მომხმარებელთან. გასათვალისწინებელია, რომ მოსავლის აღების დროს ღეროზე უნდა დარჩეს ქვედა რამდენიმე ფოთოლი, რათა მათ იღლიებში კვლავ განვითარდეს ახალი ყლორტები, მოსავლის შემდგომი აღება გრძელდება ახალი ყლორტების ამოზრდის მიხედვით ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში, სიცივეების დადგომამდე. საშუალოდ, რეჰანის მოსავლის აღება ხდება ორჯერ ერთი სეზონის განმავლობაში. მოსავლის აღება ყვავილობის პერიოდშიც წარმოებს, ანუ ივლისსა და სექტემბერში.

რეჰანის შენახვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ნედლად შენახვის შემთხვევაში მას ყინავენ, ხოლო მშრალი სუნელის მისაღებად აშრობენ, რის შემდეგაც იგი ინახება 3-4 წლის განმავლობაში. ნედლად შენახვის შემთხვევაში ერთ-ერთი მეთოდია მცენარეების კონებად შეკვრა, ძირებით წყალში ჩადება და მოთავსება გრილ ოთახში, სადაც ტემპერატურა 10-12°C-ის ფარგლებშია.

მსგავსი სიახლეები