ნესვი - ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
18 / 01 / 2019

ბოტანიკური აღწერილობა. საქართველოში ნესვი დიდი ხანია ცნობილია. იგი გოგრისებრთა ოჯახის ერთწლიანი მცენარეა. მის სამშობლოდ შუა აზია და მცირე აზია ითვლება.

ნესვი ერთსახლიანი და ერთსქესიანი მცენარეა, იშვიათად ორსქესიანი, მამრობითი ყვავილები ფოთლის იღლიაში ყვავილდედად შეკრული სხედან, ხოლო მდედრობითი ყვავილები ერთეულად არიან. ნაყოფიერდება ჯვარედინად, მწერების მეშვეობით.

ნესვის ფოთოლი შებუსულია, მომრგვალო, ხუთკუთხა, თირკმლის ან გულისებრი, კიდემთლიანი ან დანაკვთული, მუქი მწვანე ან მორუხო-მწვანე, ფოთლის იღლიაში მოთავსებულია ულვაშები.

ფესვი ძლიერ განტოტვილი აქვს. ფესვების ძირითადი მასა ნიადაგში გაშლილია ზედაპირულად, სახნავ ფენაში 10-25 სმ-ის სიღრმეზე.

ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია, ცალკეული ფესვები საკმაოდ ღრმად ჩადიან ნიადაგში, განსაკუთრებით ფხვიერში. ღერო მხოხავია, მომრგვალო, დაკუთხული, სიგრძით 2-4 მეტრს აღემატება.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. ნესვი სითბოს მოყვარული მცენარეა, მისი თესლი გაღივებას იწყებს 10-15°С ტემპერატურის დროს. მაგრამ აღმოცენებისათვის ოპტიმალურ ტემპერატურად 20-25°С ითვლება, აღმონაცენი მგრძნობიარეა დაბალი ტემპერატურისადმი, რადგან იგი -1°С ყინვის დროს იღუპება. ნესვის მცენარის ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალურ ტემპერატურად კი 18-32 °С ითვლება.

ნიადაგის ჟავიანობის არეს ოპტიმალური მაჩვენებელი ნესვისათვის არის 5,5-დან 6,5-მდე.

ქიმიური შემადგენლობა. ნესვი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს (12%), მდიდარია A, B და C ვიტამინებით.  

მსგავსი სიახლეები