კომბოსტოს ჭურჭლოვანი ბაქტერიოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
18 / 01 / 2019

გამომწვევი – Xanthomonas campestris Dow.

ინფექციის მთავარი გამომწვევია სათესლე მასალა. თესლში მოხვედრილი ბაქტერიები თესლოვან ფესვში იჭრებიან და შემდეგ ვრცელდებიან მცენარეში. დაავადება აკარგვინებს კომბოსტოს სასაქონლო ხარისხს და იწვევს მის განუვითარებლობას.

დღის და ღამის ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობის დროს ფოთლების კიდეებზე ჩნდება ცვარი, რის მეშვეობითაც გამომწვევი ადვილად აღწევს მცენარეში.

დაავადების სიმპტომები – დაავადების პირველი ნიშნები ჩნდება კომბოსტოს ჩითილის გადარგვიდან 3-4 კვირის შემდეგ.

კომბოსტოს როზეტის განვითარების პირველ ეტაპზე ქვედა ფოთლების კიდეებზე ჩნდება ადგილობრივი შავი ფერის ლაქები, რომლებზეც კარგად ჩანს გაშავებული ჭურჭლების ბადეები. ღეროს გადანაჭერზე შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია გაშავებული ჭურჭლების დანახვა. ფოთლის ძარღვები შავდება, ხოლო მათ შორის მოთავსებული ქსოვილი კი იღებს ყვითელ შეფერილობას. დაზიანებული ქსოვილები ხმებიან და თხელდებიან.

დაავადების სიმპტომები ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს ფოთლების კიდეების გაყვითლების სახით.
ღეროს დაავადების დროს ზიანდება მისი ჭურჭლოვანი სისტემა – გამომწვევის მიერ გამოყოფილი წებო ახშობს მათ. ჭურჭლები შავდება, ხმება და ვერ ასრულებენ საჭირო ფუნქციას
დაავადებული მცენარეები ხშირად ვერ ახდენენ თავების ფორმირებას, ხოლო თუ მაინც მოხდა თავის ჩამოყალიბება, ის განუვითარებელია.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • საღი ჩითილების წარმოება;
  • ნიადაგის სისტემატური ცვლა სათბურებში;
  • სათესლე მასალის დეზინფექცია. (ასევე დათესვის წინ საჭიროა თესლის 20 წუთის განმავლობაში მოთავსება 50ºC – ზე შემთბარ წყალში).
  • კულტურათა მონაცვლეობის დაცვა;
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება დაავადების გადამტანი მავნებელი მწერების წინააღმდეგ.
  • მცენარის ნორმირებული კვება.
მსგავსი სიახლეები