გოგრა – ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
18 / 01 / 2019

გოგრა არის გოგრისებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი ერთწლიანი, ერთსახლიანი, გაყოფილსქესიანი და ჯვარედინად დამამტვერიანებელი მხოხავი ან ხვიარა მცენარე.

გოგრის ნაყოფები სხვადასხვა ზომის და ფერისაა. კანი შესაძლებელია იყოს მეჭეჭებიანი, გლუვი, დაკუთხული. ფორმა კი – მრგვალი, ოვალური, გრძელი და სხვ. გოგრის ნაყოფების მასა  დიდ დიაპაზონში მერყეობს (1 კგ-დან 30 კგ-მდე) და ძირითადად ჯიშის თავისებურებებზეა დამოკიდებული, თუმცა მოყვანის პირობებიც დიდ როლს ასრულებს.

გოგრის თესლი საკმაოდ მსხვილია (1000 ცალი თესლის მასა 140-360 გრამი). ერთ ნაყოფში 150-400 ცალი თესლი ფორმირდება. თესლი შეიძლება იყოს თეთრი, მიხაკისფერი, ან მორუხო-მიხაკისფერი. თესლი აღმოცენებას 6-8 წელი ინარჩუნებს. ხანდაზმული თესლი უფრო ნაყოფიერია. გოგრა ძლიერად მოზარდი მცენარეა. მისი ფესვთა სისტემა ძალიან ძლიერია და ნიადაგის ღრმა ფენებში ვრცელდება.

განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა: 25_30 °С

ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა: 90-95%

ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა: 85-95%

ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH: 5,5-6,5

კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი: -1°С

კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი: 35°С

სასურველი წინამორბედი კულტურები: სიმინდი, თავთავიანი და პარკოსანი კულტურები.

არასასურველი წინამორბედი კულტურები:  ნესვი, გოგრა, საზამთრო, კიტრი.

გოგრას სახეობები. გოგრის გვარი  –  (Cucurbita) შეიცავს 11 ბოტანიკურ ოჯახს, რომელთაგან ჩვენში კულტურაში დანერგილია და გავრცელებულია გოგრის სამი სახეობა. ესენია: მსხვილნაყოფა გოგრა (Cucurbita maxima), მუსკატური გოგრა (Cucurbita moschata) და მაგარკანიანი გოგრა (Cucurbita Pepo). ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ყაბაყი და პატისონი.

მსგავსი სიახლეები