თხილის ცხვირგრძელა - აღწერილობა და ბრძოლის ღონისძიებები
18 / 01 / 2019

გავრცელება და აგებულება. თხილის ცხვირგრძელა (Curculio nucum L.) ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული.

მავნებლის მატლის სიგრძე 7-10 მმ-ია. იგი უფეხოა, სხეული კრემისფერია, მოხრილი. თავი_მურა წითელი ან ჭუჭყიანი-მურა შეფერილობისაა, ყბები შავია, სტიგმები მურა, ბოლოს წინა სეგმენტზე ერთი ჯაგრისებრი ბეწვია, უკანასკნელ სეგმენტზე კი_ოთხი, რომლიდანაც ორი კიდეებზეა, ორი_შუაში. სხეული დაფარულია ნაცრისფერი ბეწვებით.

მამალი ხოჭოს სხეული სიგრძით 7 მმ-ია, დედლის_8. ხოჭო შავი ფერისაა და დაფარულია მონაცრისფერო-ყვითელი ქერცლებით. ქერცლები წინა ზურგზე წარმოქმნიან გარდიგარდმო ხაზებს, ხოლო ფრთებზე_ყვითელ ლაქებს. დორსალური მხრიდან ხოჭოს სხეული რომბისებრი ფორმისაა, გრძელი და წვრილი ხორთუმით. დედლის ხორთუმი 6 მმ-მდეა, მამლისა_4 მმ-მდე. ფეხები და ხორთუმი მურა-წითელია. ხორთუმი ფრთების შუაში წარმოქმნის გარდიგარდმო ზოლს. ფეხები გრძელი აქვს. მავნებლისათვის დამახასიათებელია ქინძისთავისებრი ფორმის ბარძაყი, თითო კბილით შიგნითა მხრიდან და დაკბილული ბრჭყალები. ფეხები დაფარულია ნაცრისფერი ბეწვებით. მისი ფარი ყვითელი ფერისაა, ოთხკუთხოვანი.
ჭუპრი თეთრი ფერისაა. მისი ხორთუმი გრძელია და მჭიდროდაა მიკრული სხეულზე. ზურგზე, მეჭეჭებზე მსხდარი აქა-იქ მიმოფანტული მურა ეკლებია განვითარებული. ჭუპრს მუცლის ბოლოს აქვს ორი ეკლისებრი დანამატი.

ბიოლოგია და დამოკიდებულება გარემო ფაქტორებთან. გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა მიაღწევს 15-16+-ს, იწყება ხოჭოების გამოსვლა და განაწილება თხილის ბუჩქებზე. ამ პერიოდში მავნებელი საჭიროებს დამატებით კვებას, რისთვისაც იგი ჯერ გაუშლელი კვირტებით იკვებება, შემდეგ კი–ფოთლებითა და ნასკვით. მაისის შუა რიცხვებში, როდესაც ჰაერის დღე-ღამური საშუალო ტემპერატურა მოიმატებს 18+-მდე, იწყება კოპულაციის პროცესი, რომლის დასრულებიდან 6-7 დღის შემდეგ მავნებელი იწყებს კვერცხის დებას. კვერცხის დასადებად დედალი ხორთუმით ღრღნის პატარა ორმო-საკანს ნაყოფის ნაზი ნაჭუჭის ზემო ან ცენტრალური ნაწილის (იშვიათად ფუძესთან) ქსოვილში და დებს კვერცხს, ხვრელს ფარავს ნაღრღნით. თითოეულ ნაყოფში იდება 1-2 კვერცხი. დედალი ხოჭოს სქესობრივი პროდუქცია დაახლოებით 45-62 კვერცხს შეადგენს. ემბრიონული განვითარების ხანგრძლივობა 7 დღით განისაზღვრება. განვითარების დასრულების შემდეგ მატლები ტოვებენ ნაყოფს, ეცემიან მიწაზე, სადაც მიწის ნაწილაკებისაგან აკეთებენ აკვანს და იქვე რჩებიან დასაზამთრებლად. აპრილის მეორე ნახევრიდან აკვანში იჭუპრებენ. ჭუპრის ფაზა დაახლოებით 15 დღეს გრძელდება.
მავნებელს ერთი თაობა ახასიათებს წელიწადში.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. მავნებელი დასავლეთ საქართველოში ძლიერად აზიანებს იქ გავრცელებულ თხილის ჯიშებს (მატლები დაჭუპრებამდე იკვებებიან თხილის გულით). დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია ნაჭუჭის სიმაგრეზე, ნასკვის გამოჩენისა და ნაჭუჭის გამაგრების ვადებზე. თხილის ცხვირგრძელა ძირითადად საადრეო ჯიშებს აზიანებს.

ბრძოლის ღონისძიებები. გაზაფხულზე, ხოჭოების დამატებითი კვების დროს კარგ შედეგს იძლევა ბი-58 ახალი ეკ-ს, ნურელ-დ ეკ-ს, დეცისი ეკ-ს, კარატე ზეონი მკს-ს, კონფიდორი წხკ-ს ან ფასტაკი ეკ-ს გამოყენება.

მზაღო ლობჟანიძე 

სრული პროფესორი ბიოლოგიის დოქტორი

მსგავსი სიახლეები