
ნაკვეთის შერჩევა. ოხრახუში დიდ მოთხოვნას უყენებს ნიადაგს და მის დამუშავების ხარისხს. სახნავი ფენა 20-25 სმ-ს უნდა შეადგენდეს. ოხრახუშის დასათესი ნაკვეთი სარეველებისაგან სუფთა და ღრმად დამუშავებული, ფხვიერი, ნაკელით კარგად განოყიერებული უნდა იყოს. წყალგაუმტარი უსტრუქტურო ნიადაგები ოხრახუშისათვის გამოუსადეგარია.
ოხრახუშის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 6,0-დან 7,0-მდეა. იმ შემთხვევაში, თუ ოხრახუშის წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის ოხრახუშის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის დარგვამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.
ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი პH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.
მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფომის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.
ნიადაგის ძირითადი დამუშავება. ოხრახუშისათვის განკუთვნილი ნიადაგი კულტურის ვეგეტაციის განმავლობაში საჭიროა შენარჩუნებული იქნას სარეველებისაგან სუფთა და ფხვიერ მდგომარეობაში.
აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს.
გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 8-10 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. თუ ნიადაგი მძიმეა, მზრალი უნდა გადაიხნას 15-16 სმ სიღრმეზე, დაიფარცხოს 2-3 ჯერ და შემდეგ დაითესოს.
კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. დასათესად გამზადებული ნიადაგი სწორი ზედაპირის და ფხვიერი უნდა იყოს.
ნიადაგის თესვისწინა დამუშავება. თესვის წინ თუ ნიადაგი მსუბუქი და ფხვიერია აწარმოებენ ნიადაგის მთლიან კულტივაციას 8–10 სმ სიღრმეზე და ისე მოხდეს მისი დათესვა. სარწყავი მეურნეობის პირობებში, ნიადაგის დამუშავების შემდეგ, საჭიროა გაკეთდეს კვლები ან დაიჭრას წვრილი სარწყავი არხები და შემდეგ დაითესოს. საერთოდ ასეთ პირობებში საჭიროა გათვალისწინებული იქნეს, ნიადაგის ტიპი, რელიეფი და მორწყვის წესი. იქ, სადაც კვლების მოწყობას აწარმოებენ, ბაზოები წინასწარ უნდა შეიკრას და შემდეგ ჩატარდეს თესვა. ოხრახუში შეიძლება წარმატებით მოვიყვანოთ უშუალოდ ბაზოებზე თესვით. ოხრახუშის დასათესად სასურველია ნიადაგი განოყიერებული იქნეს ნაკელით.
თესვა. ოხრახუში ყინვაგამძლეა, თესენ შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. თესლი 2–30 C ტემპერატურაზე ღივდება, ტენს ზომიერად მოითხოვს. თესვის დროს ყურადღებას აქცევენ თესლის ხარისხს, მის სიახლეს, რადგან იგი მალე კარგავს აღმოცენების უნარს. შეიძლება დაითესოს სწორ ზედაპირზე, კვლებსა და ბაზოებზე. თესვამდე 4–5 დღის ადრე ოხრახუშის თესლები ჩავალბოთ თბილ წყალში გაჟღენთამდე, შემდეგ გავაფინოთ სველ ნაჭერზე. გავაჩეროთ გაღვივებამდე და დავთესოთ. ოხრახუშის თესლი ნელა ღივდება, დათესვიდან აღმოცენებამდე ნორმალურ პირობებში საჭიროებს 2–3 კვირას. დათესვიდან 80 დღის შემდეგ უვითარდება მცირე ზომის ძირი ად რამდენიმე ფოთოლი, შემდეგში მცენარის განვითარება სწრაფად მიდის. ოხრახუშს თესავენ მწკრივებში 35X45 სმ, მწკრივთშორის ან ზოლებში 50–20 სმ სქემით. თესვის სიღრმე 2–3 სმ. თესვის ნორმაა 5–6კგ 1ჰა–ზე.
ნიადაგის ძირითადი განოყიერება. ოხრახუშისათვის ნიადაგის განოყიერება საჭიროა ჩატარდეს კონკრეტული ნაკვეთის აგროქიმიური ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე.
საორიენტაციოდ, ოხრახუშისათვის განსაზღვრული ნაკვეთის განოყიერება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი წესით:
შემოდგომით, ძირითადი ხვნის ჩატარების შემდეგ ნაკვეთში შეაქვთ 5-6 კგ. ჰუმუსი. ერთ კვადრატულ მეტრზე. ასევე ძირითადი ხვნის დროს შესაძლებელია 20 გრ. კალიუმის მარილის, 25გრ. ამონიუმის ნიტრატის, და 30 გრ. სუპერფოსფატის ჩაკეთება ერთ კვადრატულ მეტრზე.
დამატებითი კვება. მინერალური სასუქების შეტანა შესაძლებელია გაზაფხულზე, თესვის წინ. ამ დროს გამოიყენება ნებისმიერი ფორმულაციის კომპლექსური სასუქები (NPK).
რეკომენდებულია ოხრახუშის ფოთლოვანი ჯიშების გამოკვება აზოტის შემცველი მინერალური სასუქებით ვეგეტაციის პროცესში. საორიენტაციოდ, საჭიროა 5-6 გრ. ამონიუმის ნიტრატის შეტანა ერთ კვადრატულ მეტრზე.
ძირხვენიანი ნიახურის ჯიშების გამოკვებას კი ახდენენ ფოსფორის და კალიუმის შე,ცველი მინერალური სასუქებით – ეს გამოკვება ტარდება აგვისტოში და ამ დროს ერთ კვადრატულ მეტრზე შეტანილი უნდა იქნას 7 გრ. სუპერფოსფატი და 5 გრ. კალიუმის მარილი.
მორწყვა. ოხრახუშის მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია მორწყვის ოპტიმალური რეჟიმების დაცვა. აღსანიშნავია რომ ტენის უკმარისობის შედეგად მცენარეში იზრდება ეთერზეთების შემცველობა, რაც ზრდის მის ხარისხს, მაგრამ სამაგიეროდ კლებულობს მოსავლის რაოდენობა. ხოლო გადამეტებული რწყვის შედეგად კი პირიქით: იზრდება მოსავალი და მცირდება ხარისხი. ამიტომ აუცილებელია ნორმირებული მორწყვა.
ოხრახუშის ნათესებში ნიადაგი მუდმივად ფხვიერი და ტენიანი უნდა იყოს. წვიამიანი და ტენიანი ამინდების შემთხვევაში მისი მორწყვის აუცილებლობა არ არსებობს. ხოლო მშრალი ამინდების დროს, განსაკუთრებით კულტურის აღმოცენების ეტაპზე, აუცილებელია კვირაში ორჯერ ნათესების მორწყვა. კულტურის განვითარების ამ ეტაპზე მორწყვის საორიენტაციო ნორმა არის 2-5 ლიტრი წყალი ერთ კვადრატულ მეტრზე. მცენარის ზრდის და ფოთლოვანი მასის აქტიურად განვითარების პარალელურად, იზრდება მორწყვის ნორმაც – ამ შემთხვევაში დაახლოებით 7-8 ლიტრამდე წყალია საჭირო ერთ კვადრატულ მეტრზე.
შემდგომ პერიოდებში კულტურის რწყვა უნდა ჩატარდეს კონკრეტულ ნაკვეთებში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.
მოსავლის აღება – შენახვა. ოხრახუშის ფოთლოვანი ჯიშების ფოთლები, განვითარების მიხედვით, რამდენიმეჯერ იჭრება წლის განმავლობაში. ძირიან ფორმების გვიან შემოდგომაზე იღებენ, ფოთლებს აჭრიან და ინახავენ.
ფოთლოვანი ოხრახუშის მოსავლის აღება ხდება ეტაპობრივად, ან მთლიანად ერთი მოჭრით. კონებად შესაკვრელად გრძელი ფოთლის ყუნწებია სასურველი. აშშ-ში მოყვანილი ოხრახუშის უმეტესობა ხელით იკრიფება. რეკომენდებულია ხელთათმანების გაკეთება მინდორში მოკრეფის დროს.
ოხრახუშის კომერციული მიზნებისათვის შენახვის რეკომენდებული პირობებია 0°C და 95 – 100% ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა. ამ პირობებში, ოხრახუშის შენახვა შესაძლებელია 1 ან 2 თვე. შედარებისათვის: ოხრახუში მხოლოდ 3 დღე ინახება 18-20°C ტემპერატურის და 85 – 90% ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის პირობებში.
შენახვის პერიოდი დასრულებულია, როცა მწვანილი ჭკნობას იწყებს და დაახლოებით მასის 20% დაკარგავს.
-
ფრინველის ყვავილი - აღწერილობა, სიმპტომები და მკურნალობა 17.01.2019 3160 ნახვა
-
მონტანა F1 - საზამთროს ჰიბრიდი 18.01.2019 2412 ნახვა
-
ვაშლის ქეცი - სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები 11.01.2019 7691 ნახვა