
ნიადაგის შერჩევა/მომზადება. ალუბლის ბაღის გასაშენებლად ნიადაგი უნდა იყოს სტრუქტურული, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კარგი ჰაერაციის და წყალგამტარი. დიდი მნიშვნელობა აქვს გრუნტის წყლების დგომის დონეს. იგი არ უნდა იყოს 1 მეტრზე მაღლა. სხვა შემთხვევაში აუცილებელია სადრენაჟო სისტემის მოწყობა.
თავდაპირველად, საჭიროა საპლანტაჟე, ან ნახევრად საპლანტაჟე ხვნის ჩატარება საბაღე ნაკვეთზე. საპლანტაჟო ხვნა ტარდება 60-80 სმ. სიღრმეზე, ხოლო ნახევრად-საპლანტაჟო ხვნა უნდა ჩატარდეს 40-60 სმ. სიღრმეზე.
იმავე წლის შემოდგომის ბოლო პერიოდში, ან მომდევნო წლის გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს საბაღე ნაკვეთის გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით და შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება. ამ სამუშაოების შემდეგ კი საჭიროა ნაკვეთის ფრეზირება როტაციული კულტივატორით.
რელიეფი. ალუბლის ბაღის გასაშენებლად საჭიროა შერჩეული იქნას ქარებისაგან დაცული ადგილი. ან, მსგავსი პირობის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა მოხდეს სპეციალური ქარსაცავი ზოლების გაშენება. ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება რომ სამხრეთის ფერდობები უფრო თბილია და ამიტომ ბაღის გაშენება რეკომენდებულია სამხრეთის ან სამხრეთ-დასავლეთი მხარეს არსებულ ფერდობებზე.
დასარგავი ორმო. ნერგის დასარგავად, საჭიროა მომზადდეს ორმოები, რომელთაც ექნებათ 40 სმ. სიგანე, 30 სმ. სიგრძე და 40 სმ სიღრმე.
ნერგი. ნერგი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვთა სისტემით და კარგად შეხორცებული ნამყენი ადგილით.
დარგვის სქემები:
- ძლიერ საძირეებზე დამყნილი ნერგები – რიგთაშორის 5-5,5 მეტრი, მცენარეებს შორის – 3-4 მეტრი.
- საშუალო ზრდის საძირეებზე (გიზელა 5) —რიგთაშორის 4 მეტრი, მცენარეებს შორის – 1,5-2 მეტრი (ამ საძირეებისათვის აუცილებელია საყრდენი სისტემა)
დარგვის დრო. შემოდგომა, ფოთოლცვენის დამთავრებისთანავე ყინვების დაწყებამდე. ან ადრე გაზაფხული.
დარგვის წესი. დარგვისას ნერგის ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე.
ნიადაგის განოყიერება დარგვისას. სასუქები შეაქვთ ორმოებში. ამ დროს ორმოს ფსკერზე იყრება
აზოტის, კალიუმის და ფოსფორის შემცველი სასუქები, თითოეული მათგანი საშუალოდ 30-50 გრამის ოდენობით. ორმოში სასუქის ჩაყრის შემდეგ, აუცილებელია სასუქის 5-10 სმ. სისქის მიწით დაფარვა.
გარდა ამისა, დარგვისას ნერგისათვის შემოსაყრელ მიწას უნდა შეერიოს 10-15 კგ. გადამწვარი ნაკელი. ეს ოპერაცია (ნაკელის შეტანა) საჭიროა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლანტაჟის დროს არ იქნა ნაკელი შეტანილი. პლანტაჟის დროს კი საჭიროა 30-40 ტონა ნაკელის შეტანა ერთ ჰექტარზე.
ნიადაგის ამ სახით განოყიერების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდა ბაღში არ არის საჭირო ნაკელის და მინერალური (ფოსფორიანი და კალიუმიანი) სასუქების გამოყენება. გამოიყენება მხოლოდ აზოტიანი სასუქები ყოველწლიურად ადრე გაზაფხულზე.
ბაღის მოვლის წესები - ნიადაგის დამუშავება. ალუბლის ბაღში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება. თავდაპირველად, ახალგაზრდა ბაღში ე.წ. „შავი ანეული“ არის ნიადაგის მოვლის ყველაზე რეკომენდირებული წესი. ამ დროს შემოდგომაზე შეაქვთ ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების რეკომენდირებული ნორმები და ხდება ბაღის მოხვნა. ვეგეტაციის პერიოდში კი ჩატარდება 4-5-ჯერადი კულტივაცია. ასეთ მდგომარეობაში ნიადაგი შესაძლებელია იყოს 6-8 წლის მანძილზე, შემდეგ კი აუცილებელია ბაღში ნიადაგის ხანმოკლე დაკორდება, მრავალწლიანი ბალახებით. ამ მიზნისათვის საუკეთესო ვარიანტია სიდერატების (მწვანე სასუქი) თესვა. სიდერატებად გამოიყენება ბარდა, ხანჭკოლა, ცულისპირა, ცერცვი, სოია. მათი თესვა ხდება შემოდგომაზე, ჩახვნა კი გაზაფხულზე ყვავილებისა და პარკების ფორმირებისას.
მორწყვა. ალუბალი ტენისადმი ყველაზე მომთხოვნია ყვავილობის დასრულებისას და ნაყოფების დამსხვილების პერიოდში. მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე.
მორწყვა წვეთოვანი სისტემით. ერთი მორწყვის ნორმა: 50-60 კუბ./მ 1 ჰა-ზე. მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 14-18 -ჯერ.
მორწყვა მოღვარვით, ან კვლებში მიშვებით. ერთი მორწყვის ნორმა: 400-500 კუბ./მ 1 ჰა-ზე. მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 4-5-ჯერ.
ნიადაგის განოყიერება. ალუბლის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით. ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:
- აზოტი N—2,0-2,5%/მშრალ ნივთიერებაზე.
- ფოსფორი P—0,17-0,22%/მშრალ ნივთიერებაზე.
- კალიუმი K—1,3-1,5%/მშრალ ნივთიერებაზე.
- მაგნიუმი Mg—0,49-0,74%/მშრალ ნივთიერებაზე.
- კალციუმი Ca—1,0-2,0%/მშრალ ნივთიერებაზე.
საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა ალუბლის ბაღში შეტანილი იქნას 90-120 კგ. აზოტი, 80-100 კგ. ფოსფორი და 80-100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები).
მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:
- აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შეტანა კვირტების დაბერვის პერიოდში, მეორე შეტანა დანორმების შემდეგ, ხოლო მესამე შეტანა კი მოსავლის აღების შემდეგ.
- ფოსფორი P — ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.
- კალიუმი K — იგივე, რაც ფოსფორის შემთხვევაში.
ორგანული სასუქები: შეიტანება 3-4 წელიწადში ერთხელ, 30-40 ტონა 1 ჰა-ზე შემოდგომით, ან ადრე გაზაფხულზე.
-
საზამთრო - წამლობების ზოგადი სქემა 04.05.2019 4117 ნახვა
-
ლობიოს წამლობების ტაბულა 17.09.2019 1568 ნახვა
-
ბალი - ფიზიოლოგიური დარღვევები და მოსავლის აღების შემდგომი პათოლოგიები 17.01.2019 2266 ნახვა