
ნიადაგის შერჩევა/მომზადება. მაყვალი კარგად ხარობს ჰუმუსით მდიდარ, ნაყოფიერ და ფხვიერ ნიადაგებზე. მისი გაშენება სასურველი არ არის მძიმე მექანიკური შემაგდენლობის თიხნარ და მაღალკარბონატულ ნიადაგებზე. ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია (pH) მაყვლისათვის არის 6,0-7,0-ის ფარგლებში.
პლანტაციის გასაშენებლად შერჩეული ნაკვეთი თავდაპირველად, საჭიროა ნაკვეთი გაიწმინდოს წინამორბედი კულტურის, ან სარეველების ნარჩენებისაგან და ჩატარდეს საშემოდგომო ხვნა.
უშუალოდ გაშენებისათვის საჭირო სამუშაოების დაწყებისას ნიადაგი უნდა იყოს სუფთა და ფხვიერ მდგომარეობაში.
რელიეფი. მაყვალი უნდა გაშენდეს სწორ, ან ოდნავ დაქანებულ მიწის ნაკვეთზე. საუკეთესო ვარიანტია მაყვლის გაშენება ჩრდილოეთ ფერდობებზე. შესაძლებელია სამხრეთის ფერდობების გამოყენებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია რომ ზამთარში, დღის განმავლობაში მცენარეთა ტემპერატურა შესაძლოა იყოს მაღალი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ვეგეტაციის დაწყების პროვოცირება, ხოლო მოგვიანებით დამდგარმა ცივმა ამინდებმა კი დააზიანოს მცენარე.
მაყვლისათვის ოპტიმალური წინამორბედი კულტურებია ტექნიკური კულტურები და მარცვლეული, ხოლო არასასურველი წინამორბედი კულტურები კი პარკოსანი მცენარეები.
ნერგის შერჩევა. რეკომენდირებულია სერტიფიცირებული, საღი და უვირუსო სარგავი მასალის გამოყენება. უმეტესად გამოიყენება 1 წლის ნერგები, 25 სმ. სიგრძის ფესვებით.
დარგვის სქემები:
- ნახევრად-ამართული მაყვლის ჯიშებისათვის: რიგებს შორის 0,9-1,2 მეტრი და მცენარეებს შორის კი 1,2-1,8 მეტრი.
- ხვიარა მაყვლის ჯიშებისათვის: რიგებს შორის 2,4 მეტრი და მცენარეებს შორის კი 1,2-1,8 მეტრი.
დარგვის დრო. მარტის დასაწყისიდან აპრილის შუა რიცხვებამდე.
ნერგვის დარგვის წესი. დარგვისას ფესვს ატენიანებენ სველი ტილოთი, ან მსგავსი ქსოვილით და დარგვამდე ამავე ქსოვილით ფარავენ, რათა დაცული იქნას გამოშრობისაგან.
დარგვამდე ნაკვეთში აკეთებენ 25 სმ-ის სიმაღლის და 75 სმ. სიგანის რიგებს ან კვლებს. რიგებს შორის მანძილი განსხვავებულია ნერგის ტიპის, ფორმირების მეთოდების და ტექნიკის გაბარიტებიდან გამომდინარე.
ნერგის ფესვები უნდა ჩაირგას 5-7 სმ-ის სიღრმეზე, ისე, რომ ღერო ჩაიფლას მიწაში 2-3 სმ-ით უფრო ღრმად, ვიდრე იგი იყო სანერგეში.
ნიადაგის განოყიერება დარგვისას – მაყვლის დარგვამდე ნაკვეთის მთელ ფართობზე უნდა გაიშალოს ორგანული სასუქი (ნაკელთან შერეული ჩალა, მწვანე მცენარეულობა – სუდანურა, საშემოდგომო ხორბალი და სხვ.) ან კომპოსტი, 30-50ტ/ჰა.
სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით
პლანტაციის მოვლა - ნიადაგის დამუშავება. მაყვლის პლანტაციაში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ფართობში სარეველა ბალახების განვითარება. ამ მიზნით, მაყვლის პლანტაციაში ნაყოფის დამწიფებამდე ტარდება ნიადაგის 2-3-ჯერ გაფხვიერება რიგთაშორისების შუა ნაწილში 8-10სმ-ის სიღრმეზე, ხოლო მცენარეტა სიახლოვეს კი 6-7 სმ-ის სიღრმეზე. ძლიერი გამკვრივების შემთხვევაში, მოსავლის აღების შემდეგ საჭიროა დამატებით ჩატარდეს ნიადაგის მსუბუქი კულტივაცია.
მორწყვა. მორწყვის ინტენსივობა და ნორმები დამოკიდებულია უშუალოდ ფართობში არსებულ სიტუაციაზე. ზოგადად, კი მაყვალი უნდა მოირწყას ყოველ 5-10 დღეში ერთხელ. მორწყვის ოპტიმალური ვარიანტის წვეთოვანი სისტემის გამოყენება, კომპენსირებული დრეკადი მილებით მთიანი ადგილებისთვის და არაკომპენსირებული დრეკადი მილებით ვაკეზე გაშენებული ნაკვეთებისთვის. მაყვლისთვის საჭიროა 25-38 მმ. წყალი კვირაში წვიმის ან მორწყვის სახით. ტენით უზრუნველყოფის ეს ნორმა უნდა შენარჩუნებული იქნას მაყვლის აყვავილებიდან მოსავლის აღების დასრულებამდე.
გასხვლა. მაყვლის ფესვთა სისტემა მრავალი წლის განმავლობაში ცოცხლობს. თუმცა, მისი პროდუქტიული ნაწილები მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ცოცხლობენ. ამიტომ, საჭიროა მათი ყოველწლიურად შეცვლა ახალი ამონაყარით. ამ მიზნით და ბუჩქში ღეროების ოპტიმალური სიმჭიდროვის შენარჩუნებისთვის, აუცილებელია ამონაყრების მუდმივად გასხვლა და გამეჩხერება.
სწორმდგომი და ნახევრად სწორმდგომი მაყვლისთვის პირველ წელს უნდა შეირჩეს და დატოვილი იქნას მხოლოდ 6-7 ყველაზე ძლიერი ტოტი. დანარჩენი ამონაყარი კი უნდა მოსცილდეს, ანუ იმავე წლის ახალი ტოტები უნდა გაისხლას მაშინ, როდესაც მათი სიმაღლე მიაღწევს დაახლოებით 1,4 – 1,6 მეტრს.
გასხვლისას საჭიროა მოხდეს წვერების გასხვლა-გადაჭრა ყლორტის მერქნიან მონაკვეთამდე, წვეროდან დაახლოებით 10 სმ-ით დაბლა.
ყლორტების წვერების გასხვლა ხელს უწყობს მეორადი გვერდითა ყლორტის ფორმირებას, რომელიც მომდევნო ზაფხულში ნაყოფს მოგვცემს. ყველა ორწლიანი, მოსავლის მომცემი ტოტი უნდა ამოიჭრას მოსავლის აღებიდან მალევე.
საყრდენი სისტემა. მაყვლისთვის საჭიროა საყრდენი სისტემა. საყრდენი სისტემა ზრდის მოვლის ოპერაციების ეფექტურობას, ხელს უწყობს გასხვლის, მცენარეთა დაცვისა და მოსავლის აღების პროცესების განხორციელებას.
მაყვლის საყრდენის სისტემა უნდა მოეწყოს ნერგის დარგვისასთანავე, ან დარგვიდან მოკლე ხანში. საყრდენი სისტემა, როგორც წესი, შედგება მიწის ზედაპირიდან 1,6 — 1,8 მეტრი სიმაღლის მქონე ხის ან ლითონის ბოძებისგან, რომლებიც განთავსებულია ყოველ 5-7 მეტრში. ამ ბოძებზე ხდება მავრთულების გაბმა, 2 ან 3 რიგად. ქვედა საყრდენი მავთულები უნდა მიემაგროს რიგის ბოძებს ნიადაგიდან 70 – 75 სმ-ზე. სამ მავთულიანი საყრდენი სისტემის შემთხვევაში, მავთულებს შორის მანძილი 50 — 60- სმ-ია.
თითოეული რიგის ბოლოს საჭიროა რიგში არსებულ ბოძებზე უფრო უფრო მძლავრი ბოძების მოწყობა, რათა საყრდენი სისტემა მდგრადი იყოს.
ნიადაგის განოყიერება. მინერალური და ორგანული სასუქების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა მოხდეს ნიადაგის ლაბორატორიული აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე. საორიენტაციოდ კი მაყვლის პლანტაციაში ერთ ჰექტარზე ყოველწლიურად უნდა შეტანილი იქნას მინერალური და ორგანული სასუქების შემდეგი რაოდენობები:
- პირუტყვის ნაკელი: 10-20 ტ/ჰაზე.
- ფრინველის ნაკელი: 5-10 ტ/ჰაზე.
- აზოტი N: გაშენების პირველ წელს 35 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება) და ორწლიან პლანტაციაში კი 75-90 კგ/ჰაზე (სუფთა ნივთიერება).
- ფოსფორი P: 25-30 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება).
- კალიუმი K: 50-60 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება).
სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:
- პირუტყვის ნაკელი: შეიტანება გასხვლის შემდეგ.
- ფრინველის ნაკელი: შეიტანება გასხვლის შემდეგ.
- აზოტი N:შეიტანება სამჯერადად 33-33 კგ-ის ოდენობით პირველად -მაისში, მეორედ – ივნისში და მესამედ ივლისში.
- ფოსფორი P: მთლიანი დოზა იყოფა სამ ნაწილად და შეიტანება წილადობრივად: პირველი შეტანა ხდება აპრილში, მეორედ შეაქვთ მაის-ივნისში და მესამე შეტანაკი საჭიროა განხორციელდეს ივლისში.
- კალიუმი K: მთლიანი დოზა იყოფა სამ ნაწილად და შეიტანება წილადობრივად: პირველი შეტანა ხდება აპრილში, მეორედ შეაქვთ მაის-ივნისში და მესამე შეტანა კი საჭიროა განხორციელდეს ივლისში.
მოსავლის აღება. მაყვლის მოსავლის აღება იწყება ივნისის შუა რიცხვებიდან და გრძელდება ივლის-აგვისტოში. მოსავალს იღებენ მაკრატლის გამოყენებით. სრულ მსხმოიარობაში შესული ერთი ბუჩქიდან შეიძლება მივიღოთ 5-6 კგ. ნაყოფი.
მაყვალი იკრიფება დღის ყველაზე გრილ პერიოდში. მოკრეფილ მაყვალს ფრთხილად აწყობენ კონტეინერში.
ხაარისხის მაჩვენებლები. მაღალი ხარისხის მაყვალს არ უნდა ჰქონდეს დაზიანება, ლპობის ნიშნები, კალიქსის და მზისგან მიღებული დამწვრობა. ის უნდა იყოს სრულიად შავი, დაბერილი და სტანდარტული ფორმის.
შენახვის წესი. მოკრეფილ ნაყოფს ათავსებენ სპეციალურ პოლიმერულ ყუთებში და ინახავენ 2-4°C ტემპერატურაზე. შემდგომში ახდენენ ნაყოფის შოკურ გაყინვას და რეალიზაციას. მაყვალი ქვესახეობის მიხედვით ინახება 2-14 დღე, -0.5-დან – 0°C-მდე ტემპერატურის 90%-ზე მეტი ფარდობითი ტენიანობის პირობებში.
-
ბადრიჯნის ვირუსული დაავადება – კიტრის მოზაიკა 18.01.2019 2326 ნახვა
-
კიტრის ასკოჰიტოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები 18.01.2019 2276 ნახვა
-
თხის ნეკრობაქტერიოზი - აღწერილობა, სიმპტომები და მკურნალობა 04.05.2019 2077 ნახვა