
გამომწვევი – Phoma betae Frank.
დაავადება აზიანებს ჭარხლის ყველა ორგანოს – ფოთოლს, ღეროს და ძირხვენას. პათოგენი ინახება სათესლე მასალაში, დაზიანებულ ძირხვენებსა და მცენარეულ ნარჩენებში.
დაავადების სიმპტომები – დაავადება ძირითადად ჩნდება ზაფხულის შუა პერიოდში. თავდაპირველად კულტურის ქვედა ფოთლებს უჩნდებათ ყავისფერი (წვიმიან ამინდებში შავი ფერის) მომრგვალო ლაქები. დროთა განმავლობაში ლაქები გადადის ზედა ფოთლებზეც. ლაქები იფარება შავი წერტილებით – სოკოს პიკნიდიუმებით. ლაქების დიამეტრი საშუალოდ 1-2 სმ-ს შეადგენს, ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს 3 სმ-მდეც. ლაქები მოგვიანებით იფშვნება და ფოთოლი იფლითება.
ხელშემწყობი პირობების არსებობის შემთხვევაში დაავადება ფოთლიდან ღეროზე გადადის და შესაძლოა ღეროდან ძირხვენის ზედა ნაწილზეც მოხვდეს, მთავარ კვირტთან. ღერო დამოუკიდებლადაც ავადდება – უჩნდება წვრილი თეთრი ლაქები, რომლებიც იფარება პიკნიდიუმებით. ძირხვენის თავზე მოხვედრილი მიცელიუმი იწყებს მცენარის ქსოვილის დაშლას, ვრცელდება სიღრმეში და მთლიანად ალპობს მას.
ფომოზით ასევე ავადდებიან სათესლე მცენარეები. ამ შემთხვევაში ფოთლებზე იგივე პროცესი მიმდინარეობს, რაც ერთწლიან მცენარეებზე. დამატებით კი ნაყოფების დაავადებასაც იწვევს. ამ დროს სათესლე მასალისათვის ანალიზის ჩატარებისას თესლებზე შეინიშნება შავი პიკნიდიუმები.
ბრძოლის ღონისძიებები:
- კულტურათა მონაცვლეობის დაცვა (დაავადების გაჩენის შემთხვევაში ჭარხალი ისე უნდა მოთავსდეს ბრუნვაში, რომ 3-4 წლის განმავლობაში აღარ მოხდეს მისი დაბრუნება დასნებოვნებულ ფართობზე).
- სწორი გამოკვება მინერალური სასუქებით (განსაკუთრებით ბორის დროული შეტანა).
- მცენარეული ნარჩენების განადგურება.
- თესლის დამუშავება შესაბამისი ქიმიური პრეპარატებით.
- ჭარხალი უნდა ინახებოდეს 15-20 კგ – ის ტევადობის მცირე ზომის ყუთებში. ასევე საჭიროა საწყობის დეზინფექცია ქლორკირით (40გრ/1ლ. წყალზე). დეზინფექციის შემდეგ საწყობი 24 საათის განმავლობაში უნდა ნიავდებოდეს. ჭარხლის შენახვისათვის ოპტიმალურ ტემპერატურას წარმოადგენს 0-დან 2ºC-მდე ტემპერატურა და 90-95% ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა.
-
მარწყვის წარმოების აგროტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 3612 ნახვა
-
ატმის შენახვის რეგლამენტები 15.01.2019 2927 ნახვა
-
უნაბი (ჩინური ფინიკი) - დარგვის და მოვლის აგროწესები 19.04.2019 6888 ნახვა