
ადგილის შერჩევა. თხილის ბაღის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა წლებში ინტენსიურად იწარმოებოდა ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები ან ჟოლო.
რელიეფი და ნიადაგის მჟავიანობის არე (pH). თხილი კარგად ვითარდება და მაღალ მოსავალს იძლევა ალუვიურ, თიხნარ, წითელმიწა, უკარბონატო, გაეწრებულ, ეწერლებიან, ტორფიან, ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე. თხილის წარმოებისათვის არახელსაყრელია ქვიშნარი და დაჭაობებული ნიადაგები. ბაღის გაშენებამდე 2-3 თვით ადრე ნიადაგი უნდა მოიხნას, ჩატარდეს მასზე სათოხნი კულტურების, მრავალწლიანი ბალახების, სიდერატების თესვა და ჩახვნა და ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა.
თუ თხილის ბაღის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა თხილი, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა თხილის ახალი ბაღის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები.
თხილის ბაღის გაშენება რეკომენდებულია ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის მინიმალური ტემპერატურა -23°С-მდე არ ეცემა. ბაღი უნდა გაშენდეს დარაიონებული ჯიშებით, ნერგი დამზადდეს აპრობირებული სადედე ბუჩქებიდან.
თხილის ბაღის გასაშენებლად საჭიროა შერჩეული იქნას ქარებისაგან დაცული ადგილი, ან მსგავსი პირობის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა მოხდეს სპეციალური ქარსაცავი ზოლების გაშენება. ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ სამხრეთის ფერდობები უფრო თბილია და ამიტომ ბაღის გაშენება რეკომენდებულია სამხრეთის ან სამხრეთ-დასავლეთი მხარეს არსებულ ფერდობებზე.
ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თხილი ტენის მოყვარული მცენარეა და შესაბამისად, სასურველია მისი დარგვა მდინარეების და ხევების პირას.
თხილის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 5.5-დან 8.0-მდეა.
იმ შემთხვევაში, თუ თხილის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის თხილის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.
ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი pH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.
მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.
ნიადაგის მომზადება ბაღის გასაშენებლად. თავდაპირველად თხილის ბაღების გასაშენებლად გამოყოფილი ნაკვეთი უნდა გასუფთავდეს ქვებისაგან, ბუჩქებისაგან. ამის შემდეგ ტარდება ნაკვეთის მოსწორება და პლანტაჟი 60-70 სმ სიღრმეზე. თუ ნაკვეთი ნატყევარია, პირველ ორ წელიწადს უნდა ჩატარდეს ერთწლიანი სიდერატების თესვა-ჩახვნა, მესამე წელს კი შესაძლებელია თხილის ბაღების გაშენება. ნიადაგის ღრმად დამუშავების წინ უნდა შევიტანოთ (მობნევით) ნაკელი, 30-40 ტ/ჰა-ზე. თხილის ბაღის გასაშენებლად ნიადაგის მომზადება იწყება აგვისტოს ბოლოს (პლანტაჟი, ჯვარედინი გადახვნა, დადისკვა, დაფარცხვა, დაგეგმვა) და მთავრდება ნოემბრის მეორე ნახევარში.
პლანტაჟური ხვნის შემდეგ თხილის დასარგავად გამოყოფილ ნაკვეთს გადახნავენ, მოასწორებენ, ყოფენ უბნებად და დაგეგმავენ. ამოიღებენ 40X40X40 სმ-ის ორმოებს, შეაქვთ ორმოში 8-10კგ. ორგანული სასუქი.
თხილის წარმოებისათვის განსაზღვრული ტერიტორია დაცული, რომ იყოს ქარების უარყოფითი ზემოქმედებისაგან, სასურველია ბაღების გაშენებამდე ორი წლით ადრე მოეწყოს ქარსაფარი ზოლი.
დასარგავი ორმო. ნერგის დასარგავად, საჭიროა დარგვამდე 1-2 თვით ადრე მომზადდეს 50-60 სმ. სიღრმის მქონე და 30-35 სმ. სიგანის ორმოები.
ნერგი. დასარგავად ვარგისი ნერგი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვთა სისტემით და უვირუსო.
დარგვის სქემები:
- 5×3 (ანუ 5 მეტრი რიგებს შორის და 3 მეტრი მცენარეებს შორის).
- 5×4 (ანუ 5 მეტრი რიგებს შორის და 4 მეტრი მცენარეებს შორის).
- 5×5 (ანუ 5 მეტრი რიგებს შორის და 5 მეტრი მცენარეებს შორის).
- 4×4 (ანუ 4 მეტრი რიგებს შორის და 4 მეტრი მცენარეებს შორის).
- 4×3 (ანუ 5 მეტრი რიგებს შორის და 3 მეტრი მცენარეებს შორის).
ვაკე ნაკვეთებზე შესაძლებელია მცენარეთა სხვა სიხშირით განლაგებაც. ვაკეზე რიგის მიმართულება ნებისმიერი შეიძლება იყოს, ხოლო ფერდობ ადგილებზე კი რიგებს ჰორიზონტალური მიმართულება უნდა მიეცეთ. ასევე რეკომენდებულია ტერასების მოწყობაც.
დარგვის დრო: შემოდგომა.
დარგვის წესი. ნერგი აუცილებელია, რომ დარგვისთანავე მოირწყას.
ახალგაზრდა ნარგაობის განოყიერება. გაშენებიდან პირველი ოთხი წლის განმავლობაში სასურველია ორგანული სასუქების (გადამწვარი ნაკელი) შეტანა 10-15 კგ-ის ოდენობით ერთ ძირზე. ორგანული სასუქების შეტანა საჭიროა გაგრძელდეს მომდევნო წლებშიც, იცვლება მხოლოდ შესატანი ორგანული სასუქების დოზები: 4-დან 6 წლამდე ასაკის ბაღებში საჭიროა შეტანილი იქნას 15-20 კგ. ორგანული სასუქი ერთ ძირზე, ხოლო 6-დან 8 წლამდე ასაკის ბაღებში, კი საჭიროა 20-30 კგ. ორგანული სასუქების შეტანა ერთ ძირზე.
სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური-ლაბორატორიული ანალიზით, რომელიც აუცილებელია რომ ჩატარდეს თხილის პლანტაციის გასაშენებლად განკუთვნილ ნაკვეთში.
-
ვაზის წამლობების ტაბულა 17.09.2019 1955 ნახვა
-
ბალი - მოსავლის აღება-შენახვის რეგლამენტები 17.01.2019 2907 ნახვა
-
კიტრის ნაცარი - სიმპტომები და პრევენცია 17.01.2019 4251 ნახვა